რაგბი

11:10 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ესაკია: “ჩემპიონობისთვის საკმარისი რესურსი გვაქვს”

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლნისის “ყოჩების” ხელმძღვანელობა, მწვრთნელები და მოთამაშეები ამბიციურ განცხადებებს აკეთებდნენ - მიზანი მინიმუმ ფინალში გასვლა იქნებაო და როგორც ჩანს, მათ ამის მყარი საფუძველი ჰქონდათ.

პირველი წრე გუნდმა წაუგებლად ჩაამთავრა, 9-იდან 8 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, 36 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევარს მთელი 12 ქულით უსწრებს. ეს იმის მაუწყებელია, რომ ახალ წელს გუნდი ნებისმიერ პირველ საფეხურზე შეხვდება, თუმცა, გუნდში უფრო შორს იყურებიან და 2014 წელს დარჩენილი ორივე თამაშის მოგებას გეგმავენ, რათა პლეი ოფში სასურველი ადგილით (პირველი-მეორე) გასვლა რაც შეიძლება ადრე დაიბევონ.

“მსოფლიო სპორტი” გუნდის მთავარ მწვრთნელ სანდრო ესაკიას განვლილ შეხვედრებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

სანდრო ესაკია: სეზონის დასაწყისი რთული გამოდგა, რადგან ჩემპიონატის სტარტმა ორი კვირით გადაიწია და ამან გუნდების, მათ შორის ჩვენი გეგმები შეცვალა. თუმცა, “ყოჩები” განვლილი სეზონის შემდეგ თითქმის არ გაჩერებულა - მთელი ზაფხული ვემზადებოდით. ამ პერიოდში დიდი ყურადღება ფიზმომზადებას დაეთმო და ჩვენმა მწვრთნელმა აკა ცინცაძემ დიდი სამუშაო გაწია. შედეგად, სხვებზე უკეთეს სიტუაციაში აღმოვჩნდით და სეზონის სტარტს ისეთ ფიზიკურ კონდიციაში შევხვდით, რაც იმ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელი იყო. ფიზმომზადება არც თამაშების პარალელურად შეგვიწყვეტია და ეტაპობრივად გუნდი იმ ნიშნულამდე მივიდა, რაც ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებლია. ასე აღმოვჩნდით მომგებიან სიტუაციაში.

გუნდის ფორმირება ჩვენ შარშან დავიწყეთ, ერთად გატარებული მეორე წელიწადი თამაშის ხარისხზეც აისახა, შეთამაშების პრობლემა არ გვქონდა და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა - პირველი წრე წაუგებლად დავასრულეთ. განვლილი 9 მატჩიდან მხოლოდ ერთი ვერ მოვიგეთ, “ბათუმს” ფრედ ვეთამაშეთ, რაც უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორის შედეგია. მწვრთნელები, ბიჭები, ერთმანეთს ვაფრთხილებდით, სულ ვამბობდით, რომ არ უნდა მოვეშვათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ამ თამაშისთვის სათანადოდ მაინც ვერ მოვემზადეთ, მეტოქე არ დავაფასეთ და შეხვედრაც ფრედ დასრულდა. ასე ხშირად ხდება და ძალიანაც რომ არ გინდოდეს, სადღაც მაინც მოეშვები. კარგია, რომ 0:12-ის ჩამორჩენის შემდეგ გუნდმა საკუთარ თავში ძალები გამონახა, მატჩის ბედი შემოატრიალა და ბოლო გარდასახვა რომ გასულიყო, შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდებოდა.

-პირველი წრის რომელ თამაშში გაუჭირდა “ყოჩებს” ყველაზე მეტად?

-ყველა თამაში რთული იყო და რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება. თუმცა, ფიზიკურად და ტაქტიკურად გუნდი მზად იყო და ვფიქრობ, შემთხვევით არცერთი თამაში არ მოგვიგია. დღევანდელი შედეგიც გეგმაზომიერი მუშაობის შედეგია. მთელმა სამწვრთნელო შტაბმა - აკამ, ირაკლი გიორხელიძემ, რატი ურუშაძემ და მე, მუშაობაში სული და გული ჩავდეთ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა ბიჭების უდიდესი მონდომება და გარჯა.

