რაგბი

18:38 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დონალდ ბარელი: “გუნდმა საკუთარი სტილი უნდა განავითაროს და არ მიბაძოს სხვას”

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის “ლელოსა” და ინგლისურ კლუბ “სარასენსს” შორის გაფორმებული თანამშრომლობის თანახმად, მიმდინარე კვირის დასაწყისში საქართველოს “სარასენსის” აკადემიის მენეჯერი დონალდ ბარელი ეწვია.

ის ქართველ მწვრთნელებს, მოთამაშეებსა და მენეჯერებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და მისი მუშაობის შედეგი ქართულ კლუბზე უახლოეს თვეებში უნდა აისახოს. “მსოფლიო სპორტი” ბარელის “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე, “ლელო-სარასენსის” ვარჯიშზე ეწვია.

დონალდ ბარელი: “სარასენსში” აკადემიის მენეჯერი ვარ და ყველა მორაგბეს 13-იდან 23 წლამდე ვაკვირდები. თბილისში “ლელოს” მწვრთნელების დასახმარებლად ჩამოვედი. ვაკვირდები ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოთამაშეებს, რომლითაც შესაძლოა “სარასენსის” აკადემია დაინტერესდეს. ვეცნობი ქართული რაგბის სტრუქტურას და გავუზიარებ სიახლეებს აქაურ მწვრთნელებს, როგორც ვარჯიშების, ასევე ზოგადი მიმართულებებით.

-დღემდე ნანახით თუ ხართ კმაყოფილი და უწინარესად რის გამოსწორებას გვირჩევთ?

-ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ კარგს ვხედავ. მოხიბლული ვარ “ლელოს” სტადიონით და ქართველების მასპინძლობით. მწვრთნელები ნამდვილი პროფესიონალები არიან და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ყველა საკითხზე ღიად და გახსნილად საუბრობენ. ჩემის მხრივ ვასწავლი მწვრთნელებს როგორ გავწეროთ ვარჯიშები თამაშიდან-თამაშამდე, ანუ ერთ კვირაზე. მოთამაშეებმაც უნდა ისწავლონ სპეციფიკური ვარჯიშები და ამის მიხედვით მოემზადონ. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში რაგბის დონე ამაღლდეს და “სარასენსი” ყოველმხრივ შეეცდება, “ლელოს” ახალგაზრდა მორაგბეების აღზრდაში დაეხმაროს. სწორედ ამისთვის ვთავაზობთ ადგილობრივ მწვრთნელებს ახალ ვარჯიშებს.

-რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმაც ინგლისელებივით რაგბი მაღალ დონეზე ვითამაშოთ?

-ყველა გუნდსა და ქვეყანას საკუთარი სათამაშო სტილი გააჩნია და არავინ უნდა აირჩიოს რომელიმე სხვა ქვეყნის მაგალითი. ყველამ საკუთარი გზით უნდა იაროს და თავისივე სტილი განავითაროს. აუცილებელია სათანადო ვარჯიში, რათა მომავალი თაობა სწორად გაიზარდოს. თქვენ გყავთ ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები, მაგრამ მათ სწორად განვითარება სჭირდებათ, როგორც ძალოსნური, ასევე სათამაშო მიმართულებით.

-თქვენი აზრით, ქართველი ახალგაზრდები ფიზიკურად, ტაქტიკურად და ტექნიკურად თუ არიან მზად, რომ განვითარება “სარასენსის” აკადემიაში გააგრძელონ?

-რამდენიმე მოთამაშე მომეწონა. მათ თავისუფლად შეუძლიათ ივარჯიშონ და ითამაშონ ჩვენს აკადემიაში, მაგრამ მათ თამაშის ხედვის განვითარება სჭირდებათ, რაც ყველაზე რთული რამაა და ხანგრძლივ დროს საჭიროებს. ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი ქართველი მორაგბეების “სარასენსის” აკადემიაში წაყვანა სულაც არაა. “ლელოსთან” გაფორმებული კონტრაქტი ხანგრძლივ დროზეა გაწერილი და შევეცდებით ქართული რაგბი გავაძლიეროთ.

-ბოლო დროს ინგლისური კლუბები დიდ ინტერესს იჩენენ ქართველი მორაგბეების მიმართ - შალვა მამუკაშვილი “სეილ შარქსში” თამაშობს, გიორგი თხილაიშვილი “ლესტერ თაიგერზში” იყო გასინჯვაზე, “სარასენსმა” “ლელოსთან” დაამყარა ურთიერთობა. რითია განპირობებული ინგლისელთა ასეთი ყურადღება ქართული რაგბის მიმართ?

-მხოლოდ “სარასენსზე” შემიძლია გიპასუხოთ. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც მეორე დონის ქვეყნებს რაგბის განვითარებაში ვეხმარებით. სწორედ ამ პროგრამის ნაწილია “ლელოსთან” გაფორმებული კონტრაქტი, რომელსაც ბოლო წლებში ყველაზე კარგი მიღწევები ჰქონდა საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ რაგბი, როგორც ბრენდი, მთელს მსოფლიოში განვავითაროთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142901