ფეხბურთი

11:47 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს დუნგა: “კეთილი ძიას როლს ვერ შევასრულებ”

...1993 წელს “შტუტგარტმა” იტალიური “პესკარადან” ბრაზილიელი ნახევარმცველი გადაიყვანა, რომლის პირველი ბუნდესლიგური მატჩის სანახავად სტადიონზე უამრავი გულშემატკივარი მივიდა. გერმანული სამანქანო ინდუსტრიის ლიდერი ქალაქის საფეხბურთო წარმომადგენლის სამხრეთამერიკელმა ლეგიონერმა დორტმუნდის “ბორუსიას” გოლი 40-იოდე მეტრიდან დარტყმის შემდეგ გაუტანა, ასპარეზობის დასრულების შემდეგ კი გარსშემოხვეულ ალემან ჟურნალისტებს დამცინავად განუცხადა: “მხოლოდ და მხოლოდ იმის შემოწმება მსურდა, როგორ გაფრინდებოდა ბურთი და მართლა ასე ძლიერები არიან თუ არა გერმანელი მეკარეები”. ძალიან მალე ბრაზილიელი შუახაზელი კრისტოფ დაუმის საყვარელ ფეხბურთელად იქცა. “იგი საფეხბურთო “აზრის გიგანტია”, მასზე უკეთ თამაშის “წაკითხვა” არავის ძალუძს”, - არ იშურებდა ეპითეტებს სკანდალურად ცნობილი სპეციალისტი. საუბარი კი მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონ, ბრაზილიის ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზე კარლოს კაეტანო ბლედორნ ვერიზე ანუ დუნგაზე გვაქვს.

გერმანელ-იტალიელი ემიგრანტების შთამომავალი დუნგა 1963 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა. 16 წლისამ მან პირველ პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი და “ინტერნასიონალში” ჩაირიცხა. იტალიაში გადაბარგებამდე დუნგა ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთის გრანდებში (“კორინთიანსი”, “სანტოსი”, “ვასკო და გამა”) ასპარეზობდა, აპენინის ნახევარკუნძულზე კარლოსი “პიზაში”, “ფიორენტინასა” და “პესკარაში” ასრულებდა საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციებს, “შტუტგარტის” შემდეგ კი თავი ამომავალი მზის ქვეყანაში ამოჰყო და ჯეი-ლიგის “ჯუბილო ივატას” მოთამაშეებს ეხმარებოდა “საფეხბურთო ჭეშმარიტების” ათვისებაში. ბრაზილიის ნაკრების რიგებში დუნგამ 3 მუნდიალზე (1990, 1994, 1998) იასპარეზა. აშშ-ის სტადიონებზე ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას მან რაისგან კაპიტნის სამკლავური ჩაიბარა, საბოლოოდ კი პლანეტის პირველობა ბრაზილიელთა ტრიუმფით დასრულდა. 4 წლის შემდეგ, საფრანგეთში დუნგამ ნაკრებს შვიდივე შეხვედრაში უკაპიტნა და ისევე, როგორც ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ვერცხლის მედლის (ორივე ფინალში ბრაზილიელები ფრანგებთან დამარცხდნენ) კავალერი გახდა.

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დასანიშნთა შორის კარლოს დუნგას კანდიდატურა ჯერ კიდევ 2000 წელს განიხილებოდა, მაგრამ მაშინ დამწყებმა მწვრთნელმა ქვეყნის საფეხბურთო კონფედერაციის სტრატეგია არ მოიწონა და გზა ვანდერლეი ლუქსემბურგოს “დაუთმო”. პენტაკამპეონთა დამრიგებლად დუნგა 2006 წლის 24 ივლისს დაინიშნა და მას შემდეგ მოყოლებული ბრაზილიელებს 2 მნიშვნელოვანი ტურნირი კოპა ამერიკა (2007) და კონფედერაციათა თასი (2009) მოაგებინა.

სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ბარიერი დუნგას რჩეულებმა დამაჯერებლად დაძლიეს - შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი პირველ პოზიციაზე დაასრულეს. ამის მიუხედავად, ბრაზილიელი ტორსიდა დუნგას სასელექციო პოლიტიკით უკმაყოფილო იყო. დუნგა გერმანული პრაგმატიზმით განაგრძობდა საქმიანობას. მისი თქმით, გუნდი უნდა უტევდეს, მაგრამ იერიშები გამიზნულადაა განსახორციელებელი და გუნდი მთლიანობაში ჰარმონიულ ფეხბურთს უნდა უჩვენებდეს მაყურებელს. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ამგვარი სტილით თამაშს ბრაზილელები მეოთხედფინალამდე ახერხებდნენ (ჯგუფურ ეტაპსა და მერვედფინალში პენტაკამპეონებმა 8 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 2 მიიღეს), ამ ეტაპზე კი ჰოლანდიელებთან ვერაფერი გააწყვეს, 1:2 დამარცხდნენ და სამშობლოში ნირწამხდარნი დაბრუნდნენ, დუნგას რაც შეეხება, იგი პოსტიდან გადადგა.