-გავბედავ და ორ თამაშს შეგახსენებთ - “ჯიქებთან” 6:0 მოგებული შეხვედრა, რომელიც ხარისხობრივად არაფრად ვარგოდა და სულ ბოლოს “ჯიქებს” ლელო რომ გაეტანა, მოგებაც მოწინააღმდეგეს დარჩებოდა და მატჩი “არმიასთან”, რომელშიც მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა, ბოლოს წინაც გაიჭრა, მაგრამ დასკვნით 3 წუთში “ყოჩებმა” ორი ლელო გაიტანა და ამის ხარჯზე 24:11 მოიგო.

-გეთანხმებით, მაგრამ ამას ახსნაც გააჩნია. თუ გაიხსენებთ, “ჯიქებს” სეზონის სტარტზე, მეორე ტურში ვეთამაშეთ, როდესაც გუნდი ჯერ კიდევ არ იყო ფორმაში შესული და ზოგადად, “ჯიქების” დამარცხება იოლი არაა. ესაა ძალიან კარგი გუნდი, ახალი მწვრთნელით და ახალი ხედვით. ის, რომ ბოლო წუთზე ლელო არ გავუშვით, ჩვენს გუნდზე დადებითად მეტყველებს. “ყოჩები” ყოველთვის კარგ დაცვას თამაშობს, მაგრამ სწორედ ჩათვლის ხაზთან იწყება თავდადებული თამაში. თქვენს მიერ ნახსენებ ეპიზოდში მორაგბეებმა იმ უკანასკნელ ზღურბლზე ფანტასტიკური დაცვა აჩვენეს და ესაა ძალიან დიდი პოზიტივი.

რაც შეეხება “არმიას”, ამ მატჩს პრობლემების ფონზე შევხვდით. ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო, პირველ ხაზს ძალიან გაუჭირდა. ჩავარდნები ყველა გუნდს აქვს და კარგია, ამ მომენტებშიც რომ შევძელით გამარჯვებების მოპოვება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იყო საპირისპირო სიტუაციებიც. მაგალითად, “ლელოსთან” პირველმა ხაზმა ძალიან კარგად ითამაშა, გუნდს უპირატესობა მოუპოვა და დიდწილად სწორედ ამ პოზიციის მოთამაშეების დამსახურებაა გამარჯვება რომ მოვიპოვეთ.

-სეზონის ბოლოს იყო ძალიან კარგი თამაში და განსაკუთრებით პირველი ტაიმი, როდესაც უახლოეს მდევარ “ხარებს” ყველაფერში აჯობეთ და პრემიალური ქულით გაიმარჯვეთ, არადა, ტრავმების გამო 6-7 მორაგბე გაკლდათ.

-ამ თამაშს ფსიქოლოგიურად სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა - ქვემოქართლულ დერბიში ვეთამაშებოდით უახლოეს მდევარს, რომელთანაც სხვაობის გაზრდის შანსი გვქონდა და ეს ყველამ კარგად გაათვითცნობიერა. პირდაპირი კონკურენტის დამარცხებით ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით. ამასთან, რუსთავში თამაშამდე ერთი კვირით ადრე, “ბათუმთან” ქულები დავკარგეთ და ამან გუნდზე გარკვეულწილად დადებითად იმოქმედა. კითხვის ნიშნები და ერთგვარი შიში გაჩნდა, რის შემდეგაც მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინეთ და მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის მხრივ დიდი პრობლემები გვქონდა და ფაქტობრივად ორი ბურჯით ვითამაშეთ, შედეგი ისეთი მივიღეთ, როგორიც გვსურდა.

-ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად აუცილებელია რეზერვის ყოლა. “ხარებთან” ასეთი დანაკლისის ფონზე მოგების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ “ყოჩებს” ყავს რეზერვი, რომელიც მზადაა ჩემპიონობისთვის იბრძოლოს?

-დიახ, რეზერვი არის, ოღონდ არა ღრმა რეზერვი. სამწუხაროდ, საქართველოში რესურსი მაინცდამაინც დიდი არაა, მაგრამ ჩვენ ამ კუთხით მეტ-ნაკლებად კარგად გვაქვს საქმე. “ხარებთან” ტრავმირებულები შევცვალეთ, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ერთი ბურჯი ესპუარებიდან გვყავდა, ხოლო მეორე მე ვიყავი. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ის ერთადერთი საპასუხო ლელო სწორედ ჩემი შეცდომის შედეგად გავიდა - მე ვერ დავდექი შერკინებაში. ტრავმა სპორტის და რაგბის თანმდევი მოვლენაა, მაგრამ ჩვენს კლუბში დროულად ხდება ტრავმირებული მორაგბეების აღდგენა, მათი მკურნალობა. კლუბის ხელმძღვანელობა ამ ყველაფერზე ძალიან სწრაფად რეაგირებს და წესით, მსგავსი პრობლემების წინაშე აღარ უნდა აღმოვჩნდეთ.

