ძიუდო

20:40 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ჭრიკიშვილმა მონპელიე დაადუმა

ქართველმა ძიუდოისტმა ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა


ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა 81 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოახერხა. ჭრიკიშვილმა ფრანგული მონპელიეს ტატამზე მასპინძელთა ფავორიტი ლორიკ პიეტრი დიდებული იპონით დასცა და მცირერიცხოვანი ქართველი ქომაგები, რომელთა შორის მამუკა გორგოძე და “მონპელიეს” სხვა ქართველი მორაგბეები იმყოფებოდნენ, აღტაცებაში მოიყვანა.

ჭრიკიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პიეტრისთან მარცხი შემთხვევითობა გახლდათ და პრინციპულ მეტოქეს კიდევ ერთხელ სძლია. შეხვედრის დასრულებამდე ათიოდ წამით ადრე, როდესაც მეტოქეებს ორ-ორი გაფრთხილება ჰქონდათ და მსაჯები პასიური ფრანგის მესამედ გაფრთხილებას არაფრის დიდებით აპირებდნენ, ავთომ ლორიკი ბრწყინვალე იპონით დაანარცხა...

ჭრიკიშვილი საქმეში მე-2 რაუნდიდან ჩაება და გერმანელ ალექსანდერ ვიეჩერაკს გაფრთხილებებით აჯობა, მეოთხედფინალში ასევე დაჯაბნა ბერძენთა ქართველი რომან მოსტოპულოსი (ცნობილი ქართველი ძიუდოისტის გიორგი რევაზიშვილის ვაჟი), ხოლო ყველაზე ლამაზად მერვედფინალში იჭიდავა, სადაც მეტოქედ რუსი სირაჟუდინ მაგომევოდი ჰყავდა. ქართველი მეტოქეს ვაზარით ჩამორჩა, თუმცა, იგივე იგივე ილეთი თავადაც შეასრულა, შემდეგ კი რუსი ჩინებული იპონით დასცა. ნახევარფინალში ავთანდილს და ბელარუს ალიაკსანდრ სტიაშენკას თითო-თითო იუკო ჰქონდათ, თუმცა, გაფრთხილებები მეტი მეტოქეს აღმოაჩნდა და ფინალში ქართველი გავიდა.

73 კგ. წონით კატეგორიაში მეოთხედფინალამდე წარმატებულად იარეს ზებედა რეხვიაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა, იქ კი, ორივეს მარცხი შეემთხვა.

რეხვიაშვილმა გზად ჩეხ იაკუბ იეჩმინეკს იუკოთი, ხოლო იტალიელ ანდრეა რეჯისს გაფრთხილებებით აჯობა, სლოვენიელ ევროპის მოქმედ ჩემპიონ როკ დრაკშიჩთან კი პირწმინდად დამარცხდა. ზებედა მეტოქეს ვაზარით ჩამორჩა, შემდეგ კი შებოჭვაზე მოჰყვა და რატომღაც ჩეხს წამიერად დანებდა...

მეოთხედფინალში ფრანგ უგო ლეგრანთან ფაქტობრივად მოგებული შეხვედრა დათმო ტატალაშვილმა. მასპინძელს 2 გაფრთხილება ჰქონდა მიღებული და ქართველს ვერაფერს უხეხებდა, თუმცა, ჩვენებური ვაზარიზე მაინც დააგდო და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მანამდე ტატალაშვილმა რუს მუსა მოგუშკოვს 56 წამში იპონით აჯობა, ლატვიელი დმიტრის ფედოსეინკოვსი კი 4-ჯერ გააფრთხილეს და ბრძოლიდან მოხსნეს.

რეპეშაჟში ტატალაშვილი და რეხვიაშვილი ერთმანეთს გადაეყარნენ და ნუგზარმა გაფრთხილებების წყალობით იმარჯვა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი, მას და უნგრელ მიკლოშ უნგვარის სამ-სამი გაფრთხილება ჰქონდათ, როდესაც მეტოქემ ქართველი შებოჭვაზე დაიჭირა და წმინდად იმარჯვა.

26 აპრილს ევროპის ჩემპიონატში დარჩენილი 3 წონით კატეგორიის წარმომადგენლები ჩაებმებიან. 90 კგ-ში პირველ ნომრად განთესილი ვარლამ ლიპარტელიანი ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაებმება, სადაც უკრაინელ ვადიმ სინიავსკის და სერბ ალეკსანდარ კუკოლს შორის უმჯობესს გაეჯიბრება. ამავე წონაში ზვიად გოგოჭური, რომელიც ბადის ქვედა ნახევარშია, ასევე მე-2 რაუნდში უკრაინელ ქუედაუ ხაბალის და ებრაელი პეტერ პალჩიკის წყვილში გამარჯვებულს დაელოდება.

საქართველოს ნაკრებს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს 100 კგ-ში. გურამ თუშიშვილს თავიდანვე ძლიერი მოწინააღმდეგეები ელის. ქართველი ძიუდოისტი ჯერ უკრაინელ დმიტრო ლუჩინს შეერკინება, წარმატების შემთხვევაში კი, უმთავრეს ფავორიტ – მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ აზერბაიჯანელ ელხან მამადოვთან ჭიდილი ელის.

მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილი და ლევან მათიაშვილი ბადის ერთ მხარეს იმყოფებიან და შესაძლოა, ერთმანეთს ნახევარფინალში გადაეყარონ. ოქრუაშვილი მე-2 წრეში ავსტრიელ დანიელ ალერსტორფერს და უკრაინელ ოლეკსანდრ გორდიენკოს შორის უმჯობესს დაელოდება, ხოლო მათიაშვილი ბრძოლას ასევე მე-2 რაუნდში ესტონელ იუჰან მეტისთან დაიწყებს.

 

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. მონპელიე (საფრანგეთი)

73 კგ.

1. დაქს ელმონტი (ჰოლანდია)

2. უგო ლეგრანი (საფრანგეთი)

3. როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

3. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)

5. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

7. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

 

81 კგ.

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2. ლოიკ პიეტრი (საფრანგეთი)

3. შაბოლჩ კრიშანი (უნგრეთი)

3. სვენ მარეში (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119695