ფეხბურთი

18:31 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნა ფონიავა: “დინამოდან” დამირეკეს, მაგრამ...”

მარტვილის “მერანის” 20 წლის ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია. წლევანდელ ჩემპიონატში მის ანგარიშზე 6 გოლია, თან მერანელმა საკმაოდ ლამაზი გოლებით გამოიჩინა თავი და რაც მთავარია ის გუნდისთვის შედეგის მომტანია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფონიავათი თბილისის “დინამო” და კიდევ რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. თუ სად გააგრძელებს ფონიავა კარიერას და რა გეგმები აქვს, ამის შესახებ ფეხბურთელმა “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა:

- უპირველესად თქვენს მომავალ გეგმებზე გკითხავთ... სხვა გუნდებიდან თუ გაქვთ შემოთავაზებები ?

- დიახ, მქონდა შემოთავაზებები, თბილისის “დინამოდან” და ასევე სხვა გუნდებიდანაც, მაგრამ კიდევ წელიწადნახევარი კონტრაქტი მაკავშირებს “მერანთან” და ჯერჯერობით ვერსად ვერ წავალ. ძნელია “დინამოს” შემოთავაზების უარყოფა, მაგრამ “მერანი” საამისოდ გარკვეულ თანხას ითხოვს და ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. “მერანისაც” მესმის, მე მათი აღზრდილი ვარ და გუნდის პოზიციაც გასაგებია. უცხოეთიდანაც მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ ჯერ “მერანს” ვეკუთვნი, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

- მერანზერას გვეტყვი, პირველი წრე მძიმედ დაიწყეთ, თუმცა ლობასის მოსვლის შემდეგ გუნდმა ხარისხიც გამოასწორა და შედეგიც..

- გეთანხმებით. ახალგაზრდული გუნდი ვართ, გვყავს რა თქმა უნდა გამოცდილი ფეხბურთელებიც. Gგამომდინარე იქიდან, რომ პირველი წრის ყველა საშინაო თამაში ნეიტრალურ მოედანზე ჩავატარეთ, ვფიქრობ დღეს დაფიქსირებული შედეგი დადებითად უნდა შეფასდეს. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ლობასი ძალიან კარგი ადამიანია, თავიდან ენის ბარიერის გამო გვქონდა გარკვეული დაბრკოლება, მაგრამ უკვე კარგად ვუგებთ ერთმანეთს და “მერანს” რომ მწვრთნელის ხელი დაეტყო, აშკარაა. კარგი ვარჯიშები გვაქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარმა მწვრთნელმა გუნდი ერთ მუშტად შეკრა, ერთსულოვნებას, ჟინს და მონდომებას კი ყოველთვის მოაქვს შედეგი.

_ რას ეტყოდით “მერანის” გულშემატკივრებს?

_ მადლობის მეტი რა გვეთქმის. მართალია, სხვა ქალაქში გვიწევს საშინაო შეხვედრების ჩატარება, მაგრამ ისინი მუდამ თან დაგვყვებიან და გვქომაგობენ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელებისთვის და განსაკუთრებული სტიმული მოაქვს. მარტვილში უყვართ ფეხბურთი, ბატონმა ფრიდონ ინჯიამ დიდი საქმე გააკეთა და აკეთებს, დღეს რომ “მერანი არსებობს მისი დამსახურებაა. გულშემატკივარს კი გახსნილ, შემტევ ფეხბურთს და რაც მთავარია გამარჯვებებს ვპირდებით. “

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112806