რაგბი

15:28 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერალ 1-ის ამბები

საფრანგეთის ნახევრადპროფესიული, მესამე დონის ფედერალ 1-ი საახალწლო შესვენებაზე გავიდა. გუნდებმა მე-11 ტურის შეხვედრები მოილიეს. ორ ჯგუფს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს და ისინი პლეი ოფში გავლენ, ხოლო დანარჩენ ჯგუფებში და ზოგადად დანარჩენი ადგილებისთვის დიდი ბრძოლები 2015 წლიდან განახლდება.

პირველ ჯგუფში გიორგი ჩხაიძისა და გიორგი სორდიას “ლილმა” უშუალო კონკურენტი, ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის “ლიმოჟი” სტუმრად 24:6 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ ბურჯი კაზალიკაშვილი იყო და შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა. სტუმართა შორის შერკინების შემკვრელად (8 ნომერი) სრულად ითამაშა ჩხაიძემ, ხოლო სორდია შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა. “ლილმა” მეტოქე დასკვნით 15 წუთში გატეხა, ორი ლელო გაიტანა და 11 თამაშიდან 32 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “ლიომოჟი” მას ქულით ჩამორჩება და მესამეა.

31 ქულით მეოთხე ადგილზეა რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის “მონლუსონი”, რომელსაც მე-11 ტურში გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “ბერჟერაკმა” 27:6 აჯობა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში ჟღენტმა შეცვალა გაბელია. სტუმართა შორის სრულად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფულბეკმა კვირიკაშვილმა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს მოდებაძე, ხოლო გიგაურმა მეორე ტაიმში შეცვლაზე ითამაშა. “ბერჟერაკმა” პრემიალური ქულაც აიღო, 26 ქულით მე-5 ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება საპლეიოფო ზონაში მყოფ “მონლუსონსა” და “ლიმოჟს”.

ავთო კოპალიანის “ბობინი” თედო ზიბზიბაძისა და გიორგი ოზგებაშვილის “პერიგოს” დაუზავდა - 6:6. კოპალიანმა სრულად ითამაშა, სტუმართა ქართველები განაცხადში არ იყვნენ. “პერიგო” 23 ქულით მეექვსეა, “ბობინი” 12 ქულით ბოლო ადგილზეა.

ირაკლი ნატრიაშვილისა და გიორგი მენაბდიშვილის “ტულე” 15:36 დამარცხდა “ნევერთან”, რომელიც 49 ქულით პირველ ადგილზეა და მის ლიდერობას საფრთხე არ ემუქრება. “ტულეს” სასტარტო შემადგენლობაში იყო ნატრიაშვილი და 45-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მენაბდიშვილი შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. ქართველთა გუნდი 22 ქულით მე-7 ადგილზეა.

16 ქულით მერვეა ირაკლი ნინიძის “ლორმონი”, რომელმაც “ლიბურნი” 15:9 დაამარცხა. ნინიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.

მეორე ჯგუფში ასტამურ იოსელიანის “რომანიმ” გიორგი სულუაშვილის “ბურგ ან ბრესი” 12:11 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ იოსელიანი იყო და ის რეფერიმ 54-ე წუთზე წითელი ბარათით გააძევა. ამ დროს მასპინძლები 3:11 აგებდნენ, მაგრამ ორი ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, ხოლო ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი არეკნი გაიტანეს. ამ მოგებით “რომანი” 32 ქულით მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო “ბურგ ან ბრესი” 35 ქულით მეორეა და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ობნას”.

33 ქულით მესამეა გურამ კავთიძის “მაკონი”, რომელსაც დავით ბალანჩივაძის “ლა ვულტთან” (15-ქულა, მე-8 ადგილი) უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო. საბა ქართველიშვილის “შამბერიმ” “შალონი” სტუმრად 16:13 დაამარცხა და 32 ქულით მეოთხეა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი ჯაშიტაშვილის, მიხეილ გაჩეჩილაძისა და რევაზ ბელქანიას “კარკერანი” “ობნასთან” 3:44 დამარცხდა. გაჩეჩილაძემ შერკინების მესამე ხაზში სრულად ითამაშა, ბელქანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. “კარკერანი” 11 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა თემურ გელანტიას “ტრიკასტინმა” და 6 ქულით ბოლო ადგილზეა. განვლილ ტურში ამ გუნდმა ქართველი ლეგიონერის გარეშე ნოდარ ჭეიშვილის “ლა სეინი” 30:28 დაამარცხა. ჭეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში 47 წუთი ითამაშა. მისი გუნდი ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით დამარცხდა, მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა და 10 თამაშიდან 15 ქულით მე-7 ადგილზეა.

მესამე ჯგუფში ქართველი ლეგიონერების მხოლოდ ერთი გუნდია - ტარიელ დონაძის “როდეზი” და ის “სენტ ნაზერთან” 6:9 დამარცხდა. დონეძე განაცხადში არ იყო, “როდეზი” 25 ქულით მე-7 ადგილზეა.

მეოთხე ჯგუფს 49 ქულით ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსი” ლიდერობს, უახლოეს მდევარს 16 ქულით უსწრებს და დიდი ალბათობით მის პირველობას ვეღარავინ დაემუქრება. განვლილ ტურში მან ლადო გუნიავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “აგდე” სტუმრად 38:3 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. მატჩში სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და სამივე სასტარტო შემადგენლობაში იყო - გუნიავამ 64-ე, ზაქაშვილმა 39-ე და პატარაიამ 52-ე წუთამდე ითამაშა. “აგდე” 18 ქულით მე-7 ადგილზეა.

ლაშა მალაღურაძის “ბანიერმა” ჯგუფის აუტსაიდერი, ბექა ბურდიაშვილის “გროლე” სტუმრად 18:13 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავი, რომელიც ირლანდიასთან მატჩში დაშავდა, შეცვლაზე 43-ე წუთზე შევიდა და 70-ეზე ჯარიმით ანგარიში 18:3 გახადა. ბურდიაშვილმა ასევე შეცვლაზე მეორე ტაიმი ითამაშა. “ბანიერი” 28 ქულით მეოთხეა, “გროლე” 14 ქულით ბოლო ადგილზეა.

სიმონ მაისურაძის “ვალანსმა” თორნიკე ლომიძის “ოში” 12:9 დაამარცხა და 26 ქულით მეხუთეა, ხოლო “ოში” 33 ქულით მეორეა. განვლილ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ მაისურაძემ მიიღო, ის შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა და ხუთ წუთში სინბინით დაისაჯა. “ვალანსმა” დასკვნით 12 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ამის ხარჯზე მოიპოვა.

ახლა ფედერალ 1 შესვენებაზე გადის და მე-12 ტურის თამაშები 10-11 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113701