სხვა

15:24 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა 2013/14 წლების ანგარიში წარმოადგინა

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სამინისტროს ორი წლის ანგარიში წარადგინა.

დარბაზში შეკრებილნი იყვნენ ქართული სპორტის წარმომადგენლები. ლევან ყიფიანი თავიდან დარბაზში შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და წლიური ანგარიშის წარდგენამდე შესავალი გააკეთა.

ლევან ყიფიანი: საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის ფარგლებში ჩვენ საზოგადოებას ვაბარებთ ანგარიშს იმ ორწლიანი საქმიანობის შესახებ, რომელიც განვლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. რთული და საინტერესო წლები იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს თანამშრომლებს, თქვენი საქმიანობის გარეშე ვერ ვითანამშრომლებდით მეგობარ ორგანიზაციებთან და სამინისტროებთან. ჩვენი გზა დაიწყო 2012 წლის ოქტომბერში და პირდაპირ ჩავერთეთ სპორტის, ახალგაზრდების, რეორგანიზაციის კუთხით. რეორგანიზაცია ეხება იმ ინსტიტუციონალურ ცვლილებებს, რომელიც დავისახეთ მიზნად. სპორტის დოკუმენტის და ახალგზარდობის დოკუმენტის მიღება ცხადჰყოფს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელი იყო ქვეყნისთვის. წარმოგიდგენთ ორი წლის ნამუშევარს და იმ შედეგებს რასაც მივაღწიეთ”.

შესავლის შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა 2013 და 2014 წლების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ლევან ყიფიანმა სამინისტროს მუშაობა 6 პუნქტად დაჰყო და თემები ფართოდ გაშალა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შეიქმნა და დამტკიცდა "სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი". ამჟამად სამინისტრო აქტიურად მუშაობს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე.

სამინისტრო უშუალოდ ზედამხედველობს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის - "თბილისი 2015" საცურაო კომპლექსისა და მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას, საცურაო აუზზე შესაძლებელი იქნება წყალბურთის, ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალში ხტომის საერთაშორისო ტურნირების ჩატარება, ასევე ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობა. აუზი 2000-მდე მაყურებელზეა გათვლილი. სპორტის სასახლეში, სადაც ხელბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის უმაღლესი დონის ტურნირების მასპინძლობა იქნება შესაძლებელი, ორი დარბაზი განთავსდება. ერთი დარბაზი 800-ს, ხოლო მეორე 3000 გულშემატკივარს დაიტევს. ცალკე გამოიყოფა 36 ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ობიექტების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის გაზაფხულზე.

2013 წლის 28 მარტს დაფუძნდა სსიპ "საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი". უნივერსიტეტმა 2014 წლის მაისში გაიარა ავტორიზაცია და უკვე მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი 2014/15 სასწავლო წლისათვის. 2014 წელს შეიქმნა სსიპ - "საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი".

ბოლო 2 წლის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდება სპორტის დაფინანსება. გაიზარდა სპორტსმენთა პრემირების და სტიპენდირების პროგრამები. გაიზარდა სპორტის სახეობათა განვითარების პროგრამების ბიუჯეტი. 2013/14 წლებში სპორტის მხარდაჭერისთვის, სახელმწიფომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჯამში 96.3 მილიონი ლარი გამოუყო. შეიქმნა სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა წახალისებისთვის 2013/14 წლებში 8.4 მილიონამდე ლარი გასცა. სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა და სპორტსმენთა სოციალური უზრუნველყოფისთვის 9.1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

2013-2014 წლებში ქართველმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 178 საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში. სპორტულ სახეობათა გავითარების პროგრამის ფარგლებში სპორტის 45 სახეობაში 122 ადგილობრივი სპორტული შეჯიბრი და 2012 სასწავლო - საწვრთნელი შეკრება დაფინანსდა.

2 წლის განმავლობაში სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების მიერ სპორტის მიმართულებით 200-ზე მეტი პროგრამა/პროექტი განხორციელდა. პროგრამების პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია. პირველად 2007 წლის შემდეგ საქართველოს ჰყავს მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობაში - ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო).

2013-2014 წლები - 12 მსოფლიო ჩემპიონი; 21 ევროპის ჩემპიონი.

2013-14 წლებში საქართველომ მოიპოვა 20-ზე მეტი საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის უფლება

2013/14 წლებში ძირეული ცვლილებები შევიდა "სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში". ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე, შემუშავდა ახალგაზრდული სფეროს განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება პოლიტიკის დოკუმენტის 4 სტრატეგიულ მიმართულებას: მონაწილეობა, განათლება, დასაქმება და მობილობა, ჯანმრთელობა, სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა. სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების მიერ ახალგაზრდული მიმართულებით 300-მდე პროგრამა და ქვეპროგრამა განხორციელდა, რომელთა ბენეფიციარი 200 ათასამდე ახალგაზრდა იყო. 2013 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამებისთვის 13.2 მილიონი ლარი გამოიყო.

ლევან ყიფიანმა შემაჯამებელი წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 26 დეკემბერს გალა დაჯილდოებას ფილარმონიაში გამართავს, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში სპორტსმენებს და ფედერაციებს დააჯილდოებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060801