რაგბი

12:33 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდები ევროპისთვის საფრანგეთში მოემზადებიან

 

საქართველოს მორაგბეთა 19-წლამდელთა ნაკრები, ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე ემზადება და მიზნად არა მხოლოდ მისი მოგებით მსოფლიო თასის “ალაფის” მოგება აქვს დასახული, არამედ “ალაფაზე” პირველობით 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრას გეგმავს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართანიანმა და ნაკრების ხელმძღვანელობამ, შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით მზადების გეგმა შეიმუშავა და აგვისტოს მიწურულს საფრანგეთში ოთხთა ტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას.

დავით ვართანიანი: “ახალგაზრდულმა ნაკრებმა მზადების ერთი ეტაპი დაასრულა. ორკვირიანი შეკრება გავიარეთ და ბიჭები 3 ივლისს დავითხოვეთ. 20 ივლისიდან კიდევ ერთკვირიან შეკრებას ვგეგმავთ და ორი ამხანაგური თამაშის ჩატარება გვინდა. ერთი უკვე დაგეგმილი გვაქვს და კარგი იქნება მეორეც თუ გამოვა. მერე ბიჭები კლუბებს შეუერთდებიან, 16-იდან 20 აგვისტომდე კი, კვლავ შევიკრიბებით და მოვემზადებით საფრანგეთში, კლერმონფერანში გასამართი ოთხთა ტურნირისთვის, სადაც “კლერმონის”, “ლონდონ აირიშისა” და “მანსტერის” 20-წლამდელთა გუნდების წინააღმდეგ ვითამაშებთ.

ეს იქნება ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის. მადლობა ირაკლი აბუსერიძეს, რომელმაც პირადი კონტაქტებით გაგვიხერხა ეს ტურნირი. საფრანგეთში 25 აგვისტოს მივდივართ და ერთი კვირა იქ დავრჩებით. მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა, შარშან “ალაფაზე” თამაშით უდიდესი გამოცდილება მივიღეთ და მათი გათვალისწინებით, წელს შედეგზე ვიქნებით ორიენტირებული. ვნახეთ, რომ მეტოქეები სულაც არ არიან დაუძლეველი და ჩვენი ახალგაზრდები სხვებზე ნაკლებ რაგბის არ თამაშობენ. არ მსურს წინასწარ საუბარი, მაგრამ მწამს, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ”.

2015 წლის გაზაფხულზე გასამართი 20-წლამდელთა მსოფლიო “ალაფამდე” ევროპის ჩემპიონატია და იქ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ პირველობა მართებს, რათა “ალაფის” საგზური მოიპოვოს. ევროპის ჩემპიონატი ოქტომბერის ბოლო კვირაში გაიმართება და მეოთხედფინალში “უმცროსი ბორჯღალოსნების” მეტოქე ჰოლანდია იქნება, გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი-პოლონეთის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო ფინალში პორტუგალიის, ბელგიის, ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებებიდან ერთ-ერთან მოუწევთ შეხვედრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114604