დუნგა სელესაოს ხელმეორედ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაუდგა და ჯერჯერობით, კარლოს დუნგას დაბრუნება მშვენივრად წაადგა ბრაზილიას. მის მიმართ კრიტიკა აღარ ისმის და პესიმისტები გაჩუმდნენ. დუნგამ ბევრი ცვლილება მოახდინა ეროვნულ გუნდში და ჯერჯერობით ბრაზილიელები ამხანაგურ მატჩებში შესანიშნავად გამოიყურებიან. პენტაკამპეონებმა იაპონიას და თურქეთს 4:0 მოუგეს, არგენტინას 2:0 სძლიეს, ეკვადორსა და კოლუმბიასთან 1:0 იმარჯვეს, ავსტრია კი 2:1 დაამარცხეს.

- რა შეცვალეთ ბრაზილიის ნაკრებში ხელმეორედ მოსვლის შემდეგ?

- აქცენტი გავაკეთეთ სწრაფ და სხარტ ფეხბურთელებზე, მომავალშიც ამას მივმართავთ. შემადგენლობის განახლება შემდგომშიც მოხდება, ბევრს მიეცემა შანსი და მათზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გამოიყენებენ ბოძებულ შესაძლებლობას.

- ტიაგუ სილვა ამბობს, კაპიტნის სამკლავური ისე ჩამომართვეს, წინასწარ ეს ამბავი ჩემთვის არ შეუთანხმებიათო...

- ჩვენ გუნდში არანაირი კონფლიქტი არაა. კაპიტნობას რაც შეეხება, მთავარი სამკლავურის ტარება კი არა, ლიდერის თვისებების გამოვლენაა. ყოველმხრივ ვცდილობთ, გასული მუნდიალის მონაწილე ფეხბურთელებს დამაჯერებლობა და საკუთარი თავისადმი რწმენა დავუბრუნოთ. ვითვალისწინებთ მოთამაშეთა დამსახურებას, მაგრამ ნაკრებში ის იასპარეზებს, რომელიც კონკრეტული მატჩისთვის საუკეთესოდ იქნება მზად.

- საუბრისას საკმაოდ რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში მკაცრი მწვრთნელის რეპუტაციით სარგებლობთ. თქვენთვის ავტორიტეტი არ არსებობს, რის გამოც საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავი შესაძლოა გუნდს მიღმა დატოვოთ ან სათადარიგოთა სკამზე დასვათ. ამის გამო ნაკრების წევრებთან უთანხმოება არ მოგდით?

- ჩემი საფეხბურთო კრედო მოკლედ შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს – ვარსკვლავები გუნდზე უნდა “მუშაობდნენ” და არა პირიქით. უპირველესი საზრუნავი ნაკრებში ისეთი ატმოსფეროს დანერგვაა, რომელიც კოლექტივიზმის პრინციპებს ერთხელ და სამუდამოდ გააბატონებს. მიზნად ახალი ნაკრების აშენება დავისახეთ და ასეთ დროს მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობა ერთი-ორად იზრდება. დავუშვათ და სიახლეების დანერგვამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მაშინ ხომ დამრიგებლის თავს “დააგორებენ”. ამიტომაც კეთილი ძიას როლს ნაღდად ვერ შევასრულებ. მით უმეტეს, როცა ბრაზილიას ყველა მატჩში გამარჯვებას სთხოვენ.

- მწვრთნელთაგან თბილი ურთიერთობა იტალიელ სპეციალისტ მარჩელო ლიპისთან ჩამოგიყალიბდათ...

- 1992 წლის ზაფხულში ფლორენციის “ფიორენტინასთან” ერთად კასტელ დელ პიანოში წინასასეზონო მზადებაზე გახლდით. კლუბის მაშინდელ პრეზიდენტთან ვიტორიო ჩეკი გორისთან უთანხმოება მომივიდა, რის გამოც ტრანსფერზე დამაყენეს. იმავე საკურორტო ქალაქში ბერგამოს “ატალანტაც” ვარჯიშობდა, რომლის მთავარ მწვრთნელად მარჩელო ლიპი ახალი დანიშნული იყო. იგი “ფიორენტინას” ერთ-ერთ ვარჯიშს დაესწრო და წვრთნის დასრულების შემდეგ გამომელაპარაკა. ლიპი საქმის კურსში გახლდათ ჩემს თავს დატრიელებულ ამბებთან დაკავშირებით და გამამხნევა, მითხრა, ყველაფერი კარგად იქნება და წინ წარმატებული საფეხბურთო კარიერა გელისო.

თეგებიდუნგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103955