ბლოგი

11:35 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

8 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში

მომდევნო საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ არაერთ ქვეყანაში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთი არ იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას და მას ეს პატივი აუცილებლად უნდა ჩამოერთვას.

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები თითქმის მთელს მსოფლიოში თანხმდებიან, რომ რუსეთი მუნდიალის მასპინძლობას უბრალოდ არ იმსახურებს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია - ფიფა კვლავინდებურად სამარცხვინოდ იქცევა და ფიფას მაღალჩინოსნები რობოტებივით ერთი და იმავეს იმეორებენ. ფიფაში ამბობენ, რომ არ აპირებენ მუნდიალის მასპინძლის შეცვლას და რუსეთი იმსახურებს თუ არა ამას, იგი მაინც უმასპინძლებს ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმსო.

რამდენად სამართლიანია ფიფას ასეთი შუვალობა და სხვათა აზრის გაუთვალისწინებლობა – ამის მიხვედრა და დანახვა ადვილი საქმეა. ამიტომ, ალბათ არ იქნება ურიგო, თუკი მთელს მსოფლიოში მილიონობით ქომაგი უფრო მტკიცედ გაერთიანდება და მოთხოვნების დაყენების პარალელურად, ფიფას უფრო ნათლად და ზუსტად ავუხსნით თუ რატომ არ იმსახურებს რუსეთის სახელმწიფო არც მსოფლიოს ჩემპიონატის მათ მიწაზე ჩატარებას და არც საერთოდ არანაირი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის მინდობას.

  1. რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ტერორისტებსა და დაქირავებულ მკვლელებს მფარველობს და უშვებს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც საომარი ვითარებაა. რუსეთმა ეს უკვე გააკეთა: ისრაელში, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიაში და ახლა უკვე ამას აკეთებს უკრაინაში.
  2. რუსეთი ეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების თავისუფლებისაკენ სწრაფვას და ამის გამო თითქმის ყველა მეზობელთან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მის მოკავშირე ბელორუსთანაც კი, პერიოდულად მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნება. ღირს მუნდიალის ჩატარება იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა მეზობელს სძულს?
  3. რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის, სამაჩაბლოს და ყირიმის ოკუპაცია და ამჟამად ებრძვის უკრაინას რესურსებით მდიდარი დონბასის რეგიონის წასართმევად. რუსეთის საოკუპაციო-სეპარატისტული ჯარის ნაწილები ყოველდღიურად ხოცავენ უკრაინელ პატრიოტებსა და უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებს. ეს ქმედებები მინიმუმ ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლომდე უნდა მივიდეს.
  4. რუსეთი ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ძალადობას ახდენს მთელს ევროპაზე და ცდილობს გაზის რესურსით მოახდინოს ამ ქვეყნებზე ზეგავლენა.
  5. რუსეთი არის კორუფციული სახელმწიფო და რუსეთის ფეხბურთი მთლიანად ჩაფლულია კორუფციაში, რასაც რუსი და არამხოლოდ რუსი საფეხბურთო ექსპერტები ხშირად უსვამენ ხაზს. მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია გაცხადებულად ფეხბურთში არსებულ კორუფციას ებრძვის. რეალურად კი, ხელს უწყობს რუსეთის დარი ქვეყნების წინ წამოწევას.
  6. ადამიანის უფლებათა დამცველების განმარტებით, რუსეთი მთელს მსოფლიოში მოწინავე ქვეყნააა ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით. ამ ტერორისტულ სახელმწიფოში უამრავი ადამიანის უფლებადამცველი და სამართლიანობისათვის მებრძოლი ზის ციხეში და როგორც ექპერტები ამბობენ, ამ კუთხით პუტინის რეჟიმი ჩრდილოეთ კორეის დიქტატურასაც კი არ ჩამოუვარდება.
  7. რუსეთის მოყვარული ჩვენი გზააბნეული თანამემამულეები ხშირად იმეორებენ რუსეთის უშიშროების მიერ შეთხზულ მითს, რომ თითქოს დასავლეთის ქვეყნებში და ევროპაში გარყვნილებაა ჩაბუდებული, რუსეთი კი ჩვენი ერთმოწმუნე და რწმენის დამცველი სახელმწიფოა. რეალური სტატისტიკა კი აჩვენებს იმას, რომ რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის, ოჯახში ძალადობის, შიდსის და ინცესტის რაოდენობით. და გარყვნილება მეტი რაღაა? ამ სტატისტიკას პუტინი ყოველთვის მალავს, მაგრამ რეალურ ციფრებს რას უზამ?
  8. დაბოლოს, რუსეთი არის ქვეყანა, სადაც მკვეთრად ანტიდასავლური განწყობებია. გაუგებარია რატომ უნდა ჩაატარო მუნდიალი იქ, სადაც შენს მიმართ სიძულვილის და ზიზღის მეტი არაფრია?!

როგორც უკვე ვთქვით, მომდევნო მუნდიალამდე ჯერ დიდი დროა და ფიფაც გამუდმებით იმეორებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობის გადახედვას არ აპირებს. მაინც ვიქონიოთ იმედი, რომ ეს ორგანიზაციაც დაუბრუნდება გონიერების ფარგლებს და გაითვალისწინებს მილიონობით ქომაგის თხოვნასა და მოთხოვნას. უსამართლობასაც ხომ საზღვარი უნდა ქონდეს?!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113756