კალათბურთი

16:18 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ოვერტაიმი ქუთაისთან

ქუთაისი გამორჩეული საკალათბურთო ტრადიციების ქალაქია. ,,ქუთაისი 2010’’ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც ნებისმიერ ტურნირზე პირველობის კანდიდატთა შორის მოაზრება. ქუთაისის 20-წლამდელთა გუნდს ასევე წარმატებული სეზონი ჰქონდა, მათ 20-წლამდელთა გათამაშების ფინალი ითამაშეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ლევან გრძელიძეს კი რაჟიკო დარბაიძის სახელობის თასი გადაეცა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო დამცველისთვისაა განკუთვნილი.

,,ქუთაისის’’ გუნდის ლიდერებს, ლევან გრძელიძეს, გიორგი ცირეკიძეს და უჩა გამრეკლიძეს ჩემპიონატსა და მათ საკალათბურთო ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

 

20-წლამდელთა 2013-2014 წლების სეზონი

გიორგი ცირეკიძე: ვფიქრობ, წლევანდელი სეზონი ისეთი დაძაბული არ ყოფილა, როგორიც შარშანდელი. წელსაც ცოტა გუნდი მონაწილეობდა და ვისურვებდი, მომავალში უფრო მეტმა გუნდმა მიიღოს ჩემპიონატში მონაწილეობა. თამაშები 4 წრედ ჩატარდა და ეს ძალიან კარგია, თუმცა გუნდების რაოდენობის მომატება აუცილებელია კალათბურთის განვითარებისთვის.

ლევან გრძელიძე: სასურველი იქნებოდა მეტი გუნდი და მეტი თამაში ყოფილიყო ჩემპიონატში. ეს მოთამაშეების კარიერისთვის და მათი გამოცდილებისთვის აუცილებელია.

უჩა გამრეკლიძე: ვეთანხმები ბიჭებს, გუნდების ნაკლებობას ის შედეგი მოაქვს, რომ ახალგაზრდები ვერ ვითარდებიან. მეტი თამაში და მეტი დატვირთვა თაამაშის ხარისხზეც აისახება და სუპერლიგასაც უფრო გამოცდილი და განვითარებული ახალგაზრდა მოთამაშეები შეემატებიან.

გიორგი ცირეკიძე: გუნდში ძალიან კარგი პირობები გვაქვს, დიდ ყურადღებას გვაქცევენ და არაფერი გვაკლია. დიდ გუნდთან ვსპარინგობთ ხოლმე, ვვარჯიშობთ ტრენაჯორებზე, ბასეინზე, დარბაზში. განწყობაც საკმაოდ კარგია როგორც ჩვენთან, ისე უმაღლესი ლიგის ბიჭებში. ყველანაირი პირობა გავქვს შექმნილი იმისთვის, რომ განვვითარდეთ და კარიერულ წინსვლაზე ვიმუშაოთ.

ლევან გრძელიძე: გუნდში სტაბილური სიტუაციაა, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, ვემზადებით ფიზიკურად, ტრენაჟორებსა და ბასეინზე. ყველაფერი მოწესრიგებული და აწყობილი. სუპერლიგის გუნდის ბიჭებისგან ბევრს ვსწავლობთ, ისინი თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ.

უჩა გამრეკლიძე: მადლობელი ვართ ქუთაისის კლუბის ხელმძღვანელობის. ყველანაირად ხელს გვიწყობენ, მაქსიმალურად კარგ პირობებს გვიქმნიან, ხშირად დიდებთან ვთამაშობთ და ეს გამოცდილებას გვმატებს.

გიორგი ცირეკიძე: სუპერლიგაში გვეძლევა სათამაშო დრო და ეს იმდენ გამოცდილებას გვმატებს, რომ ჩვენს ასაკში უფრო თავისუფლად და გახსნილად ვთამაშობთ. ვფიქრობ, სუპერლიგაში საჩემპიონო გუნდი გვყავს, ძალიან დიდი შანსები გვაქვს, ახლა ბიჭები საპლეიოფო მომზადებას გაივლიან და მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდებიან ახალ ეტაპს. მინიმუმ, ფინალში უნდა ვითამაშოთ.

ლევან გრძელიძე: დიდებთან სპარინგი ხშირად გვიწევს და ეს ახალგაზრდა მოთამაშეებზე დადებითად მოქმედებს. ჩემი აზრით, დიდ გუნდს სერიოზული შანსები აქვს, მოვემზადებით პლეი ოფებისთვის და იმედია, სასურველ შედეგს ვაჩვენებთ.

