სხვა

13:21 | 1.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი – სამინისტროს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური იქნება

სამინისტროს მიერ 2014 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების, სიახლეებისა და ზოგადად გასულ წელს მომხდარი სპორტული, თუ ახალგაზრდული მოვლენებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი.

- ვფიქრობ, ჩვენმა სამინისტრომ ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე წელიწადი მოიტოვა უკან. გვქონდა არაერთი წარმატება, სპორტული შედეგი თუ აღიარება, დავიწყეთ ახალი და ძალზე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდობის სფეროში, გავააქტიურეთ საერთაშორისო ურთიერთობები, წარმატებულად განვახორციელეთ ის ძირითადი პროგრამები, რომლის დახმარებითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებს ვაფინანსებთ. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები და სიძნელეებიც, თუმცა მთლიანობაში ის კურსი, რასაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ატარებს ჩვენი გუნდის მმართველობაში მოსვლის შემდეგ, გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

მთავრობის კაბინეტმა 2014 წელს დაამტკიცა "სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი" და „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი". გაგრძელდა მუშაობა ერთიანი სახელმწიფო მართვის სისტემის გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე. სამინისტროს მიერ განისაზღვრა სამი ძირითადი პრიორიტეტი სპორტის სფეროში - ინფრასტრუქტურული, განათლებისა და საკანონმდებლო მიმართულებებით და 4 სტარტეგიული მიმართულება ახალგაზრდობაში - მონაწილეობა; განათლება, დასაქმება და მობილობა; ჯანმრთელობა; სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა.

- სპორტული განათლებისა და მეცნიერების განვითრების მხრივ აღსანიშნავია სპორტის უნივერსიტეტის აღდგენა, ასევე პირველი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება სპორტის პოლიტიკის თემატიკაზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.

- დიახ, 2014 წლის 15-16 აპრილს საქართველოს ისტორიაში პირველად თბილისმა უმასპინძლა წარმომადგენლობით საერთაშორისო კონფერენციას "სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივა". კონფერენციას 300-მდე წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის იყვნენ სპორტის უცხოელი ექსპერტები და სპეციალისტები. კონფერენციის ფარგლებში მომზადდა დეკლარაცია, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს.

სამინისტრო აქტიურად მუშაობს სპორტული განათლებისა და მეცნიერების განვითარების საკითხებზე. 2014 წელს „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა" გაიარა ავტორიზაცია და სექტემბრის თვეში სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო, ფუნქციონირება დაიწყო „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯმა".

2007 წელს გაუქმებული სპორტის აკადემიის უნივერსიტეტის სახით აღდგენით, საქართველოს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, უნივერსიტეტმა სპორტის დარგის პროფესიონალი სპეციალისტები და მწვრთნელები უნდა აღზარდოს, ჩვენი სურვილია უახლოეს წლებში უნივერსიტეტი ევროპული სტილის სამაგალითო ინსტიტუციად ჩამოვაყალიბოთ მთელს რეგიონში.

- ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება სამინისტროს ბიუჯეტი და დაფინანსება, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია?

- რაც შეეხება სპორტის დაფინანსებას, ბოლო წლებია ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით სპორტის დაფინანსებას, შევიმუშავეთ და დავხვეწეთ სპორტსმენთა პრემირების და სტიპენდირების პროგრამები. ქართველმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 100-მდე საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში, სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამის ფარგლებში სპორტის 45 სახეობაში დაფინანსდა 122 ადგილობრივი სპორტული შეჯიბრი და 212 სასწავლო - საწვრთნელი შეკრება.

საერთო ჯამში, სამინისტროს დაფინანსებამ 2014 წელს მხოლოდ სპორტში 64 მილიონ ლარს მიაღწია, ამ ციფრს სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებისა და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებას თუ დავუმატებთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ სამინისტრომ 2014 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს 70 მილიონზე მეტი ლარი მოახმარა. სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 2015 წელს, როდესაც ჩვენ მიმდინარე პროექტებთან ერთად ვალდებულებას ვიღებთ ჩავერთოთ თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისა და უეფას სუპერთასის მატჩის მაღალ დონეზე ორგანიზებაში.

