ფეხბურთი

19:53 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერი, რომელიც ფეხბურთის ღირსი არ არის!!!

ამ ბოლო დროს თითქმის ყველას პირზე აკერია საქართველოს ნაკრების ცუდი გამოსვლა და ქართული ფეხბურთის სიკვდილის ამბავი, მაგრამ ერთეულების გარდა მთავარ პრობლემაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას: სად უნდა გაიზარდოს ფეხბურთელი? ბუნებრივია მოედანზე და სადაა ეს მოედნები? მარტო თბილისში, სადაც ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ცხოვრობს - ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე 10 მოედანი მოისპო. მოისპო ფეხბურთისთვის, თორემ, იცოცხლეთ - ე.წ. ბიზნესმენებმა ხელი მოითბეს!!!

ბიზნესმენებს რომ ეძახიან, იმ ხალხმა თბილისში გააქრო: სტუდქალაქის, ოქროყანის, ნორჩი დინამოელის, ავლაბრის, 35-ე სკოლის, სპორტის აკადემიის სტადიონები, დიდი ხანია გაყიდულია მუხიანის სტადიონი, „სინათლე“, „შევარდენი“...

საქართველოს ნაკრების უახლესი ისტორიის სამჭედლო - ჯიქიაზე მდებარე „ოლიმპის“ სტადიონიც გაყიდულია და უცხოელი ინვესტორები უკვე კბილებს აკრაჭუნებენ სიხარულით, როდის დაჰკრავენ ექსკავატორის მუხლუხებს ამ კორპუსებში ჩაძირულ საფეხბურთო ოაზისს, რათა ჩვენი უდარდელი ერისთვის ბეტონის კორპუსები ააშენონ, ფული აიღონ და იმ კორპუსებში მაცხოვრებელი ბავშვები ქუჩისთვის გაწირონ.

კიდევ ერთი სტადიონი შეიძლება განადგურდეს კიდევ ერთი ქართული კომპანიის, სახელად „ბამბის ნართის“ მიერ, რომლის ბალანსზეც ირიცხება ნაძალადევში ერთ-ერთი უძველესი სტადიონი თბილისში - ე.წ. „ფეიქარი“, რომელმაც უამრავი ფეხბურთელი გამოზარდა, და ათჯერ მეტი კი - ქუჩას ააცდინა. გამოზრდილ ფეხბურთელებში კი არიან საქართველოს ყველა დროის საუკეთესოები და ცოცხალი ლეგენდები: ალექსანდრე ჩივაძე, ვოვა გუცაევი, ძმები მაჩაიძეები, ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი....

კბილებით უჭირავთ სტადიონი საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ჟანი (მეტსახელად - ბაბუ) ლეჟავას და დათო სხიერელს, რომელიც გინესების რეკორდების წიგნშია შესატანი - ბავშვები რომ ქუჩას მოაცდინოს. დათომ არც მეტი, არც ნაკლები - საკუთარ სახლში გახსნა გასახდელი და უსასყიდლოდ ემსახურება სტადიონს... ვის არ მისწერა მწვრთნელთა დუეტმა, პარლამენტიდან დაწყებული და რაიონის გამგეობით დამთავრებული, მაგრამ რად გინდა, სტადიონი „ბამბის ნართს“ ეკუთვნის და როდის მოადგებიან აქაურობას ბულდოზერები, კაცმა არ იცის...

ცნობისათვის, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბოლო ათ წელიწადში ჩვენთან რომ 10 სტადიონი განადგურდა- იქ 10 აშენდა, სომხეთის დედაქალაქ ერევანში კი- ორი საფეხბურთო ბაზა და ოცამდე (!!!) მოედანი... აბა გაბედოს ვინმემ და დაუკითხავად შევიდეს ამ მოედნებზე (გაყიდვაზე არაფერს ვამბობ!!!)...

აბა მითხარით, ყოველივე იმის მერე, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ვართ კი ფეხბურთის ღირსები?

მამუკა კვარაცხელია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110793