ფეხბურთი

16:07 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: “ვერ წარმოვიდგენდი, გვარდიოლა “ბარსაში” გადასვლას რომ შემომთავაზებდა”

ანდრეა პირლომ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც დაწერა, 2010 წელს საკუთარ რიგებში ჩემი გადაბირება კატალონურ “ბარსელონას” სურდაო. “მილანის” ყოფილ და “იუვენტუსის” ამჟამინდელ ვარსკვლავს ინტერვიუ ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ჩამოართვა და ძირითადად 4 წლის წინანდელ ამბავზე ჰკითხა.

- “ბარსელონაში” გადასვლა პირადად პეპ გვარდიოლამ შემოგთავაზათ?

- დიახ, მან საკუთარ კაბინეტში მიმიწვია და “კამ ნოუზე” გადაბარგებაზე დათანხმებას მთავაზობდა. გვარდიოლამ გამართული იტალიურით დამიწყო საუბარი. პეპი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, შემდეგ კი საკმაოდ ვრცლად მელაპარაკა “ბარსელონაზე” და მითხრა – განსაკუთრებული გუნდი შევკარი, რომელსაც სრულყოფილ მექანიზმს თუ შევადარებთო. ჩვენ ისედაც მეტად ძლიერები ვართ, შენ კი ჩავის, ინიესტას და ბუსკეტსის პარტნიორობისას კიდევ უფრო მაღალ დონეზე ათამაშდები. მსოფლიო დონის ფეხბურთელი ხარ და ყველა წინაპირობა გაქვს, “ბარსელონაშიც” საუკეთესოდ რომ იასპარეზოო.

- “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის წინადადება თქვენთვის მოულოდნელი იყო?

- ძალიან. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში კრინტი ვერ დავძარი, მხოლოდ პეპს ვუსმენდი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, გვარდიოლა მის გუნდში გადასვლას თუ შემომთავაზებდა. ამასთან, პეპის სიტყვებმა გამახარა და კმაყოფილი დამტოვა.

- “ბარსელონაში” კარიერის გაგრძელებაზე თანახმა იყავით?

- ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ბარსელონაში ხოხვითაც ჩავიდოდი. იმხანად კატალონელებს პლანეტის საუკეთესო გუნდი ჰყავდათ და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი “კამპ ნოუზე”. აღფრთოვანებული ვიყავი “ბარსას” თამაშით. ჩვენ უკვე ველაპარაკეთ “მილანს”, მაგრამ კლუბს შენი გაშვება არ სურს, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით და დიალოგს გავაგრძელებთ – მითხრა გვარდიოლამ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მოლაპარაკება შედგა, თუმცა, მაშინ “როსონერიმ” ჩემთან განშორება არაფრისდიდებით არ ისურვა. იმხანად, “მილანს” ჩემი შესაძლებლობებისა სწამდა, შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობამ სხვა თვალით შემომხედა და საბოლოოდ ტურინის “იუვენტუსში” აღმოვჩნდი.

- “იუვენტუსთან” ახალი კონტრაქტი წლეულს 12 იანვარს გააფორმეთ. ტურინში კიდევ 2 წელი ითამაშებთ?

- ვფიქრობ, 2016 წლის ივნისამდე “ბიანკონერისთვის” სარგებლობის მოტანას შევძლებ და სავარაუდოდ, ამის შემდეგ ფეხბურთიდანაც წავალ. აი, “სკუადრა აძურას” კი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დანამდვილებით დავემშვიდობები. ბრაზილიის მუნდიალის შემდეგ იტალიის ეროვნულ გუნდში გზას ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავულოცავ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121087