- 2014 წლის სპორტული შედეგებიდან ძირითადად რომელ მიღწევებს გამოარჩევთ?

- პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოს ჰყავს მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში - ახალგაზრდა ტალანტი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც მსოფლიოსთან ერთად ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა. ქართველმა წყალბურთელებმა პირველად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე 12 უძლიერეს გუნდს შორის, მორაგბეები უკვე ზედიზედ მეოთხედ, კალათბურთელები კი ზედიზედ მესამედ გავიდნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

გვქონდა წარმატებები რაგბში, ჭიდაობაში, ფარიკაობაში, ჭადრაკში, სამბოში, მკლავჭიდსა და კარატეში, ასევე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. გამოჩნდნენ წარმატებული სპორტსმენები ისეთ სახეობებში როგორიცაა კანოე და სხვა. ვუმასპინძლეთ უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებსა და ასაკობრივ ჩემპიონატებს ძიუდოში, ჭადრაკში, წყალბურთსა და ფარიკაობაში, გამოვარჩევ წარმატებებს სტუდენტური სპორტში. ქართველმა სპორტსმენებმა 2014 წელს ჯამში 541 მედალი მოიპოვეს. მათ შორის - 197 ოქრო, 156 ვერცხლი და 188 ბრინჯაო.

- დაწყებულია ახალი სპორტული ობიექტების მშენებლობები. რას იტყვით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე?

- სპორტული ინფრასტრუქტურა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტრო უშუალოდ ზედამხედველობს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის - „თბილისი 2015"-სთვის თანამედროვე საცურაო აუზის კომპლექსისა და მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას. თავის მხრივ კი ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.

მთლიანობაში, 2015 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალისათვის ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ, ევროპული სტანდარტების სპორტულ ნაგებობებს. საქართველოს შესაძლებლობა ექნება უმასპინძლოს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ რეგიონების სპორტული ინვენტარით მომარაგებას, ქუჩის სავარჯიშოების დამონტაჟების პროცესს, სავარჯიშო დარბაზების აღდგენას და სხვა. აქტიურად ვართ ჩართულნი ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ემსახურება.

- საინტერესოა, რა სიახლეები იყო საერთაშორისო მიმართულებით?

- ამ მიმართულებით მუშაობა საგრძნობლად გააქტიურებულია როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდობის სფეროში. გვქონდა არაერთი შეხვედრა კოლეგა მინისტრებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. გავაფორმეთ მემორანდუმები არაერთ ქვეყანასთან, სახელმწიფო თუ კერძო უწყებასთან, გავაღრმავეთ თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან, ჩავერთეთ ევროპის საბჭოს ინიციატივით შემუშავებული კონვენციების განხილვის და მათზე საქართველოს მიერთების საკითხებში, ვუმასპინძლეთ დელეგაციებსა და სტუმრებს.

შვეიცარიაში გამართულ მინისტერიალზე ხელი მოვაწერე „ევროპის საბჭოს კონვენციას სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ", საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა 2016 წლის ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენციის მასპინძლობაზე.

ახალგაზრდული მიმართულებით ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან, გაეროს მოსახლეობის ფონდთან, იუნისეფთან, ორგანიზება გავუწიეთ ფართომასშტაბიან საერთაშორისო კონფერენციას, ჩართულნი ვართ ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტებში.

- როგორ აფასებთ სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით და ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების საქმიანობას?

- რაც შეეხება ახალგაზრდულ პოლიტიკას, ძირეული ცვლილებები შევიდა "სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში". სამინისტროს პრიორიტეტად გამოცხადდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ჩართულობა სპორტულ ტურნირებსა თუ ახალგაზრდულ ინიციატივებში. 2014 წელს შეიქმნა "საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა", რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს, შესაძლებლობა მიეცათ, ერთწლიანი მანდატით ისარგებლონ.