-წლის ბოლომდე მეორე წრის ორი თამაში გელით. ტრავმის გამო მოთამაშეები კიდევ დაგაკლდებათ?

-რამდენიმე მოთამაშემ ოპერაცია გაიკეთა და ისინი ვერ ითამაშებენ - ბურჯი ლევან შენგელია, მესამეხაზელები ბექა გუგეშაშვილი და გიორგი ილიაევი, უკანახაზელი ალექსი ხუციშვილი, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი, მეორე ხაზში დაგვაკლდება დავით გრძელიშვილი. ამ ხუთეულის იმედი ახალი წლის შემდეგ გვექნება.

-ელოდით, რომ პირველი წრის შემდეგ 12-ქულიანი უპირატესობა გექნებოდათ?

-ჩვენი ამოცანა იყო და არის, რომ რეგულარული პირველობა პირველ-მეორე საფეხურზე დავასრულოთ. არის ამის რესურსი და მიზნად მხოლოდ საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრას ვერ დავისახავდით. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და მწამს, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, სეზონი წაუგებლად დავასრულოთ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, სამომავლოდ თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებსაც მივცეთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე წრეში სხვა გუნდებიც მეტი მონდომებით ითამაშებენ. მოკლედ, წინ კიდევ უფრო რთული თამაშები გველის.

-უკვე ყველა გუნდმა გაიცნო ერთმანეთი. ვისში ხედავთ საჩემპიონო რბოლაში მთავარ კონკურენტს?

-წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ კი გვაქვს 12-ქულიანი უპირატესობა, მაგრამ მეორე-მეცხრე ადგილოსნებს შორის სხვაობა სულ 10 ქულაა და ესეც გამოტოვებული თამაშების ფონზე. მიუხედავად წაგებების სერიისა, “ლოკომოტივს” აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მეორე წრეში მოუმატოს. თემურ ბენდიაშვილს და დავით ჩავლეიშვილს შეუძლიათ ეს გუნდი სხვაგვარად აათამაშონ. ძალიან მომწონს “ლელო”. ლევან მაისაშვილის გუნდი იმ ლაღ თამაშს აჩვენებს, რომლისკენაც მთელი მსოფლიო მიილტვის. ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის. თვით აუტსაიდერი “თიბიესიც” კი, მოდუნებას არ გაპატიებს. იმდენად დაბალანსირებულია წლევანდელი ჩემპიონატი, რომ ნებისმიერ მატჩში პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ვფიქრობ, შედარებით გარკვეული სურათი მხოლოდ ჩემპიონატის დასრულებამდე სამი-ოთხი ტურით ადრე გვექნება.

-მეორე წრის ორი ტურის შემდეგ ჩემპიონატში 31 იანვრამდე შესვენება გამოცხადდება. როგორ და სად მოემზადება გუნდი გათამაშების დასკვნითი ეტაპისთვის?

-ამ ეტაპზე მხოლოდ “არმაზთან” და “ჯიქებთან” თამაშზე ვფიქრობთ. ამის შემდეგ დეკემბრის ბოლომდე ვარჯიშს გავაგრძელებთ, საშობაოდ მცირე ხნით დავისვენებთ და მზადებას გავაგრძელებთ. ჯერ არ ვიცით სადმე თუ გვექნება შეკრება. ალბათ, თბილისში დავრჩებით და “ავჭალაზე” ვივარჯიშებთ.

-2015 წელს ორი თამაში სანაკრებო კალენდარს ემთხვევა და გიორგი ბეგაძე დაგაკლდებათ.

-მსგავს სიტუაციაში ჩვენ უკვე არაერთხელ აღმოვჩნდით. ბეგაძე წონადი მოთამაშეა, რომელსაც თემურ სოხაძესთან ერთად თამაშის მართვა შეუძლია, მაგრამ შავლეგ მახრაშვილმაც კარგად გაართვა თავი 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს და ვფიქრობ, ის ამ ფუნქციას მომავალშიც წარმატებით შეასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148062