ფეხბურთი

13:57 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი აქტიურ ფეხბურთს ჩამოშორდა და დიდებული ისტორია დაგვიტოვა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ტიერი ანრიმ ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა, აქტიურ ფეხბურთს დაემშვიდობა და მუშაობა ინგლისურ სპორტულ არხზე დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული წერილით დაადასტურა:

"აქტიურ ფეხბურთში ყოფნის 20 წლის შემდეგ გადავწყვიტე კარიერა დავასრულო. წარმოუდგენელი კარიერა მქონდა და მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს, რომლებიც მყავდნენ "მონაკოში", ტურინის "იუვენტუსში", ლონდონის "არსენალში", კატალონიის "ბარსელონასა" და "ნიუ იორკ რედ ბულსში" და, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში - მათ ჩემ თამაშს განსაკუთრებული ხიბლი შემატეს.

დროა სხვა კარიერა დავიწყო და მოხარული ვარ, ლონდონში რომ დავბრუნდები და შKყ შპორტს-ს შევუერთდები. ვიმედოვნებ, ჩემ გამოცდილებას ყველას გავუზიარებ. იმ გამოცდილებას, რომელიც თქვენთან ერთად მივიღე ბიჭებო. შემომრჩა გასაოცარი მოგონებები (უმეტესად კარგი) და შესანიშნავი გამოცდილება. გნახავთ სხვა გარემოში..." - განაცხადა ანრიმ.

აღნიშნული ინფორმაცია SKy Sports-ის "თვითერის" ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისურ სპორტულ არხთან ანრიმ კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ფრანგი 31.5 მილიონ ევროს მიიღებს. იგი პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ლონდონის "არსენალის" მატჩების ტრანსლიაციას გაუძღვება. ანრის კონტრაქტის მიხედვით ექნება დრო, რათა სამწვრთნელო ლიცენზია მოიპოვოს.

ანრის საფეხბურთო კარიერის დეტალები, საკლუბო, სანაკრებო და პირადი მიღწევები

ტიერი ანრის მსოფლიოში ერთ-ერთი შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა. ფრანგმა 17 წლის ასაკში მოღვაწეობა "მონაკოში" მაშინ დაიწყო, როდესაც კლუბი არსენ ვენგერს დატოვებული არ ჰქონდა და გამოცდილმა სპეციალისტმა ისევე, როგორც ბევრ ახალგაზრდას, ანრისაც გზა გაუკვალა. 1994 წლის 31 აგვისტოს თავდამსხმელის დებიუტი ლიგა 1-ში შედგა.

1996/97 წლების სეზონი მისთვის წარმატებული გამოდგა "მონაკოს" რიგებში ლიგა 1-ის და საფრანგეთის თასის მფლობელიც გახდა და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც აღიარეს. "მონაკოს" რიგებში ანრიმ 141 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. 1997 წელს ანრი "მამლების" რიგებს შეუერთდა და "სამფეროვანთა" მაისურით მისი დებიუტი 11 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ შედგა. ტიერიმ ერთ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მუნდიალზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, 3 გოლიც გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

1999 წლის 18 იანვარს საფრანგეთში მობურთალი მსოფლიო ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსში" მიიღეს, თუმცა იტალიაში თავი ვერ გამოიჩინა, 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ზაფხულში არსენ ვენგერს ლონდონის "არსენალში" შეუერთდა.

ინგლისში გატარებული პერიოდი კი ანრისთვის ყველაზე დასამახსოვრებელია. ნისლიან ალბიონზე გატარებულ რვა სეზონში მან ყველა ტიტული მოიხვეჭა. ანრი პრემიერლიგის ჩემპიონი 2001/02 და 2003/04 წლებში გახდა. ფრანგმა ფეხბურთის ასოციაციის თასი 2002, 2003 და 2005 წლებში, ხოლო 2002 და 2004 წელს "ქომიუნითი შილდის" (სუპერთასის) გამარჯვებულიც გახდა. "მეთოფეთა რიგებში" ანრიმ 377 მატჩი ჩაატარა და 228 გოლი გაიტანა.

