ბლოგი

10:05 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამბები “სან ლორენცოზე”

 

”სან ლორენცოს” მიერ ლიბერტადორესის თასის აღებიდან საკმაო დრო გავიდა. ერთი შეხედვით ემოციებიც ჩაცხრა და ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რომის პაპის საყვარელ კლუბად სახელდებული “სან ლორენცო” მთელს ლათინურ ამერიკაში მითქმა-მოთქმის საგანი გახდა და ზოგიერთები იმასაც კი ამბობენ, რომ მავანმა “ბნელში მოფუთფუთეებმა” რომის პაპის გულის მოგება გადაწყვიტეს და “სან ლორენცოს” თასი “უყიდესო”.

სჯობს, ეს მოსაზრება თავიდანვე დიდ სისულელეს მივაწეროთ და იმ მრავალი ადამიანის პოზიცია გავიზიაროთ, რომლებიც “სან ლორენცოს” დამსახურებულ ჩემპიონად მიიჩნევენ. რომის პაპისა და გავლენიანი ხალხის ქომაგობა მართლაც რომ ძალიან დაეხმარა ამ კლუბს, რაც სპონსორების სიმრავლეშიც გამოიხატება. ბუნებრივი ამბავია – ყველას სურს ცნობილი და წარმატებული კლუბის დასპონსორება თუნდაც იმიტომ, რომ ამით საკუთარ იმიჯსაც აიმაღლებენ.

როდესაც ფინანსების მხრივ პრობლემები არ გაქვს (თან ლათინურ ამერიკაში, სადაც რბილად რომ ვთქვათ არც ისე დალხენილი ეკონომიკური სიტუაციაა) უკვე ბუნებრივად მოდის წარმატებების მიღწევის ამბიცია. ამას მოჰყვება კარგი ფეხბურთელების ყიდვა და კარგი მწვრთნელის გადმობირების სურვილიც. ”სან ლორენცოს” მწვრთნელი ედვარდო ბაუზა სამართლიანად ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად. მას სტილითა და ქარიზმით პორტუგალიელ ჟოზე მაურინიოს ადარებენ და ყველა აღიარებს, რომ ბაუზას შეუძლია თუნდაც მწირი რესურსებით დიდი წარმატებების მიღწევა. ”სან ლორენცო” კი როგორც უკვე ვთქვით, რესურსებისა და სახსრების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.

ახლა მოდით ისიც ვთქვათ, რა კლუბია ეს “სან ლორენცო” და როგორ მივიდა მისთვის ისტორიულ, პირველად მოპოვებულ ლიბერტადორესის თასამდე. ”სან ლორენცოს” საწვრთნელი ბაზა და სტადიონი “პედრო ბიდეგაინი” ალმაგროში - ბუენოს აირესის რეგიონის იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც მოსახლეობის უმეტესობა იტალიელია. არგენტინაში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოშობით ესპანელების შემდეგ, სწორედ იტალიელები შეადგენენ და როგორც ლეგენდარული არგენტინელი, ასევე წარმოშობით იტალიელი ფეხბურთელი ხავიერ ძანეტი ამბობს: ”იტალიური სათვისტომო არგენტინაში ძლიერიცაა და შეძლებულიც. ამ სათვისტომოს წარმომადგენლებს თავისუფლად შეუძლიათ ისტორიულ სამშობლოში – იტალიაში დაბრუნება და საამისოდ ბევრს აქვს კიდეც შეძლება, მაგრამ ისინი თავს არგენტინელებად თვლიან და ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტებიც არიან”. შეუძლებელია ამაზე კარგად ახსნა ”სან ლორენცოს” ქომაგთა დიდი ნაწილის რაობა.

როგორც ცნობილია, არგენტინაში ძალიან იშვიათად ნახავთ ადგილობრივ ფერადკანიანებს. ამას ზოგი არგენტინელების ნაციონალისტურ გამოხდომებს აბრალებს, ზოგიც არგენტინის მთავრობების მკვეთრად რასისტულ პოლიტიკას უკავშირებს. ზუსტი მიზეზის დადგენა მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ ამ ფონზე არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატში სწორედ “სან ლორენცო” ითვლება კლუბად, რომელსაც ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობები - აფროამერიკელები და ინდიელებიც კი ქომაგობენ. აქედან გამომდინარე, “სან ლორენცოს” შეიძლება ვუწოდოთ “გუნდი ყველასთვის”.

აქამდე რომის პაპის საყვარელი გუნდი არგენტინის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა, რაც მშვენიერი შედეგია, მაგრამ რასაკვირველია “სან ლორენცო” არასოდეს ყოფილა “ბოკა ხუნიორსის” ანდა “რივერ პლეიტის” მსგავსი “ნაციონალური კლუბი”, რომელსაც ღარიბი ხალხის გარდა ქვეყნის ბობოლებიც სათანადოდ დააფასებდნენ. თუმცა დრო შეიცვალა. ახლა ეს გუნდი მთელს ლათინურ ამერიკაში ყველაზე პოპულარული კლუბია და მის მიერ მოპოვებული პირველი საერთაშორისო ჯილდოც ამის დასტურია. 

დასაწყისშიც ითქვა, რომ ”სან ლორენცოს” მტრები ბოლო დროს ძალიან მოუმრავლდნენ, რაც კაცმა რომ თქვას სულაც არაა გასაკვირი. “ცუდას რად უნდა მტერობაო” - ტყუილად კი არ იძახდა ის მოჩხუბარი ფშაველი კაცი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116587