ინტერვიუები

16:21 | 24.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: “სიმშვიდე არასდროს დამიკარგავს”

ტურინის “იუვენტუსის” თავკაცის სახელი და გვარი ბოლო დროს ყველაზე ხშირად ისმოდა. მან ჯერ “ბებერ ქალბატონს” იტალიის სერია A მოაგებინა, მერე კი, იტალიურ ფეხბურთში უკვე მერამდენედ აგორებულ საფეხბურთო სკანდალს დაუკავშირეს და დაკითხვაზეც დაიბარეს.
თავად კონტე ამბობს, რომ ის ამ საკითხში უდანაშაულოა და გამომძიბელთა შეკითხვებსაც ამომწურავად გასცა პასუხი. მას სიმშვიდე წამითაც დაუკარგავს, ახლა კი, ახალი გუნდის მშენებლობითაა დაკავებული. საგულისხმოა, რომ ვარჯიშების შემდეგ კონტეს ხელმოწერის მიღების მოსურნენი მრავლად არიან და ანტონიოც ავტოგრაფებს ღიმილით არიგებს. მან ერთგვარი რეკორდიც დაამყარა - დილის და საღამოს ვარჯიშების შემდეგ, ავტოგრაფებს ჯამში 77 წუთის განმავლობაში არიგებდა.
- 28 მაისს განაცხადეთ: “ყველას მშვიდ ზაფხულს გისურვებთ, ვფიქრობ, ჩემთვის სწორედ ასეთი იქნება”. ასე გამოვიდა?
- ყოველთვის მწამდა, რომ ყველაფერს ისე გამოიძიბდნენ, როგორც საჭირო იყო. ამის მჯეროდა ყველაზე რთულ და მტკივნეულ პერიოდშიც. როგორც იქნა, დაკითხვაზე ავუხსენი ის, თუ როგორ ვხედავ შექმნილ სიტუაციას და ყველა პუნქტი ღირსეულად ავხსენი. ადამიანი ღირსეულ ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობს და მთელი 42 წელი სწორედ რომ თირსეულად ვიცხოვრე. “იუვენტუსის” პრეზიდენტმა, კლუბმა, მისმა 14-მა მილიონმა გულშემატკივარმა, კარგად იციან, რა ადამიანია მათი მწვრთნელი. იმედია, ახლა ეს სხვებმაც გაიგეს. მე სუფთა სინდისი მაქვს და ამიტომ, ზაფხულიც მშვიდი მქონდა.
- “იუვენტუსის” მწვრთნელი რომ არ ყოფილიყავით, ამ საქმესთან დაკავშირებით თქვენი გვარი მაინც ამოტივტივდებოდა?
- ამ თვენახევრის განმავლობაში რა არ ვიფიქრე, მაგრამ სიმშვიდე არ დამიკარგავს, რადგან ვიცოდი, გამოძიება სერიოზულად მიდიოდა.
- არ გიფიქრიათ შეთანხმებაზე წასვლა? - გეღიარებინათ ყველაფერი, რათა მკაცრად არ დაესაჯეთ?
- მე ეს საკითხი არ მეხებოდა. მოვა დრო და ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით. ახლა იქნებ ფეხბურთზე გვესაუბრა...
- ვისაუბროთ ფეხბურთზე. ახალი “იუვენტუსი” დელ პიეროს გარეშე - როგორი შეგრძნებაა?
- ალე ძველებურად ჩვენთანაა. უცნაურია, როდესაც მას გვერდით ვერ ხედავ, რადგან აქ ამდენი წელიწადი გაატარა. მადლობა მას ყველაფრისთვის. აზრობრივად ის ჩვენთანაა, მაგრამ საჭიროა მომავლისკენ იხედებოდე. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.
- როგორი განწყობით ხვდება “იუვენტუსი” ახალ სეზონს?
