ძიუდო

19:38 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტები სეზონს ავსტრიული შეკრებით ხსნიან

დღეს დილით საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა და ქალაქ მიტერსილში, ევროპის ძიუდოს კავშირის მიერ ორგანიზებულ საერთო სანაკრებო 10-დღიან საწვრთნელ შეკრებაში ჩაერთო. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ავსტრიული განაცხადი ეროვნული გუნდის უმთავრესი კანდიდატებით დააკომპლექტა.

უზნაძის განაცხადში 16 ძიუდოისტი მოხვდა: ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (ორივე 60 კგ), შალვა ქარდავა, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე 66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (სამივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი (სამივე 81 კგ), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

სამი ძიუდოისტი შეკრებაზე საკუთარი ხარჯით გაჰყვა ნაკრებს: ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი (ორივე 66 კგ) და ზვიად გოგოჭური (90 კგ).

მიტერსილის წვრთნების პარალელურად, საქართველოს ნაკრების სხვა კანდიდატებისთვის თბილისში იწყება შეკრება. იანვრის მეორე ნახევრიდან ირაკლი უზნაძე თბილისშივე, უკვე გაფართოებულ შემადგენლობას შემოიკრებს. ახალი სეზონის პირველ საერთაშორისო ტურნირად კი ქართულ გეგმაში 7-8 თებერვალს სოფიაში გასამართი ევროპის ღია ტურნირია შეტანილი. ბულგარულ ტატამზე სავარაუდოდ საქართველოს ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით გავა. ძირითადი ბირთვი კი სეზონს 20-22 თებერვალს გახსნის, დიუსელდორფის გრან პრიზე.

უკვე დაზუსებულია თბილისის გრან პრის ჩატარების თარიღიც – 20-22 მარტი. ერთ-ერთი უპრესტიჟულესი შეჯიბრება - პარიზის დიდი სლემი კი 2015 წელს გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე – 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

0.128222