ფეხბურთი

15:47 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მულტიჩემპიონები

უეფას ოფიციალური ვებგვერდის გამოთვლით, მსოფლიოში მხოლოდ 8 ფეხბურთელი და 4 მწვრთნელია, რომლებსაც ევროპის ოთხ ან უფრო მეტი ქვეყნის ჩემპიონატში ოქროს მედლები მოუგიათ.

მოთამაშეები

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – ჰოლანდია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი

“პარი სენ-ჟერმენის” კაპიტანმა კარიერის განმავლობაში ჯილდოები შთამბეჭდავი რაოდენობით მოაგროვა. “კარიერაში 100 პროცენტით მივაღწიე იმას, რაც მსურდა. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შეიძლება მეტი ტიტული რომ მომეპოვებინა” – ცოტა ხნის წინ განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

მან ჰოლანდიის ჩემპიონატი “აიაქსის” შემადგენლობაში 2001-2002 და 2003-2004 წლების სეზონებში მოიგო. შემდეგ “ინტერთან” ერთად იტალიაში სამი სკუდეტო მოიპოვა (2007, 2008, 2009 წლები). “ბარსელონას” რიგებში შვედმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში 2010 წელს გაიმარჯვა. პარიზში გადაბარგებული პსჟ-ში საფრანგეთის ჩემპიონი 2013 და 2014 წლებში გახდა.

ირჟი იაროშიკი – ჩეხეთი, რუსეთი, ინგლისი, შოტლანდია

პრაღის “სპარტაში” გატარებული 7 წლის განმავლობაში ის ჩეხეთის ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. ამის შემდეგ მოსკოვის ცსკა-ს მიაშურა და 2003 წელს რუსეთის პირველობის ოქრო მოიპოვა. ლონდონის “ჩელსიში” 2004-2005 წლების სეზონში გამოდიოდა და პრემიერლიგა მოიგო. “ბირმინგემში” იჯარის მერე, მას გლაზგოს “სელტიკმა” უხმო. იაროშიკმა გლაზგოურ კლუბში შოტლანდიის პრემიერლიგაში 2007 წელს გაიმარჯვა.

მატია კეჟმანი – სერბეთი, ჰოლანდია, ინგლისი, თურქეთი

“ფეხბურთმა სრულყოფილ ადამიანად ჩამომაყალიბა, რადგან ბევრი კულტურა და ადამიანი გავიცანი” – განაცხადა “ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა. კეჟმანს 10 ქვეყანაში უთამაშია და ხუთ ენას ფლობს. სერბ ფორვარდს ცოტა დააკლდა, რომ 5 ქვეყნის ჩემპიონატი მოეგო. 2001 წელს, ის ბელარუსის ბატეში ასპარეზობდა, მაგრამ ოქროს მედლების მისაღებად სათანადო რაოდენობის მატჩებს თავი ვერ მოუყარა. კეჟმანს “პარტიზანში” სერბეთის პირველობაში გაუმარჯვია (1999), პსვ-ში ჰოლანდიის ჩემპიონატის “ოქრო” აუღია (2001), “ჩელსიში” პრემიერლიგა მოუგია (2005) და “ფენერბახჩესთან” ერთად თურქეთში იპირველა (2007).

მაქსველი – ჰოლანდია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი

ბრაზილიელი მარცხენა მცველი 2012 წელს, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩის თანაგუნდელი მეოთხედ გახდა. შესაბამისად, მას შვედ ფორვარდთან ერთად ტიტულები არაერთხელ მოუგია. ერთად მათ “აიაქსში” 2002 და 2004 წლებში ჰოლანდიის ჩემპიონატში გაიმარჯვეს. შემდეგ, ჯერ რობერტო მანჩინის, ხოლო მოგვიანებით ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მაქსველმა “ინტერში” იტალიის სერია A-ში 3-ჯერ გაიმარჯვა. “ბარსელონაში” 2010 და 2011 წლებში პრიმერადივიზიონში ოქროს მედლებს დაეუფლა. სამხრეთამერიკელი პსჟ-ში საფრანგეთის ჩემპიონი 2013 და 2014 წელს გახდა.

