ბლოგი

11:29 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეფე და ფეხბურთელი

მეფე

მეფე იყო მოხუცი, ბრძოლებით დაღლილი და გასავათებული. ქვეყნის დედაქალაქი ხელახლა მოეოხრებინა მომხვდურთ და ქვეყანას მომავალი კვლავ ბევრ ვარამს უქადდა. მეფეს ჰქონდა თავის ტანზე უფრო დიდი ხმალი, თავზე ეფარა უცნაური, არატიპური ქუდი და საფიქრალს მისცემოდა. საფიქრალი იყო არჩევანი. არჩევანი კი არც ისეთი დიდი იყო. მაგრამ ეს კითხვა მაინც უღრღნიდა გულს - საით წავიდე?

ფეხბურთელი

ფეხბურთელი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, იყო უნიჭიერესი და ბევრს გენიოსადაც კი მიაჩნდა. განგებას იმპერიის ერთ-ერთ მიყრუებულ პროვინციაში გაეჩინა, მაგრამ ამის მიუხედავად მისი სახელი და ავტორიტეტი უკვე ამ ჩაკეტილი იმპერიის მიღმაც კი ისმოდა. მასთან საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებდნენ მტრული სახელმწიფოების საფეხბურთო კლუბების მესვეურები და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან წასვლა (გაქცევა) საშინლად დიდ რისკს წარმოდგენდა, ფეხბურთელი მაინც ფიქრობდა - საით წავიდე?

მეფის ოჯახი

მეფეს ჰყავდა ერთი ოფიციალური ცოლი და არაერთი კანონიერი თუ უკანონო შვილი. მეფე იყო მუდმივ საფიქრალში, თუ ვის დარჩებოდა მისი სამეფო და საერთოდ ქვეყანა - როდესაც უფალს მაიბარებდა სულს. ამ მხრივაც ბევრი არაფერი იყო საიმედო, რადგან შვლები მამის სიცოცხლეშივე იწევდნენ ერთმანეთზე ხანჯლებით და მეფე რომ მოკვდებოდა ცხადი იყო რაც მოხდებოდა. დედოფალი იყო კაპასი და ანჩხლი, მაგრამ დედოფალთან გაყრა თქვენ ადვილი ამბავი გგონიათ?

ფეხბურთელის ოჯახი

ფეხბურთელს ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. ასევე ჰყავდა უამრავი ნათესავი, რომლებიც ხელისუფლებისაგან აუცილებლად დაისჯებოდნენ, თუკი ფეხბურთელი უცხოეთში გაიპარებოდა და იქ გააგრძელებდა თამაშს. ცოლიც და ნათესავებიც ჩუმ-ჩუმად აქეზებდნენ კიდეც - მიდი, წადი უცხოეთში რაც მოხდება მოხდესო, მაგრამ ამ წაქეზებაში არ იყო ჭეშმარიტი გულრწფელობა, შიში კი - იცოცხლეთ...

მეფის არჩევანი

მეფემ საბოლოო ჯამში მაინც გადადგა ნაბიჯი და იმ ქვეყანას შეეკრა, რომელსაც ჯერ ბოლომდე წესიერად არც კი იცნობდა. მეფემ პირში ჩალაგამოვლებულები გაუშვა მეზობელი სამთავროების მისი მოძმე თავადები, რომლებიც სამეფოს ასე ნანატრ გაერთიანებას სთავაზობდნენ. ერთბაშად ბევრი მტრის გაჩენა არ სურდა და იმიტომ. მეფემ მალე მწარედ იგემა მისი გადაწყვეტილების მთელი სიმძიმე და სიმწარე, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ მას სხვა არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდა. ეგებ მართალიც იყო, თუმცა...

ფეხბურთელის არჩევანი

ფეხბურთელი არსად წასულა. მან ვერ გადალახა ის შიში, რაც ბუნებრივად ჰქონდა და რის გამოც შესაძლოა სრულიად უდანაშაულო ადამიანები დასჯილიყვნენ. მან მთელი კარიერა ერთ გუნდში გალია და რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე სტანჯავდა ფიქრი, რომ შეცდა, რადგან მშვენივრად იცოდა, მისი სახელი და ავტორიტეტი რა შორსაც გავარდებოდა უცხოეთში რომ წასულიყო.

მეფის სიკვდილი

მოხუცი მეფე ომში მოკვდა. ასეთია ბეჩავი და პატარა სახელმწიფოს მეფეთა ხვედრი. როდესაც ექიმმა მომაკვდავ მეფეს ტანთ გახადა, აღმოჩნდა რომ სხეულზე ფაქტობრივად ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, რომელზეც ბრძოლაში მიღებული ჭრილობები არ აჩნდა. მეფე მთელმა ერმა დაიტირა და მთელი უცნაურობა ისაა, რომ მის გასვენებაში უფრო მეტი შეარაღებული მამაკაცი მივიდა, ვიდრე მეფის მიერ ჩატარებულ უკანასკნელ ბრძოლაში.

ფეხბურთელის სიკვდილი

ფეხბურთელი სულ ახალგაზრდა მოკვდა ცოლ-შვილის, ნათესავების, მეგობრების, ახლობლებისა და უამრავი ქომაგის ცრემლების თანხლებით. იგი დამარხეს ერთ-ერთ პრესტიჟულ სასაფლაოზე და ქალაქის საბჭომ დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ მისი სახელი ერთ-ერთი ქუჩისათვის დაერქმიათ. პოეტებმა დაწერეს ლექსები ფეხბურთელის შესახებ და მწერლებმა იგი ზევსსა და ჰერაკლეს შეადარეს. მაგრამ რატომღაც არავინ ამბობდა იმას, რომ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში კაცის სიკვდილი მხოლოდ მუხთალი წუთისოფლის მსახვრალი ხელის ბრალი არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064473