რაგბი

12:24 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცამ რუსეთი მოსკოვში დაამარცხა

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მეორე, მოსკოვის ეტაპის მეორე სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში მასპინძელი რუსეთი 19:17 დაამარცხა და თასისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ყველა თამაში ხომ მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება მატჩებს ყველა დონეზე რომ დამატებით მოტივაციას მატებს არახალია და ასე იყო ამჯერადაც. მიუხედავად იმისა, რომ თამაში მოსკოვში იმართებოდა, ტრიბუნაზე მრავლად იყვნენ ქართველი გულშემატკივრებიც და ისინი ქართველ მორაგბეებს შეძახილებითა და საქართველოს ჰიმნის ცოცხალი შესრულებით ამხნევებდნენ.

მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, უარესს რომ ვერ ვინატრებდით. თბილისში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” თავგამოჩენილმა დენის სიმპლიკევიჩმა, თავისი ნახევრიდან რომ წამოიწყო შეტევა და გრძელი ფეხებით სიჩქარე აკრიფა, მას ვეღარავინ დაეწია, მე-3-ე წუთზე კი, იგორ კლუჩნიკოვმა მეორე ლელო გაიტანა და რუსეთი 12:0 დაწინაურდა. მაგრამ განახლდა თუ არა თამაში, იგივე კლუჩნიკოვმა ბიძინა სამხარაძე ჰაერში შებოჭა და სინბინით დაისაჯა.

კახა ალანიას შეგირდებმა მეტობა უმალვე გამოიყენეს და მარცხენა ფრთაზე ლელოსკენ გზა მერაბ შარიქაძემ გაიკაფა. სანამ რიცხობრივი თანაფარდობა აღდგებოდა, ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის დაცვა უკვე ცენტრში გაარღვიეს და ამჯერად ირაკლი მაჩხანელის ლელო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა. სტუმრებს ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდათ და ზედ შესვენების წინ, უკვე თანაბარ პირობებში, კვირიკაშვილმა სისწრაფეში მიიღო ბურთი, ხაზი სუფთად გაჭრა და ბურთი ძელებსშია დაამიწა, ზუსტი გარდასახვით კი, ანგარიში 19:12 გახადა.

მეორე ტაიმი კვლავ ზორბა სიმპლიკევიჩის გარღვევით დაიწყო, რომლის შეჩერება კვლავ ვერავინ მოახერხა, მაგრამ ფლანგზე გატანილ ლელოს არაზუსტი გარდასახვა მოყვა და საქართველოს 2-ქულიანი უპირატესობა შერჩა. ამას ინტენსიური, მომქანცველი თამაში მოყვა და კონტრშეტევაზე საქართველოს ნაკრებს ლელოს გატანაც შეეძლო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, თამაშისთვის განკუთვნილი დრო რომ ამოიწურა მეტოქე ჩვენი ლელოსგან საკმაოდ შორს იყო, მაგრამ რუსეთმა ძალები მოიკრიბა, ქართველთა 22-ში შევიდა და რამდენჯერმე მიეცა ხაზის გაჭრის შესაძლებლობა. თავგანწირულმა დაცვამ ბიჭები ისე მოღალა, რომ მარჯვენა ფლანგი დაუცველი დარჩა და მეტოქე გარდაუვალი ლელოსკენ დაიძრა, მაგრამ თედო ზიბზიბაძემ რაღაც სასწაულით მანძილის წამის მეასედში დაფარვა და შეტევის გვერდით ხაზს იქით გადაყვანა მოახერხა, რის შემდეგაც საფინალო სასტვენი გაისმა - 19:17.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები უცილობლად გააუმჯობესებს პირველი, ლიონის ეტაპის შედეგს, სადაც მეექვსე ადგილი დაიკავა და რაღა თქმა უნდა, წინსვლა იქნება საერთო ჩათვლაშიც. მანამდე, შუადღის 2 საათისთვის, ქართველ მორაგბეებს ნახევარფინალური შეხვედრა ელით ინგლისთან, რომელმაც მეოთხედფინალში საფრანგეთი 28:7 დაამარცხა. საქართველო ინგლისს გუშინ, ჯგუფურ ეტაპზეც ეთამაშა და 14:22 დამარცხდა. ოთხიდან სამი ლელო ქართველთა ელემენტარულ შეცდომებს მოყვა და ბრიტანელებმა ფრანგებიც შეცდომების ხარჯზე დაჯაბნეს. თასის მეორე ნახევარფინალური წყვილი შოტლანდიამ და პორტუგალიამ შეადგინეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110678