რადე პრიცა – დანია, ნორვეგია, შვედეთი, ისრაელი

შვედი ფორვარდი ერთადერთია, რომელსაც სამივე სკანდინავიური ქვეყნის ჩემპიონატი მოუგია. პრიცა, რომელსაც “სანდერლენდსა” და “ჰანზაშიც” უთამაშია, “ჰელსინბორგში” შვედეთის ჩემპიონი 1999 წელს გახდა. მომდევნო ოქროს მედლების მოსაპოვებლად 9 წელი დასჭირდა - 2008 წელს “ოლბორგის” რიგებში დანიის ჩემპიონატში გაიმარჯვა. შემდეგ, წარმატებას ნორვეგიულ “რუსენბორგში” მიაღწია – 2008 და 2010 წლებში. თელ-ავივის “მაკაბიში” ისრაელის ჩემპიონობა 2012 და 2014 წლებში იზეიმა.

არიენ რობენი – ჰოლანდია, ინგლისი, ესპანეთი, გერმანია

“ეს ასრულებული ოცნებაა და ყველა შესაძლებელიდან საუკეთესო სცენარი” – განაცხადა რობენმა 2013 წელს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ. იმ წელს მან დორტმუნდის “ბორუსიასთან” ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და 2010 და 2012 წლებში წაგებული ჩემპიონთა ფინალების შემდეგ, გამოწვეული ტკივილი გაიქარვა. მაშინ, იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით “ბაიერნი” ერთადერთი გერმანული კლუბი გახდა, რომელმაც “ოქროს ჰეთ-თრიქი” გაიფორმა – ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო.

მანამდე, მას პსვ-ში ჰოლანდიის ჩემპიონატი მოეგო (2003), ინგლისში “ჩელსისთან” ერთად პრემიერლიგა (2004 და 2006), ესპანეთში “რეალის” რიგებში პრიმერადივიზიონის (2008). რობენმა პიკს “ბაიერნში” მიაღწია, სადაც ლუის ვან გაალის, იუპ ჰაინკესისა და ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 11 ტიტულს დაეუფლა. მათ შორის გერმანიის ოქროს მედლები 3-ჯერ მოიპოვა.

უესლი სნეიდერი – ჰოლანდია, ესპანეთი, იტალია, თურქეთი

ჰოლანდიელი გამთამაშებელი მოურინიოს “ინტერის” საკვანძო ფიგურა იყო, რომელმაც სეზონის განმავლობაში 3 ტიტული მოიგო. ეს 2010 წელს მოხდა, როდესაც “ნერაძურიმ” ბოლო 45 წლის განმავლობაში პირველად ჩემპიონთა თასი მოიპოვა. ამასთანავე, “ინტერი” პირველი იტალიური კლუბი გახდა, რომელმაც პარალელურად სერია A-ში გაიმარჯვა და იტალიის თასს დაეუფლა. ”როგორც კი “ინტერში” გადავედი, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნება გახდა, რადგან ვიცოდი, რომ ფინალი “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგებოდა” – აღიარა ნახევარმცველმა, რომელიც “ინტერს” მადრიდის “რეალიდან” მიაშურა. “ინტერთან” ერთად ტრიუმფამდე, სნეიდერი “აიაქსში” ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა (2004), “რეალში” ესპანეთის პირველობა მოიგო (2008), ხოლო “გალათასარაისთან” ერთად თურქეთში გაიმარჯვა (2013).

მარკ ვან ბომელი – ჰოლანდია, ესპანეთი, გერმანია, იტალია

უნივერსალური ნახევარმცველი ჰოლანდიის ნაკრებს არაერთი წლის განმავლობაში კაპიტნობდა, ხოლო საკლუბო დონეზე ოთხ ქვეყანაში 8 საჩემპიონო ტიტული მოიგო. სიტარდის “ფორტუნაში” გატარებული 7 წლის მერე, მან პსვ-ს მიაშურა, რომლის რიგებშიც ჰოლანდიის ჩემპიონატი 2000, 2001, 2003 და 2005 წლებში მოიგო – ბოლო სამი ტიტულის მოპოვებისას ეინდჰოვენელებს კაპიტნობდა. შემდეგ, “ბარსელონას” (2006), “ბაიერნს” (2008, 2012) და “მილანს” (2011) ოქროს მედლების აღებაში დაეხმარა.

მწვრთნელები

ტომისლავ ივიჩი – იუგოსლავია, ჰოლანდია, ბელგია, საბერძნეთი, პორტუგალია, საფრანგეთი

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაო პინტუმ, რომელსაც ივიჩის ხელმძღვანელობით “ბენფიკაში” უმუშავია, თავისი ყოფილი მწვრთნელი ასე დაახასიათა:

“მას მუშაობის უნიკალური სტილი ჰქონდა. ყოველთვის, როდესაც რაღაც აზრი თავში მოსდიოდა, მაშინვე ინიშნავდა”.

