სტატიები

11:00 | 18.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: "კარგი ფეხბურთი კარგი სპექტაკლია"

გერმანული გამოცემა badische-zeitung-ი “კარლსრუესა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს, ალექსანდრე იაშვილს ესაუბრა და ამ ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდებს გთავაზობთ. ეს გამოცემა ბადენ-ვიურტემბერგის მხარეშია, სადაც მდებარეობს კიდეც ქალაქი ფრაიბურგი - “აკუნამ” ხომ სწორედ ამ ქალაქის კლუბში თა-მაშით გააცნო თავი გერმანელებს და წლების განმავლობაში “ფრაის” ლიდერი, კაპიტანი და რომ იტყვიან, “ყველაფერი” იყო.
badische-zeitung პოლიტიკასაც ეხება, კერძოდ კი 2008 წლის აგვისტოს საქართველოში დატრიალებულ მოვლენებს.
“ცუდი გასახსენებელია. მთავარი ისაა, რომ ჩემს სამშობლოში ამჯერად ისევ სიმშვიდეა”, - ამბობს იაშვილი.
გამოცემა წერს იაშვილის ნატიფ ტექნიკაზე, სწრაფ გარღვევებსა და ბურთის “დამალვაზე”.
“მე ლამაზი ფეხბურთი მიყვარს. კარგია, რომ ჩემი თამაში ბევრს მოსწონს. საერთოდ, კარგი ფეხბურთი კარგი სპექტაკლივითაა” - აღნიშნავს ქართველი შემტევი.
“ის ჯერ კიდევ 16 წლისა იყო, კავკასიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, თბილისის “დინამოში” რომ ითამაშა. “დინამო” დიდი ტრადიციების მქონე კლუბია, თუმცა, იმ დროს, როცა იაშვილი  გამოჩნდა, გუნდს ცუდი პერიოდი ედგა. “დინამო” ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალა ვეღარ იყო. ცნობილი ექიმის შვილმა თბილისიდან გერმანიას მოაშურა და მისი პირველი უცხოური კლუბი “ლიუბეკი” გახდა, სადაც კარგად წარმოაჩინა თავი და “ფრაიბურგის” თავკაცმა, ფოლკერ ფინკემ ბიჭი შეამჩნია”.   
32 წლის ქართველი “ფრაიბურგს” თბილად იხსენებს - ეს გუნდი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებაო. გამოცემა წერს, რომ იაშვილთან ერთად, “ფრაიში” ლევან კობიაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმაც კარგი სახელი დატოვეს.
“ისინი ერთი ოჯახივით იყვნენ. იაშვილის მეუღლე კი წუხდა - ეს კაცები მხოლოდ ფეხბურთზე არიანო გადართული”.   
რაც შეეხება “კარლსრუეს”: “მე მომწონს “კარლსრუე”, მშვენივრად ვგრძნობ თავს და თანაც, გუნდის კაპიტანი ვარ. ამიტომაც გავაფორმე “კარლსრუესთან” კონტრაქტი 2013 წლამდე. ჩვენ ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს მარკუს შუპის სახით, რომელიც უზომოდ შეყვარებულია თავის საქმეზე და იცის ფეხბურთელებთან მიდგომა. სამწუხაროდ, ბარძაყის ტრავმის გამო, თურქულ ბელეკის შეკრებაზე ინტენსიურად ვერ ვვარჯიშობდი, მაგრამ მე-2 ბუნდესლიგის მე-2 წრის მხოლოდ სასტარტო მატჩი გამიცდება (ეს მატჩი გუშინწინ “კარლსრუემ” 1:3 წააგო “ალემანიასთან’)”.
...და საქართველოს ეროვნული ნაკრები. badische-zeitung აღნიშნავს, რომ სულ რამდენიმე წლის წინათ, საქართველოს ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთაც ევროპის სახელიან კლუბებში წამყვან როლები ჰქონდათ, თუმცა...
იაშვილი წარუმატებლობის მიზეზს ასე განმარტავს: “მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელების სიძლიერე არ კმარა. ინდივიდუალურად მართლაც კარგი მოთამაშეები გვყავდა, მაგრამ გუნდურად მოვიკოჭლებდით. ყოველ შესარჩევ ციკლს ახალი იმედებით ველოდებით. ახლა ჩვენ ნაკრებს თემურ ქეცბაია გაწვრთნის, რომელსაც ჩემს სამშობლოში ძალიან აფასებენ, ის მისაბაძი ფეხბურთელი გახლდათ”.
ბოლოს, კითხვაზე, როდის აპირებს ნაკრებთან გამომშვიდობებას, “აკუნა” ასე პასუხობს: “სანამ სამშობლოს დავჭირდები, ვითამაშებ. ნაკრებიდან წასვლა? ეს ქართულ ეროვნულ თვითშეგნებაში არ ზის”.   

მოამზადა ილია ნანობაშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086341