გულშემატკივრის სვეტი

10:44 | 9.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

აფხაზური “დუ-შაში”

კარგი რამ არის დომინო. მითუმეტეს ზაფხულში, მითუმეტეს თბილისში და მითუმეტეს მეგობრებთან ერთად თუ თამაშობ. მაგრამ, როდესაც გაიგებ, რომ ოკუპირებულ სოხუმში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, შეიძლება ამ თამაშისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგო. არაფერ უცნაურს არ ვამბობ. ამ ცოტა ხნის წინ, რუსული საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ სოხუმში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება და რუსებს თუ დავუჯერებთ, ამ უცნაურ ტურნირს, არც მეტი, არც ნაკლები, ლას-ვეგასის ცნობილი კაზინოთა ქსელი ატარებს.
კაცმა რომ თქვას, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ბობოლა “ძია სმიტი” სოხუმში ჩავიდეს და ისეთ ოდიოზურ ფიგურას “მოესიყვარულოს”, როგორიც ბაღაფშია, მაგრამ მთავარი, ამერიკული კაზინოები სულაც არ გახლავთ. მთავარი ის არის, რომ სეპარატისტები საკუთარ წარმოსახვით დამოუკიდებლობას ბოლო დროს ნამეტნავად ებღაუჭებიან და შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მსოფლიოს თავიანთი არსებობა შეახსენონ.
ეს დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი რა დარდუბალაა, მართლა ვერ გაიგებს კაცი. სადაც დომინოს ჩემპიონატი იმართება, ადვილი წარმოსადგენია, რომ იქ მალე ჩემპიონატი ბურაშიც გაიმართება და იაპონურ ჯოკერშიც. ჰოდა, აფხაზეთს სხვა სეპარატისტულმა რეგიონებმაც თუ მიბაძეს, ფრიად კომიკური სიტუაციის მხილველნი გავხდებით. ერთ დღესაც გავიგებთ, რომ ცხინვალში უნგრული რესტორნების ქსელი “ტუალეტობანას” (ალბათ, გახსოვთ ბანქოს ასეთი თამაში რომ არსებობს) მუნდიალს მართავს, მთიანი ყარაბახი ჩაკუზობანაში ევროპის შესარჩევ ეტაპს მასპინძლობს, დნესტრისპირეთში კი “გრძელი ვირის” ტურნირი იმართება ვეტერან “გრძელ ვირელებს” შორის.
ვისაც რა უნდა ის ტურნირი გამართოს, მითუმეტეს ისეთი ღიმილისმომგვრელი ტურნირი, როგორიც დომინოში მსოფლიოს ჩემპიონატია (ისე, რა ხმამაღლა ჟღერს - “მსოფლიო ჩემპიონატი”), მაგრამ წარმომიდგენია, ნახევრად დაცარიელებულ სოხუმში, სადაც რუსი ჯარისკაცები რიგით მოქალაქეებზე მეტნი არიან, როგორ ჩადის ვთქვათ ხორვატი დომინოს მოყვარული, ის ხორვატი, რომელიც ქართველების მსგავსად, ათწლეულების განმავლობაში იმპერიის განაპირა პროვინციაში ცხოვრობდა და ხედავს, მისთვის ესოდენ “საყვარელი” რუსი ჯარისკაცები როგორ ბატონკაცურად დააბიჯებენ სოხუმის ქუჩებში... რა დომინოსა და გრძელი ნარდის თამაშის ხალისი უნდა მიეცეს ჭკუათმყოფელ კაცს ქალაქში, სადასც პურზე და ბოსტნეულზე ადვილად, ნარკოტიკს იშოვნი..
მოდით, ახლა მოვუსმინოთ, რას ამბობს აფხაზი სპორტის ვეტერანი (ოღონდ ვერაფრით გავარკვიეთ სპორტის რომელ სახეობაში), ვინმე სვიატოსლავ ანბა დომინოს მსოფლიო ჩემპიონატის სოხუმში ჩატარებაზე: “აფხაზეთი ყოველთვის სპორტული ქვეყანა იყო (ჰმ, ქვეყანა...), მაგრამ ქართველი ოკუპანტები მუდამ ცდილობდნენ აფხაზები არაფერში წარმოჩენილიყვნენ. ახლა, მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ აფხაზებს ყველანაირი ტურნირის მასპინძლობაც შეგვიძლია და გამარჯვებაც!”. აფხაზებს კარგი სპორტსმენები ყოველთვის ჰყავდათ და ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ ქართული სპორტის განვითარებაში, მაგრამ თუ ვინმე დადებს თუნდაც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ოდესმე, სადმე, აფხაზი სპორტსმენი საქართველოში მხოლოდ მისი ეროვნების გამო დაიჩაგრა, პირობას ვდებ, რომ “თავსა დამართ ვცემ” და ვაღიარებ, რომ შემცდარი ვყოფილვარ უკუნისამდე!    

ლევან სეფისკვერაძე

0.09299