ბლოგი

10:08 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამაღამ, ასუნსიონში...

 

ამაღამ, მაშინ, როდესაც ჩვენი პლანეტის აქეთა ნახევარსფეროს ტკბილი ძილით ეძინება, ასუნსეონს დიდი ფეხბურთის ლანდი გადაეფარება. ლიბერტადორესის თასის პირველ ფინალურ მატჩში პარაგვაული “ნასიონალ ასუნსეონი” არგენტინულ “სან ლორენსოს” შეეჭიდება და ალბათ სწორედ ეს მატჩი იქნება პირველი ის შეხვედრა, რომელიც საბოლოოდ მიგვავიწყებს განვლილ მუნდიალს და რეალობაში – დიდ საკლუბო ფეხბურთში დაგვაბრუნებს.

რა ხანია, პარაგვაული გუნდი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა სამხრეთ ამერიკის უპირველეს საკლუბო ჯილდოს მოგებასთან. რა თქმა უნდა ყველა პარაგვაელმა კარგად იცის, რომ ორმატჩიან ჯახში წმინდა ლორენცის სახელობის გუნდის დამარცხება უძნელესი საქმე იქნება, მაგრამ ფინალამდე ”ნასიონალის” მიერ გმირულად განვლილი გზა იძლევა იმის იმედებს, რომ ასუნსეონის გუნდი ყველას გააოცებს და ლიბერტადორესის ესოდენ მონატრებულ თასს სწორედ პარაგვაელები აღმართავენ.

აბა რა უნდა გითხრათ ”სან ლორენცოზე”? მით უმეტეს არ ვაპირებ შენიღბვას და ახლავე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში ამ გუნდს განსაკუთრებულად ვგულშემატივრობ. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინული საკლუბო ფეხბურთის სახედ მაინც “ბოკა ხუნიორსი” მიმაჩნია, (ალბათ ყველას ასე მიაჩნია) “სან ლორენცოს” ქომაგები უკანასკნელ პერიოდში ძალიან მომრავლდნენ  და ამის მიზეზი რასაკვირველია რომის პაპ ფრანცისკის პერსონაა.

პაპად კურთხევის პირველივე დღეს, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ხორხე მარიო ბერგოლიო, ანუ პაპი ფრანცისკი ბალღობიდან მოყოლებული, “სან ლორენცოს” თავგადამკვდარი ქომაგი იყო და პაპი არც იმის თქმას ერიდება, რომ ამ კლუბისათვის ხშირად ლოცულობს კიდეც.

ამ ლათინოსების ამბავი ხომ იცით? ჯერ იმაში გაუმართლათ, რომ რომის პაპი არგენტინელი გახდა, მერე იმაში, რომ გუნდის ქომაგთა უმეტესობას უპოვარი და ღარიბი არგენტინელები წარმოადგენენ. პაპ ფრანცისკს “ღარიბების პაპსაც” ეძახიან და ეს სახელი ალბათ “სან ლორენცოსაც” სწვდება. თუკი ამ კლუბის საშინაო არენაზე - “პედრო ბიდეგაინის” სახელობის სტადიონზე შეკრებილ ქომაგებს შეავლებთ თვალს, უმალ დარწმუნდებით, რომ ეს კლუბი ჭეშმარიტად სახალხო კლუბია და აბა განა მართალი ვიქნები, ასეთი გუნდი რომ არ მიყვარდეს?!...

სამხრეთ ამერიკაში ხალხიც და ფეხბურთიც ევროპისგან განსხვავებულია და ევროპელებს ხშირად გვიჭირს ამ ხალხისა და მათი საფეხბურთო ტრადიციების გაგება. მაგალითად, ასუნსიონის ამაღამდელ თამაშზე დასასწრები ბილეთების საშუალო ფასი 200-300 დოლარია. ეს ღირებულება მეტ-ნაკლებად მისაღებია არცთუ დალხენელი სამხრეთ ამერიკელი ქომაგებისათვის, (განსაკუთრებით ევროტურნირების ბილეთების სიძვირის ფონზე) მაგრამ იცით რომელი ადგილებია ტრიბუნებზე ყველაზე ძვირადღირებული? შეცდებით თუ გეგონებათ, რომ სტადიონის ტრიბუნის იმ ალაგებს ვგულისხმობ საიდანაც ყველაზე უკეთ ჩანს შეხვედრა... ამასწინათ, ”ფეხბურთის მეფედ” სახელდებულ პელეს უთქვამს, ამ შეხვედრაში პარაგვაელებს ვგულშემატკივრობ (რატომღაც არგენტინელებიკენ რომ ყოფილიყო...) და ტრიბუნაზე რიგით პარაგვაელ ქომაგებს შორის უნდა ჩავჯდეო და საამისოდ ბილეთიც დაუჯავშნავს. აქედან გამომდინარე, ყველაზე ძვირდღირებული ბილეთები იმ ადგილის გარშემო სკამებზე იქნება, სადაც პელე იჯდება. აი ასეთი ხალხია ცხოვრობს ლათინურ ამერიკაში და მათ ასე ესმით ფეხბურთიცა და ლეგენდის დაფასებაც. მე მგონი ღირს ღამის გატეხვად ეს თამაში. რას იტყვით?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109187