რამდენიმე დღის წინათ, კერძოდ კი 15 სექტემბერს, იტალიურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ბევრისათვის დაუჯერებელი ინფორმაცია, რომელიც ტურინის იუვენტუსისა და ”სკუადრა აძურას” გოლკიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის მეუღლეს, ცნობილ მოდელს, ალიონა სერედოვას უკავშირდება.
საქმე ისაა, რომ ალიონამ (რომელიც 30 წლის ასაკს არც ისე დიდი ხანია გადასცდა) ფოტოსესიებში მონაწილეობაზე საბოლოოდ თქვა უარი და რამდენიმე კომპანია წინასწარ გააფრთხილა, რომ შესაძლებელია, მათთან აღარ ითანამშრომლოს და სარეკლამო სახედ სხვა ლამაზმანები მოძებნონ.
ალიონა სერედოვამ, რომელსაც იტალიელ გოლკიპერთან ჯვარი ჯერ კიდევ არ დაუწერია, (თუმცა, ჯიჯის და სერედოვას 2 შვილი უკვე ჰყავთ და ერთმანეთს ცოლ-ქმრად მოიხსენიებენ) განაცხადა, რომ ვარსკვლავურმა ცხოვრებამ ძალიან დაღალა და ახლა ის დრო უდგას, როდესაც მშვიდად ცხოვრებაზე უნდა დაიწყოს ფიქრი. თუმცა, წარმოშობით რუსმა ლამაზმანმა ისიც თქვა, რომ საბაზრო ეკონომიკის კანონები კარგად უწყის და თუკი რომელიმე კომპანია (სარეკლამო კომპანია იქნება ეს თუ სამოდელო სახლი) მასთან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ხელშეკრულების გაწყვეტაზე არ დათანხმდა, იძულებული იქნება, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ითანამშრომლოს.
რასაკვირველია იცით, რომ ალიონა სერედოვა ცნობილი ფეხბურთელების ცოლთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია და ევროპაში ძნელად ნახავთ ადამიანს, რომელმაც ალიონას შესახებ არ იცოდეს. მისი შოუ-ბიზნესიდან წასვლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ სერედოვას გადასაწყვეტი არ არის. დათმობენ თუ არა კომპანიები ასეთ ”სარეკლამო ბრილიანტს”, - საკმაოდ რთული სათქმელია.







