ძიუდო

12:26 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მებრძოლი” "ოქროს ლიგაშია”, “საგარეჯოს” ცოტა დააკლდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს კლუბმა "მებრძოლმა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში დებიუტი ჩემპიონის ტიტულით აღნიშნა და "ოქროს ლიგის” საგზური მოიპოვა, მეორე ქართულ კლუბს - "საგარეჯოს” კი მიზნამდე ერთი მოგება დააკლდა.

ჰოლანდიაში გამართულ ტურნირში 17 კლუბი ჩაერთო. საქართველოს ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული "მებრძოლი” პირველ ნომრად იყო განთესილი. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება ჰოლანდიურ “რიეტდიკ სპორტთან” შეხვედრით, რომელშიც 4:1 იმარჯვა, შემდეგ ასეთივე ანგარიშით აჯობა გროზნოს "ედელვაისს”. ნახევარფინალში სერბულ "რედ სტარს” 5:0 სძლია, ფინალში კი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ჰოლანდიური კლუბი “კენამჯუ” 4:1 დაამარცხა.

ოქროს მედლის ბედი პირველ სამ შეხვედრაში გადაწყდა. შალვა ქარდავამ (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) მეტოქეები იპონ-იპონ ჩამოიცილეს. ქარდავამ ჯუნიორ დეგენს ორჯერ შეუსრულა ვაზარი, ტატალაშვილმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი დექს ელმონი შებოჭა, ჭრიკიშვილმა კი ფრანკ დე ვიტს ეფექტური სუფთა გდება შეუსრულა.

იპონითვე გაუსწორდა ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ნოელ ვან ტენდს და "მებრძოლის” უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 4:0. მასპინძლებს პრესტიჟის ქულა ჰენკ ხროლმა (+90 კგ) ააღებინა, ადამ ოქრუაშვილის ძლევით. ქართველმა მძიმეწონოსანმა შეხვედრა ფეხის ტკივილის გამო ვადაზე ადრე შეწყვიტა.

პირველ წრეში საქართველოს ნაკრების გამოცდილი წევრებითა და პერსპექტიული ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა "საგარეჯომაც” დაისვენა. შემდეგ სერბულ "რაკოვიცას” და შვედურ "SPIF-ს” ერთნაირი ანგარიშით – 4:1 სძლია, ნახევარფინალში კი "კენამჯუსთან” დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ანალოგიური ანგარიშით, ასევე დრამატულ შეხვედრაში პორტუგალიურ "სპორტინგთან” წააგო და მე-5 ადგილს დასჯერდა. უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად კი ოთხ საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა იყო საჭირო.

ევროპის საკლუბო პირველობის "ოქროს ლიგას” კი ქალაქმა სამარამ უმასპინძლა. ტიტულისთვის ბრძოლაში სულ რვა კლუბი ჩაერთო. ფინალში რუსული კლუბები "იავარა ნევა” და "დინამო -ალანია” გავიდნენ და ევროპის ჩემპიონი "იავარა ნევა” უპრობლემოდ გახდა (5:0).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113993