რაგბი

17:32 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცამ ბუქარესტში ფიალა შემართა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, 2014 წლის ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპის მეორე სათამაშო დღეს ორივე შეხვედრა მოიგო და ფიალა შემართა.

ბუქარესტის ეტაპის პირველ დღეს სამივე თამაშის წაგების შემდეგ, კახა ალანიას შეგირედებს მიზნად მე-9 ადგილის დაკავებაღა შერჩათ და ამ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ნახევარფინალში მასპინძელი რუმინეთის 14:5 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალია იყო. პირველი ტაიმის შუაში, ირაკლი გეგენავამ ჩვენს 22-ში გაჭრა ხაზი, სისწრაფეში ბოლო მცველს აჯობა და ჩათვლის მოედნამდე განიგან 80 მეტრი ირბინა. მალე, მეორე ლელოს გატანის შანსიც გაჩნდა, როდესაც მეტოქეს მათსავე ნახავერზე ავართვით ბურთი და ლევან გოგოლაშვილმა ფეხით გადაკიდა, მცველს აჯობა და უკვე ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ტაიმის ბოლოს, ქართველთა შეცდომების სერიას პორტუგალიის ლელო მოჰყვა, გარდასახვაც ზუსტი იყო და ტაიმი 7:5 დასრულდა. მეორე ტაიმი ქართველების იყო და მე-3 წუთზე ლელოს გატანის კარგი შანსიც გაჩნდა, მაგრამ ბურთი ბოლომდე არ ჩაათამაშეს და მეტობა გამოუყენებელი დარჩა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა, როდესაც რამაზ ხარაზიშვილი ფლანგზე ორ მცველს შორის გაძვრა და ბურთი ძელებს უკან დაამიწა, ხოლო შავლეგ მახარაშვილმა გარდასახვით ანგარიში 12:7 გახადა. დრო რომ ამოიწურა, ფლანგზე პორტუგალიელი გიორგი ფრუიძეს გაექცა და ლელოც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ქუთაისელი სიტუაციას არ გამოეთიშა, შემტევს ბოლო მომენტში წაეტანა და სანამ ის ლელოთი წონასწორობას აღადგენდა, გვერდით ხაზს იქით გადაიყვანა, რაც ზუსტად დააფიქსირა კიდის მსაჯმა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა, შესუსტებული შემადგენლობით ბუქარესტში მე-9 ადგილი დაიკავა, რაც ერთი კვირის წინ მანჩესტერში ბოლო მე12 ადგილზე გასვლის შემდეგ, უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მსოფლიოს სერიის შესარჩევის, ჰონკონგის 7-კაცას საგზურის მოპოვება, მაგრამ გუნდი დარჩა ევროპულ ელიტაში და გაისად კვლავ უძლიერესთა შორის იბურთავებს.   

საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ტურნირზე: ზურაბ ძნელაძე, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე ხუციშვილი, ირაკლი გეგენავა, ბიძინა სამხარაძე, შავლეგ მახარაშვილი, ბახვა კობახიძე, რამაზ ხარაზიშვილი, იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ლევან გოგოლაშვილი.

0.112077