უჩა გამრეკლიძე: შეწყობილი გუნდია, ბიჭები დიდი ხანია ერთად არიან, შეთამაშება არ აკლიათ და ამიტომ უადვილდებათ სხვებთან თამაში. სხვა გუნდებს ლეგიონრებთან შეთამაშება უფრო უძნელდებათ, ჩვენს გუნდს კი ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, რადგან თითქმის ყველა ქართველი მოთამაშე გვყავს. ბოლო ტურში ,,დინამო’’ დაამარცხეს, რომელსაც 4 ლეგიონერი ჰყავს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს, იმედია, მიაღწევენ მიზანს.

გიორგი ცირეკიძე: ქუთაისში ვცხოვრობთ და ამიტომ ნაკრების ვარჯიშებზე ჯერ ვერ ჩამოვდივართ. შარშან ,,ა’’ დივიზიონში ვიყავით, სადაც ძალიან ძლიერი გუნდები ასპარეზობდნენ. მართალია ,,ბ’’ დივიზიონში გადმოვედით, თუმცა ყველა თამაშზე გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, შანსები წელს ნამდვილად გვაქვს. ბიჭეიბი უცხოეთიდან ჩამოვლენ, დაგვეხმარებიან და ჩვენი მიზანი ,,ა’’ დივიზიონში გადასვლა იქნება.

ლევან გრძელიძე: იმის გამო, რომ ქუთაისში ვცხოვრობთ და ვთამაშობთ, ხშირად ვერ ვახერხებთ ჩამოსვლას, აქ ძალიან დატვირთულები ვართ და დროც არ გვრჩება. თუმცა მალე შეკრება იქნება, დაძახებულები ვართ ნაკრებში, ბიჭებიც ჩამოვლენ და ვფიქრობ, კარგი გუნდი შეიკრიბება.,,ა’’ დივიზიონში დაბრუნების შანსები გვაქვს.

უჩა გამრეკლიძე: 20-წლამდელთა ნაკრებში არ მიასპარეზია, 16 და 18-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებებში ვიყავი და იმედია, წელსაც მოვხვდები. წარმატებებს ვუსურვებ გუნდს, ვფიქრობ იმედებს გავამრთლებთ.

 

გულშემატკივრობა

გიორგი ცირეკიძე: ქუთაისს ძალიან ძლიერი გულშემატკივრობა ჰყავს. ეს ერთი კაცის, ავთანდილ ჭეიშვილის და მისი მეგობრების დამსახურებაა. ქუთაისი პატარა ქალაქია, რომელსაც ერთი გუნდი ჰყავს და მას მთელი ქალაქი აქტიურად გულშემატკივრობს. მაყურებელი მეექვსე მოთამაშეა და არის თამაშები, როცა მატჩის ბედს სწორედ გულშემატკივრები წყვეტენ.

ლევან გრძელიძე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ქომაგებს ასეთი გვერდში დგომისთვის, არც ერთ თამაშს არ ტოვებენ და ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან. ქუთაისში კალათბურთი ძალიან უყვართ, დარბაზი ყველა თამაშზე ივსება და ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. გულშემატკივარი მართლაც მეექვსე მოთამაშეა და ეს მეექვსე მოთამაშე გვეხმარება წარმატების მიღწევაში.

უჩა გამრეკლიძე: ქუთაისში მართლაც გამორჩეული გულშემატკივრობა იციან, კალათბურთი აქ განსაკუთრებულად უყვართ და ძალიან ბევრი ხალხი დადის თამაშებზე. იმედია, ეს ტრადიცია გაგრძელდება და კალათბურთის სიყვარული ქუთაისში არ დაიკარგება.

რას ისურვებდით ქართულ კალათბურთში

გიორგი ცირეკიძე: ჩვენს კალათბურთს ძალიან აკლია მოთამაშეების რაოდენობა, გვჭირდება სათანადო სპონსორები, გუნდებს უნდა შეეძლოთ უცხოელი მოთამაშეების და სპეციალისტების ჩამოყვანა, მათგან ქართველები ბევრს ვისწავლით და ეს ისევ ქართულ სპორტს გამოადგება.

ლევან გრძელიძე: პირველ რიგში, გუნდების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და თამაშების რაოდენობამ მოიმატოს, ახალგაზრდების გამოცდილებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, უნდა ეწყობოდეს სემინარები, კემპები. უნდა შეგვეძლოს უცხოეთში წასვლა, იქ გამოცდილების მიღება, ჩვენი კარიერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

უჩა გამრეკლიძე: მართლაც ცოტაა გუნდებიც და კემპებიც, უცხოეთში წასვლა ძალიან სასარგებლო იქნებოდა მოთამაშეების განვითარებისთვის. გუნდებს მეტი სპონსორი უნდა გამოუჩნდეთ, რათა ჩემპიონატში მეტი პროფესიონალი გამოჩდნეს და დონემაც მოიმატოს. იმედია, ქართული კალათბურთი კიდევ უფრო განვითარდება.

 

www.superleague.ge

0.129793