ფეხბურთი

19:38 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მემარჯვენე“ მესი, „იუვენტუსისა“ და „ბაიერნის“ რეკორდები

გერმანიაბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების გამოკვეთილ ფავორიტად თავიდანვე მიუნხენის „ბაიერნი“ იყო დასახელებული, მაგრამ პეპ გვარდიოლას შეგირდების შედეგიანობა მოლოდინს მაინც აჭარბებს. მე-17 ტურში „მაინცთან“ მოგების (2:1) შემდეგ, „რეკორდმაისტერმა“ პირველი წრე 11-ქულიანი უპირატესობით დაასრულა. ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი წრის შემდეგ ასეთი უპირატეობა ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

„ბაიერნს“ რომ „მაინცთან“ გაუჭირდა, ეს გასაკვირი არ ყოფილა. მიუნხენურ გუნდს 10 ფეხბურთელი აკლდა, რომლებსაც უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. მაგალითისთვის, ამ 10 ფეხბურთელს, ჩემპიონთა ლიგაზე, საერთო ჯამში 333 თამაში აქვთ ჩატარებული. ასეთი მრავალრიცხოვანი დანაკლისის გამო, „ბაიერნის“ სათადარიგოთა სკამზე მჯდომი 7 ფეხბურთელიდან 5 ისეთი იყო, რომლებსაც ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ ეთამაშათ, ხოლო 4 მათგანი გერმანიის ჩემპიონატში დებიუტს ელოდა.

ანგარიში „მაინცმა“ გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნი“, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მდევრის როლში მეორედ აღმოჩნდა.

„მაინცის“ გოლის შემდეგ „ბაიერნის“ მცველის, რაფინიას სარეკორდო სერია შეწყდა. ბოლო 1126 წუთის განმავლობაში, როდესაც ეს ფეხბურთელი მოედანზე იყო, მისი გუნდი გოლს არ უშვებდა, ეს კი ბუნდესლიგის რეკორდია.

„ბაიერნს“ ბევრი ფეხბურთლი კი აკლდა, მაგრამ ჰყავდა არიენ რობენი, რომელმაც 90-ე წუთზე გაიტანა და გუნდს მოაგებინა. ჰოლანდიელ თავდამსხმელს ერთი საინტერესო სტატისტიკა აქვს. რობენს, ბუნდესლიგაში, იმაზე მეტი გოლი გაუტანია (66), ვიდრე მისი მოედანზე ყოფნის დროს მის გუნდს გაუშვია (65). ბუნდესლიგის ისტორიაში სხვა ასეთი ფეხბურთელი არ მოიძებნება.

„ბაიერნს“, 17 ტურის შემდეგ, 45 ქულა დაუგროვდა. ეს, ბუნდესლიგის ისტორიაში, მე-2 საუკეთესო შედეგია. რეკორდი, რომელიც გასულ სეზონში დამყარდა (47 ქულა), ასევე „ბაიერნს“ ეკუთვნის.

„ბაიერნისგან“ განსხვავებით, საქმეები ძალიან ცუდად მისდის „დორტმუნდს“, რომელმაც 17 თამაშიდან მე-10 წააგო. დორტმუნდელთა სათავეში იურგენ კლოპის ყოფნის დროს, აქამდე არასდროს მომხდარა, რომ გუნდს, ბუნდესლიგის ერთ გათამაშებაში, 10 თამაში წაეგოს.

ესპანეთი

„ბარსელონას“ ლიდერი, ლიონელ მესი ყოველთვის გამორჩეული იყო იმით, რომ გოლების უმეტესობა მარცხენა ფეხით გაჰქონდა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ არგენტინელს მარცხენა ფეხი მარჯვენაზე ბევრად უკეთ უმუშავებს. თუმცა, მიმდინარე სეზონში, სიტუაცია შეცვლილია. „კორდობასთან“ მოგებულ (5:0) შეხვედრაში მესიმ 2 გოლი გაიტანა და ორივე მათგანი მარჯვენა ფეხით. ეს ნიშნავს, რომ არგეტნინელმა, ლა ლიგაში, მარჯვენა ფეხით ზედიზედ 4 გოლი გაიტანა, ეს კი მის კარიერაში პირველად მოხდა. მიმდინარე სეზონში მესის მიერ გატანილი 23 გოლიდან 10 მარცხენა ფეხითაა გატანილი, ხოლო 11 - მარჯვენათი.