ახალგაზრდული კუთხით ვახორციელებთ 14 პროგრამას, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის, არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის, არაფორმალური განათლების სტუდენტთა მხარდაჭერის და სხვა არაერთ საინტერესო პროგრამას, წარმატებულად ჩავატარეთ „სტუდენტური დღეები" და მის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.

მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითრების ფონდის, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ასევე სპორტული მიმართულებით ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრისა და ქართული სპორტის მუზეუმის მიერ გაწეული საქმიანობა.

კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადეთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის „მომავლის ბანაკი", რომელმაც 2013-2014 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები 14-დან 18 წლამდე მოზარდებისაგან დაკომპლექტებული 13 ნაკადი - საერთო ჯამში 3728 ახალგაზრდა მიიღო.

2014 წლიდან ბანაკმა საერთაშორისო დატვირთვა შეიძინა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ 125 უკრაინელ ახალგაზრდას უმასპინძლა.

სპორტის მუზეუმი, რომელიც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროშია განთავსებული, 2015 წელს დაარსების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

2014 წლის განმავლობაში მუზეუმში მოეწყო უამრავი საინტერესო შეხვედრა და გამოფენა. სულ წლის მანძილზე მუზეუმს 4 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა.

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა 2014 წელს არაერთ წარმატებას მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ტურნირებზე და ჯაში 238 მედალი მოიპოვეს.

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სადაც 2012-2013 წლებში ფუნქციონირებდა 15 კაბინეტი, 6 სტუდია, 1 სახელოსნო და სხვადასხვა დასახელების 96 წრე, ამჟამად ფუნქციონირებს 24 კაბინეტი და 137 წრე. 2014-2015 სასწავლო წლისთვის სასახლეში რეგისტრაცია 1 სექტემბრიდან დაიწყო და 2014 წლის ბოლო მონაცემებით უკვე 500-ზე მეტი მოსწავლეა რეგისტრირებული.

„ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი" ერთადერთი სახელმწიფო ფონდია, რომელიც ახალგაზრდულ ინიციატივებს აფინანსებს. 2013-2014 წლები ფონდმა 116 ახალგაზრდული პროექტი დააფინანსა, რომელთა განხორციელების შედეგად 700-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.

სულ 2013-2014 წლებში სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების მიერ ახალგაზრდული მიმართულებით 300-მდე პროგრამა და ქვეპროგრამა განხორციელდა, რომელთა ბენეფიციარი 200 ათასამდე ახალგაზრდა იყო, ხოლო 2013 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამებისთვის 13,2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

- როგორია 2015 წლის გეგმებს, მით უმეტეს რომ გამოწვევებით სავსე წელიწადი ახლოვდება?

- მთლიანობაში, გვსურს სამინისტროს საქმიანობა, სპორტსა და ახალგაზრდობაზე ზრუნვა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ამისათვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. 2015 ისტორიულად გამორჩეული იქნება ქართული სპორტისათვის საერთაშორისო სპორტული ტურნირების ჩატარებით. 2015 წელს ჩვენ ვმასპინძლობთ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და უეფას სუპერთასს, ამ ორივე უმაღლესი დონის სპორტული მოვლენის მაღალ დონეზე ორგანიზებისსათვის შექმნილია სამთავრობო კომისიები, პროცესებში ჩართულია თბილისის მერია.

თბილისში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, სალიცენზიო გრან-პრი ძიუდოში, მორაგბეთა და კალათბურთელთა ნაკრებებმა მონაწილება უნდა მიიღონ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიელები კი 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად დაიწყებენ ბრძოლას. ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ქართველ სპორტსმენებს.

მოვიპოვეთ ხელბურთში 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის, მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის, ქალთა შორის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის, კარატეს ევროპის ჩემპიონატის, 19-წლამდელ ფეხბურთელთა ელიტ-რაუნდის, საჭადრაკო ოლიმპიადის და სხვა საერთაშორისო ჩემპიონატების ჩატარების უფლება. ასე რომ, წინ დიდი გამოწვევებით სავსე მოვლენები გველის, რასაც მაქსიმალურად ღირსეულად უნდა გავართვათ თავი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072506