პორტუგალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა, პორტუგალიური კლასიკო, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირებაა – “პორტო” “დრაგაოზე” “ბენფიკას” უმასპინძლებს.
ამ მომენტისთვის “ბენფიკა” 31 ქულით პირველ ადგილზეა და დღევანდელ მეტოქეს 3 ქულით უსწრებს. გამარჯვების შემთხვევაში “დრაკონები” პირველ პოზიციაზე გადადიან.
თუ პორტუგალიის ჩემპიონატში ორივე კლუბი წარმატებით ასპარეზობს, იმავეს ვერ ვიტყვით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც აბსოლიტურად განსხვავებული სიტუაცია აქვთ გრანდებს. “დრაკონებმა” მთელი ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად განვლეს და პირველ ადგილზე გავიდნენ, ხოლო “არწივები” ძალიან ცუდად გამოვიდნენ და ბოლო ადგილს დასჯერდნენ. ამას თავის ობიექტური მიზეზები აქვს, კლუბმა ზაფხულში ძალიან ბევრი ძლიერი მოთამაშე გაყიდა და ორ ფრონტზე წარმატებით თამაში ვეღარ შეძლო.
საპირისპიროდ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ძალიან გაძლიერდა “პორტო” და დღევანდელ შეხვედრაში სამართლიანად ითვლება ფავორიტად. ხულენ ლოპეტეგიმ 20-კაციანი სამატჩო განაცხადი გუშინ გამოაქვეყნა, რომლის გადაწყვეტილებითაც შეხვედრისთვის ყურება ტრიბუნიდან მოუწევთ რიკარდო ნუნეშსა და კელვინს, ხოლო რუბენ ნევეში ტრავმის გამო ვერ მოხვდა განაცხადში.
რაც შეეხება ”ბენფიკას”, დიდი ალბათობით “არწივებს” ერთ-ერთი ლიდერი ტალისკა არ ეყოლებათ. სხვა მხრივ, სტუმრებს დანაკლისი არ აქვთ.
“პორტომ” პორტუგალიის ჩემპიონატში ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა, ხოლო სტუმრებს ზედიზედ 4 მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ.
შეხვედრის მთავარი არბიტრი 39 წლის ჟორჟე დე სოუზა იქნება, რომელიც 2006 წლიდან ფიფას კატეგორიის მსაჯია.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტო (4-2-3-1): ფაბიანო, ინდი, მაიკონი, დანილო, ალექს სანდრო, ერერა, ო.ტორესი, ბრაჰიმი, კინტერო, ტელო, მარტინესი.
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი
ბენფიკა (4-4-2): ჟ.სეზარი, მ.პერეირა, ჟარდელი, ლუიზაო, ალმეიდა, სამარისი, პერესი, გაიტანი, სალვიო, ჟონასი, ლიმა.
მწვრთნელი: ჟორჟე ჟეჟუში
მსაჯი: ჟორჟე დე სოუზა
ურთიერთშეხვედრები
| 10.05.14 | ჩემპიონატი | პორტო | ბენფიკა | 2 : 1 |
| 27.04.14 | ლიგის თასი | პორტო | ბენფიკა | 0 : 1 |
| 16.04.14 | ტაკა თასი | ბენფიკა | პორტო | 3 : 1 |
| 27.03.14 | ტაკა თასი | პორტო | ბენფიკა | 1 : 0 |
| 12.01.14 | ჩემპიონატი | ბენფიკა | პორტო | 2 : 0 |
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.