კატალონიურმა გუნდმა ანგარიში 72-ე წუთზე გახსნა. პედროს ეს გოლი, „ბარსელონასთვის“, ლა ლიგაში 2009 წლის შემდეგ უსწრაფესია. 5 წლის წინათ, ინიესტამ მეტოქის კარი 45-ე წამზე აიღო.

„კორდობას“ მე-2 გოლი ლუის სუარესმა გაუტანა, რომელმაც ნავსი გატეხა და ლა ლიგაში მეტოქის კარი პირველად აიღო. ურუგვაელს, ესპანეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლის გასატანად 570 წუთი დასჭირდა. შედარებისთვის, ინგლისის ჩემპიონატში თავის გამოსაჩენად მას 16 წუთი ეყო.

ესპანური ფეხბურთის რეკორდი გაიმეორა ჩავი ერნანდესმა. ის მხოლოდ მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც ერთი კლუბის მაისურით 741 თამაშის ჩატარება მოახერხა. აქამდე, რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი მადრიდის „რეალის“ ლეგენდა რაული იყო.

„ბარსელონასა“ და „კორდობას“ შორის გამართული შეხვედრა გამორჩეული იმითაც იყო, რომ კატალონიური გუნდის მეტოქემ თამაშის წესები მხოლოდ 5-ჯერ დაარღვია. მას შემდეგ, რაც მსგავსი სტატისტიკა ითვლება, ასეთი ფაქტი პირველად დაფიქსირდა.

ტურის პირველი თამაში ვიგოში გაიმართა, სადაც „სელტამ“ მორიგი თამაში წააგო, ამჯერად „ალმერიასთან“. ვიგოელებს გოლი უკვე 575 წუთია არ გაუტანიათ, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სერიაა.

არადა, შეხვედრის 72-ე წუთზე, „სელტას“ გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ნოლიტომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 2006 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „სელტას“ ფეხბურთელმა, ლა ლიგაში, პენალტი გააფუჭა.

„ალმერიამ“ რომ „ბალაიდოსზე“ 1:0 მოიგო, ეს გასაკვირი არ ყოფილა. ამ გუნდს ხომ ხუან იგნასიო მარტინესი წვრთნის. ამ სპეციალისტის მიერ ლა ლიგაში მოგებული თამაშების 41% სწორედ 1:0 დასრულდა.

უჩვეულოდ უხვგოლიანი ტური ჩატარდა სეგუნდა დივიზიონში. ლიგა ადელანტეში, გასულ უქმეებზე, 42 გოლი გავიდა. სეგუნდას ერთ ტურში ამდენი გოლი მიმდინარე საუკუნეში პირველად გავიდა.

იტალია

იტალიური ფეხბურთის ახალი რეკორდი დაამყარა „იუვენტუსმა“. ტურინული კლუბი პირველია, რომელმაც სერია A-ში, კალენდარული წლის განმავლობაში, 95 ქულა მოაგროვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 3 ქუკლა კალიარიდან წამოიღო. ეს ნიშნავს, რომ „კალიარი“ კვლავ რჩება ერთადერთ გუნდად, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ კედლებში, ჯერ არ მოუგია.

ტურის ცენტრალურ მატჩში „რომამ“ და „მილანმა“ უგოლოდ ითამაშეს. „მილანმა“, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 42 თამაშში 0:0 პირველად ითამაშა.

დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში „მილანს“ მოედნიდან არმერო გაუძევეს, ხოლო ნაიჯელ დე იონგმა ყვითელი ბარათი მიიღო. სერია A-ს 16 ტურის შემდეგ მოედანზე კაცნაკლული ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ, „მილანი“ დარჩა, ხოლო ნაიჯელ დე იონგის ანგარიშზე ყველაზე მეტი, 8 ყვითელი ბარათია.

