ძიუდო

13:03 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოს დღე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალს და 200 სარეიტინგო ქულას დასჯერდა. 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა, იაპონელ ტაკენორი ნაგასესთან წაგებით. შეგახსენებთ, ნაგასეს ჭრიკიშვილმა სამიოდ თვის წინ, მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე საკმაოდ ადვილად აჯობა, თუმცა იმავე პირველობაზეც დაუპირისპირდა და უკვე იაპონელმა იმარჯვა, ოქროს დროში აღებული ქულით.

ამჯერად ჭრიკიშვილმა მესამე წუთზე, იპონით წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ნაგასეს ჯავრი ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერზე იყარა. ამ ორ შეხვედრამდე კი საქართველოს ნაკრების ლიდერმა, აზერბაიჯანელი აბდულჰაგ რასულუს, ჩინელი ჰემუბატუ ერისა და იაპონელი გოკი მარუიამას ძლევა მოასწრო.

გრან სლემის ჩემპიონი სწორედ ტაკენორი ნაგასე გახდა, ფინალში პორტუგალიელი სერგიუ ტომას ძლევით. მესამე საპრიზო ადგილი კი ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად გერმანელმა ალექსანდერ ვიეცზერზაკმა დაიკავა.

დღესვე მედლები 73 კილოგრამშიც გათამაშდა. ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გავიდნენ, მაგრამ გრან სლემს ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. ტატალაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანთან იუკოთი წააგო. შავდათუაშვილმა პირველ წრეში ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს შიდოს უპირატესობით აჯობა, მონაკოელ სედრიკ ბესის წუთსა და 22 წამში მოუმთავრა საქმე, მაგრამ მერვედფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვთან იუკოთი დამარცხდა.

73 კილოგრამის ფინალში ერთმანეთს იაპონელები ჰიროუკი აკიმოტო და შოჰეი ონო დაეჭიდნენ და ოქროს ბედი აკიმოტოს მიერ შესრულებულმა იუკომ გადაწყვიტა. ბრინჯაოს მედლებს კი ტატალაშვილის მომგები ჩანგრიმ ანი და უნგრელი მიკლოშ უნგვარი დაეუფლნენ.

ტოკიოს გრან სლემი კვირას დასრულდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კიმონოს ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) მოირგებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120428