აწ გარდაცვლილმა ხორვატმა სპეციალისტმა კარიერის განმავლობაში ევროპის 15 ქვეყანაში იმუშავა. გასული საუკუნის 70-იან წლებში მან “ჰაიდუკს” ყოფილი იუგოსლავიის საფეხბურთო ჩემპიონატი 3-ჯერ მოაგებინა. გარდა ამისა, ჩემპიონის ტიტულს კიდევ ხუთ ქვეყანაში დაეუფლა –ჰოლანდიაში “აიაქსში” (1977), ბელგიაში “ანდერლეხტში” (1981), საბერძნეთში “პანათინაიკოსში” (1986), პორტუგალიაში “პორტუში” (1988), საფრანგეთში “ოლიმპიკში” (1992).

ერნსტ ჰაპელი – ჰოლანდია, ბელგია, გერმანია, ავსტრია

“ჩემს შემთხვევაში ყველაფერმა გაამართლა. არაფერზე გული არ მწყდება” – ერთხელ ასეთი კომენტარი გაუკეთა ჰაპელმა თავის კარიერას. ავსტრიული ფეხბურთის ლეგენდამ მწვრთნელობას ხელი გასული საუკუნის 60-იან წლებში მიჰყო და წარმატებითაც. ის პირველი მწვრთნელი აღმოჩნდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი ორ სხვადასხვა კლუბს მოაგებინა – “ფეინოორდს” 1970-ში და “ჰამბურგს” 1983-ში. ჰაპელს, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება, “ფეინოორდთან” ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატში გაუმარჯვია (1971), “ბრიუგეს” ბელგიაში ოქროს მედლები 3-ჯერ მოაპოვებინა (1976, 1977, 1978), “ჰამბურგი” გერმანიაში აპირველა (1982, 1983), ხოლო “სვაროვსკი-ტიროლი”, რომელიც უკვე აღარ არსებობს, ჰაპელის ხელმძღვანელობით ავსტრიაში 2-ჯერ გაჩემპიონებულა (1989, 1990).

ჟოზე მოურინიო – პორტუგალია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი

“ჩელსიში” გადასვლის შემდეგ, პორტუგალიელმა ისეთი ფრაზა თქვა, რომელიც თითქმის ყველა ევროპული გაზეთის გვერდზე მოხვდა: “გთხოვთ, ამპარტავანი არ დამიძახოთ. მე ევროპის ჩემპიონი ვარ და ვფიქრობ განსაკუთრებული ვარ”.

მოურინიომ იმედი მართლაც გაამართლა. 50-წლიანი შესვენების მერე “ჩელსის” ინგლისის ჩემპიონობა მოაგებინა. “განსაკუთრებულის” ანგარიშზე ოთხ ქვეყანაში მოგებული 7 ტიტულია, ხოლო 2-ჯერ სხვადასხვა გუნდებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

მოურინიო “პორტუსთან” ერთად პორტუგალიის ჩემპიონი გახდა (2003, 2004), “ჩელსის” პრემიერლიგაში გაამარჯვებინა (2005, 2006), “ინტერს” სერია A-ში (2009, 2010), ხოლო “რეალს” ესპანეთის პრიმერადივიზიონში (2012).

ჯოვანი ტრაპატონი – იტალია, გერმანია, პორტუგალია, ავსტრია

75 წლის სპეციალისტს წარსული წარმატებების გახსენება არ უყვარს: “ჩემთვის ის არაა საინტერესო რაც უკვე გავაკეთე, არამედ, ის რის მიღწევაც კიდევ შეიძლება”. საკლუბო დონეზე ტრაპატონის 10 საჩემპიონო ტიტული მოუგია და ჰაპელის რეკორდი პირველმა გაიმეორა, გაიმარჯვა რა ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში. იტალიელი სპეციალისტი ტურინის “იუვენტუსს” 10 წელი ხელმძღვანელობდა და “სკუდეტო” 6-ჯერ აიღო. 1988-1989 წლების სეზონში, ტრაპატონი “ინტერს” თავკაცობდა და სერია A-ში გაამარჯვებინა. ასევე, მან “ბაიერნს” გერმანიის ჩემპიონატი მოაგებინა (1997), “ბენფიკას” – პორტუგალიის (2005), ხოლო “ზალცბურგს” – ავსტრიის (2007).

0.114624