ტურის ბოლო შეხვედრაში, „ლაციო“, პირველი ტაიმის შემდეგ, „ინტერს“ 2:0 უგებდა, მაგრამ რომაელები მაინც ქულას დასჯერდნენ. ეს იმის ბრალია, რომ „ლაციო“ შესვენების შემდეგ გოლს ხშირად უშვებს. სტეფანო პიოლის შეგირდების მიერ გაშვებული გოლების 74% მე-2 ტაიმზე მოდის, რაც მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინგლისი

პრემიერლიგაში, მოგებათა 6-მატჩიანი სერია შეწყვიტა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც „ასტონ ვილასთან“ ქულები გაიყო. ბირმინგემელებს „წითელ ეშმაკებთან“ ჩატარებულ ბოლო 19 საშინაო შეხვედრაში მოგება არ აქვთ. ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ამაზე ხანგრძლივი სერია მხოლოდ ერთხელ დაფიქსირებულა. 1959-2002 წლებში, „სანდერლენდმა“ „ლივერპულს“ ზედიზედ 20 საშინაო შეხვედრაში ვერ აჯობა.

„მანჩესტერს“ ქულა რადამელ ფალკაომ მოუტანა, რომელმაც გოლის გემო ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გაიხსენა. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 11 ოქტომბრის შემდეგ პირველად აიღო.

ტურის ცენტრალური შეხვედრა „ლივერპულსა“ და „არსენალს“ შორის გაიმართა. სტუმრები 97-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მარტინ შკრტელის დარტყმამ მასპინძლებს ქულა მოუტანა. „ლივერპულის“ მხრიდან, პრემიერლიგაში, ამაზე გვიან გოლი მხოლოდ დირ კუიტს გაუტანია. 2011 წლის აპრილში, ასევე „არსენალთან“ გამართულ შეხვედრაში, ჰოლანდიელმა თავი 102-ე წუთზე გამოიჩინა.

სტატისტიკის გათვალისწინებით, თამაში „ლივერპულს“ უნდა მოეგო. „არსენალის“ კარში მეტოქემ 27-ჯერ დაარტყა, ხოლო ლონდონელები ბურთს სათამაშო დროის 36.5%-ის განმავლობაში ფლობდნენ. მას შემდეგ, რაც მსგავსი სტატისტიკის დათვლა ხდება, „მეთოფეებს“ ამ მაჩვენებლებში ასეთი ცუდი შედეგები პირველად ჰქონდათ.

ბოლო წუთებზე ქულის გადარჩენის მიუხედავად, „ლივერპულის“ საქმეები მაინც ცუდად მიდის. პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ ბრენდან როჯერსის გუნდის ანგარიშზე მხოლოდ 21 გოლია. გასულ სეზონში, ამავე ეტაპზე, მერსისაიდელებს 2-ჯერ მეტი ბურთი ჰქონდათ გატანილი. „ლივერპულს“, 17 ტურში, მხოლოდ 22 ქულა აქვს. პრემიერლიგის ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ ამ ეტაპზე 22 ქულის მქონე გუნდი, საბოლოოდ, ხუთეულში მოხვედრილიყოს.

საფრანგეთი

საფრანგეეთის ლიგა ერთში, „ბორდოსა“ და „ლიონს“ შორის გამართული შეხვედრა მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. „ლიონი“ კარგ ფორმაშია, მაგრამ აუტსაიდერთა შორის არც „ბორდოა“ და სტუმართა 5:0 მოგება ნამდვილად მოულოდნელი იყო. „ლიონის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა, ლიგა ერთში, გასვლითი თამაში 4-ზე მეტი ბურთის სხვაობით მოიგო.

სტუმართა მხრიდან თავი 2 გოლით ალექსანდრ ლაკაზეტმა გამოიჩინა. 23 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე უკვე 17 ბურთა. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს.

ლაკაზეტმა ანგარიში 39-ე წუთზე გახსნა. „ლიონის“ მიერ მიმდინარე გათამაშებაში სტუმრად გატანილი 15 გოლიდან ეს ერთადერთია, რომელიც პირველ ტაიმში გავიდა.

ზედიზედ მე-9 საშინაო თამაში მოიგო გათამაშების ლიდერმა. „მარსელს“ ასეთი სერია 1990/91 წლების სეზონის შემდეგ პირველად აქვს.

0.112247