ბლოგი

10:08 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

აქა ამბავი შვილთან ერთად “დინამოს” თამაშზე წაფრატუნებისა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ავიტეხე, ბავშვი ფეხბურთზე უნდა წავიყვანო – მეთქი. ხომ იცით, ჩვეულებრივი ქართულ-მატრაკვეცული ამბავია – ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ დავყავდით უფროსებს სტადიონზე ფეხბურთის სანახავად და გვინდა, რომ ეს ემოციები ჩვენმა შვილებმაც გამოსცადონ. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენ დროში ვართ გაჭედილები და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ ახლა სხვა დროა და დღეს ბავშვის სტადიონზე წაყვანა როგორც წესი ნერვების მოშლითა და გულისხეთქვით მთავრდება. წაგებას ვინ ჩივის? ეს ვიღას გვიკვირს? უბრალოდ, ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ჩვენი გუნდების თამაშის ცქერაც გაუსაძლისი ხდება და სულ იმის ფიქრში ხარ, როდის მორჩება ეს ვაება, რომ სახლისაკენ წაფრატუნდე დაბოღმილი და ნერვებმოშლილი.

“დინამო”-“აქტობეს” მატჩის ბილეთები საკმაოდ იაფი ღირდა (3 ლარი) მაგრამ ამის მიუხედავად თვალში გეცემოდათ უბილეთო ახალგაზრდების სიმრავლე, რომლებიც ფულის გადაუხდელად ცდილობდნენ სტადიონზე შეღწევას. პატარები ყველანი ვყოფილვართ და უბილეთოდ ყველა ერთხელ მაინც ავმძვრალვართ “დინამოს” რკინის ღობეებზე, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როდესაც სოლიდურად ჩაცმულმა ბიძაკაცმა გამაჩერა და ხმადაბლა მკითხა: ”ზედმეტი ბილეთი ხომ არ გაქვსო”. შე დალოცვილო, რა ზედმეტი ბილეთი... სულ 3 ლარი ღირს ეს ოხერი. ამოტოლა ძვირფასი ოქროს ჯაჭვი რომ ჩამოგიკიდია ყელზე, განა რა 3 ლარის გადაუხდელობა გჭირს ასეთი? რა იყო, 14 წლის ხარ? მოკლედ, მაზალო ვინმე იყო ის კაცი და ისევე კოხტად გავისტუმრე, როგორც ჩვენ გამოგვისტუმრეს ნატოს ჩიკაგოს სამიტიდან.

სტადიონზე ხალხი ძალიან ცოტა იყო. უმეტესობას ყმაწვილკაცობა და ბიჭ-ბუჭობა შეადგენდნენ. სასიხარულო კი ის იყო, რომ გოგონების რიცხვი ჩვენს სტადიონებზე მისულ ქომაგთა შორის თანდათან პროცენტულად ძალიან მრავლდება და იქნებ ამით მაინც დავემსგავსოთ ჩვენთვის ასე ხელიხელსაგოგმანებ ევროპას.

გაბრიელს (ჩემს შვილს) ყველაზე მეტად, მატჩის დაწყების წინ, მინდვრის მწვანე საფარიდან ამოსული წყლის შადრევნები მოეწონა. მთელი ათი წუთი, იმას ვუხსნიდი, რატომაა კარგი ავტომატური, წვეთოვანი სისტემით რწყვა მცენარეებისათვის და რატომ არის გადმახმარი ქართულ სტადიონებზე მინდვრების აბსოლუტური უმრავლესობა.   

ჩვენს წინ ფეხბურთელი იჯდა. მოქმედი ანდა ყოფილი. მე ის სახეზე ვერ ვიცანი, მაგრამ ფეხბურთელი რომ იყო იმით მივხვდი, გვერდით მჯდომ ქალს დარდიანი ხმით ეუბნებოდა: “ჩემი პაცებიები” ხომ გახსოვსო?”. სამწუხაროდ, ვერ გავიგე იმ ქალის პასუხი და ვერ გავარკვიე ახსოვდა თუ არა ფეხბურთელის “პაცებიები”, მაგრამ ძალიან კი მოგვიშალეს ნერვები. როდესაც თამაში დაიწყო, ის ფეხბურთელი (თუ ყოფილი ფეხბურთელი) მთელი თამაშის განმავლობაში (აქოდა, ნამეტანი ვნერვიულობო) ფეხზე იდგა, შტერულ ფრაზებს ისროდა და თამაშის (თან რა თამაშის!) ცქერაში გვიშლიდა ხელს, რამაც ჩვენი და უკან მჯდომების გულისწყრომა გამოიწვია. მაგრამ საქმეში ხარ? ბოლომდე მაინც იგივეს აგრძელებდა. ასეთი სიჯიუტე ფეხბურთის თამაშისას რომ გამოემჟღავნებინა, მინიმუმ სახეზე ხომ მაინც ვიცნობდით?...

თამაში დასრულებას ბოლომდე არ დავლოდებივართ და ერთ-ერთი პირველები ჩვენ წამოვედით. მიხაროდა, რომ გაბრიელი ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე არაფერს ამბობდა და ამჯერად ის აინტერესებდა, უზარმაზარი ელექტროტაბლო სტადიონის კიდეზე ვინ ჩამოკიდა და რომ ჩამოვარდნილიყო რა მოხდებოდა. ზოგჯერ მართლაც დიდი ბედნიერებაა, მხოლოდ ხუთი წლის რომ ხარ და სტადიონზე ჩვენი ფეხბურთელების ტანჯვა-წამებაზე მეტად სხვა, უფრო ფერადი და კრეატიული რამეები გაინტერესებს.

თავად ფეხბურთზე მე რა უნდა გითხრათ? თქვენ ჩემზე უკეთ იცით რაც გვჭირს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112254