2007 წელს ფრანგი თავდამსხმელი კატალონიის "ბარსელონას" შეუერთდა და "ბლაუგრანას" რიგებში სანატრელი ჩემპიონთა ლიგის ტიტული 2008/09 წლების სეზონში მოიხვეჭა. ლა ლიგა ანრიმ 2008/09 და 2009/2010 წლების სეზონში მოიგო. ესპანეთის თასის, სუპერთასის, უეფას სუპერთასის და ფიფას საკლუბო მსოფლიო თასის გამარჯვებული ასევე 2009 წელს გახდა. "ბარსელონას" რიგებში ანრიმ 121 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი.

ევროპული ვოიაჟის შემდეგ კი ანრიმ კარიერა ოკეანის გაღმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა, სადაც "ნიუ იორკ რედ ბულსის" მაისურით 4 წელი და 6 თვე ითამაშა ჩაატარა 123 მატჩი და 51 გოლი გაიტანა. ამერიკული გუნდის რიგებში მან MLშ-ის აღმოსავლეთ კონფერენცია 2010 და 2013 წელს მოიგო, ხოლო 2013 წელს რეგულარული სეზონის სარეკორდო მაჩვენებლის დაფიქსირების გამო ანრიმ "ნიუ იორკ რედ ბულსთან" ერთად “საფორტერ შილდ”-ის გამარჯვებულიც გახდა. 2014 წელს მან ბოლო მატჩი 30 ნოემბერს "ნიუ ინგლენდის" წინააღმდეგ ჩაატარა და როგორც შემდგომში გაირკვა, კარიერაც დაასრულა.

სანაკრებო დონეზე უკვე მოგახსენეთ. ანრი მსოფლიო ჩემპიონი 1998 წელს სამშობლოში გახდა, 2006 წელს კი იტალიასთან განცდილი მარცხის შემდეგ მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. 2000 წელს ბელგიასა და ჰოლანდიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მოიგო. რაც შეეხება კონფედერაციის თასს, ფრანგმა აღნიშნული ტიტული 2003 წელს მოიგო. ანრის კიდევ აქვს ერთი სანაკრებო ტიტული: 2000 წელს საფრანგეთმა მეფე ჰასან მეორის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. სულ "მამლების" რიგებში თავდამსხმელმა 123 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა.

ინდივიდუალურ მიღწევებს რაც შეეხება, ანრი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ ზედიზედ გახდა (2002/03, 2003/04), ფეხბურთის ასოციაციის საუკეთესო ნაკრებში ზედიზედ 6-ჯერ მოხვდა (2000/01, 2001/02, 2002/03, 2003/04, 2004/05, 2005/06), ფეხბურთზე მწერალთა ასოციაციამ ანრი საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დაასახელეს (2002/03, 2003/04, 2005/06), პრემიერლიგის ოქროს ბუცის მფლობელი ანრი 4-ჯერ გახდა (2001/02, 2003/04, 2004/05, 2005/06), 2002/03 წლების სეზონში თავდამსხმელი საუკეთესო გოლის ავტორიც გახდა.

"არსენალში" თამაშის დროს ანრი უეფას წლის საუკეთესო გუნდში 5-ჯერ მოხვდა (2001, 2002, 2003, 2004, 2006). ევროპის “ოქროს ბუცი” ზედიზედ ორჯერ 2003/04 და 2004/05 წლების სეზონში მოიპოვა. ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით ანრი მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირად 2003 წელს გახდა. 2004 წელს ტიერი ფიფას საუკეთესო 100 ფეხბურთელთა შორის ფიგურირებს, 2006 წელს მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო 11 ფეხბურთელშიც ხვდება. აშშ-ს ჩემპიონატის საუკეთესო გუნდში ანრი სამჯერ შეიყვანეს (2011, 2012, 2014), ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად 2013 წელს დაასახელეს.

ანრიზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი აქტიურ კარიერას დაემშვიდობა და კომენტატორობას მიჰყო ხელი. მას მწვრთნელობაც სურს და ვინ იცის, შესაძლოა, მომავალში ერთ-ერთი წამყვანი ევროპული გრანდის მთავარ მწვრთნელადაც ვიხილოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147224