- ისეთივეთი, როგორც გასულს. ჩვენი ჩვენი თვისებები არ დაგვიკარგავს - მორიდებულობა, მუშაობის სურვილი, ფიქრი, “ჩვენ” და არა “მე”.
- სატრანსფერო ბაზარზე განხორციელებული ქმედებების შემდეგ ჩნდება განცდა, რომ “იუვენტუსსა” და სხვა გრანდებს შორის მანძილი კიდევ უფრო გაიზარდა. მეთანხმებით?
- ვფიქრობ, ხმაურიანმა გაყიდვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გასულ სეზონში “იუვენტუსმა” რაღაც განსაკუთრებული ჩაიდინა. ფაქტია, რომ სხვებს ჰყავდათ და არა ჩვენ 50 მილიონიანი მოთამაშეები. ნებისმიერ შემთხვევაში, ძნელია უარის თქმა, როდესაც ამხელა თანხას გთავაზობენ.
- “იუვენტუსი” აშკარა ფავორიტია?
- სახლს, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, უკვე აქვს მყარი ფუნდამენტი, მაგრამ თავად მშენებლობა ჯერ დასრულებული არაა. ამიტომ, ზედმეტი აღფრთოვანება არ გვარგებს. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, გავიმყაროთ პოზიციები იტალიაში, დავამტკიცოთ, რომ გასული წელი შემთხვევითობა არ იყო. არის ჩემპიონთა ლიგა, რომელზეც ვეცდებით რაც შეიძლება კარგად გამოვიდეთ და არ დავივიწყებთ იტალიის თასს. არ შეიძლება დაივიწყო ის, რითაც დაიწყე და რამაც მიგიყვანა გამარჯვებამდე.
- “ვარსკვლავების” შეძენის დრო არ დადგა?
- ჩვენი შენაძენებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. მე მჭირდება მაღალი დონის ფეხბურთელები, ოღონდ არა დახარჯული თანხიდან გამომდინარე, არამედ მოედანზე ნაჩვენები თავგანწირვით, ისეთები, როგორიც იყო შარშან ვიდალი. ყველამ კარგად ვიცით, როდესაც ფული არაა, იგებს გონება.
- ვისაუბროთ ახალ ფეხბურთელებზე და დავიწყოთ ლუსიოთი.
- დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც გამარჯვებები წყურია. მოხარული ვარ, გულშემატკივრებმა ასე რომ მიიღეს. შესაძლოა, 10 წელი მაღალ დონეზე თამაშობდე, მაგრამ ძნელია, როდესაც ახალ გუნდში გადადიხარ: უნდა აითვისო ახალი იდეები, ახალი პროექტი, ახალი ფერები. ლუსიოს ჩინებული სეზონი ექნება.
- ასამოა და ისლა?
- ისინი იყვნენ ჩვენი უმთავრესი სამიზნე და ორივე ფეხბურთელი მივიღეთ. ორივე კარგია, როგორც ტექნიკური, ასევე პიროვნული თვალსაზრისით. ახალ “იუვენტუსში” არ იქნება ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა, იქნება ერთიანი გუნდი და კონკრეტული თამაშის წინ გადავწყვეტ, თუ რომელი ფეხბურთელების დაყენება მომიტანს გარანტირებულ გამარჯვებას.
- ჯოვინკო?
- ძალიან გვსურდა მისი დაბრუნდება, როგორც პირადად მე, ასევე, კლუბს. ის კარგია ერთ-ერთზე, სწრაფია, თავად გააქვს და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. მან იცის რა სურს და მომატებაც შეუძლია.
- ვის მისცემთ 10 ნომრიან მაისურს?
- მე და კლუბს ეს ჯერ არ გადაგვიწყვეტია.
- თქვენ არ გადაწყვეტთ?
- არა, საკუთარ თავს ამდენის უფლებას ვერ მივცემ. შეიძლება ეს ნომერი კლუბის ხელმძღვანელობიდან ერგოს ვინმეს...
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.097609