სხვა

18:52 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დირსის უბანი 29 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნება

საქართველოს მთავრობა, აზერბაიჯანული პოლიტიკოსები და 100-მდე ინვესტორი თვის ბოლოს დირსის უბანში იკრიბებიან. მათ საზეიმო ვითარებაში 29 ნოემბერს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა გახსნან.

პროექტი დირსი აზერბაიჯანულ საინვესტიციო კომპანიას - „ეი ეს გრუპ ინვესტმენტს“ ეკუთვნის. ის ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის 46 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე შენდება. დირსის უბანში სულ 4898 ბინა, საბავშვო ბაღი, სკოლა, სამედიცინო კლინიკა, სავაჭრო ცენტრი, რეკრეაციული ზონა და ბულვარი იქნება.

ბულვარი საერთო ჯამში სამკილომეტრ-ნახევარი სიგრძისაა, მისი ნაწილი უკვე დასრულებულია და სწორედ ის იქნება მოვლენების ეპიცენტრში 29 ნოემებრს. ღონისძიების ძირითადი ნაწილი ბულვარზე და კორპუსების შიდა ეზოებში გაიმართება. პროგრამის კონცეფცია თბილისობის სტილით არის შედგენილი. დირსის ქუჩებში სპეციალურად მოწყობილ ფარდულებში ქართული და აზერბაიჯანული სამზარეულოები განთავსდება. ღონისძიებას კი საზოგადოებისათვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები გააფორმებენ.

მომავალი მობინადრეებისა და ქართული სამთავრობო სექტორის გარდა დირსი სტუმრებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ელის. 100-მდე ინვესტორი დირსის გახსნას ადგილობრივებთან ერთად იზეიმებს. ისინი თბილისში საკუთარი საინვესტიციო პროექტებით ჩამოდიან. ცნობილია, რომ დირსის უბანში მომავალი წლისათვის სასტუმროს, სავაჭრო ცენტრისა და სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დაიწყება. ამ პროექტების შესახებ კი, დეტალურად გახსნის დღეს გახდება ცნობილი.

ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები წითელ ლენტს გადაჭრიან და მობინადრეებსაც უკვე დეკემბრის პირველი რიცხვებიდან საკუთარ ბინებში საცხოვრებლად გადასვლა შეეძლებათ. ამ დროისათვის დირსის საცხოვრებელ კომპლექსში უკვე დასრულებულია 10 ჰექატრი ფართობის საცხოვრებელი ტერიტორია. მოპირკეთებულია ქუჩები, შიდა ეზოები, ბულვარის ნაწილი. აშენებულია 11 კორპუსი, მათგან 3 - ში კი დირსის უბნელები საცხოვრებლად გადადიან.

თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ კომპლექსში მნიშვნელოვანი ადგილი სპორტულ ინფრასტრუქტურას ეთმობა. საცხოვრებელ კომპლექში იქნება ათამდე მინი სპორტული მოედანი, კალათბურთისა და ფეხბურთისათვის. ჩოგბურთის ორი კორტი, ფიტნეს ცენტრი, აუზები და ველო-ტრეკი. რეალურად უბანში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სპორტული ცხოვრებით დაკავდეს როგორც პატარა, ასევე მოზარდი.

გარდა ღია დარბაზებისა, დირსიში დახურული ტიპის მოედნებიც კეთდება, სადაც ადგილი სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს დაეთმობა. გარდა იმისა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა პროექტის გეგმარების მიხედვითაც გათვალისწინებულია და დირსის უბნის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, აღსანიშნი კიდევ ერთი გარემოებაა. „ეი ეს გრუპ ინვესტმენტის’’ ხელმძღვანელობა ბაქოში საკმაოდ დიდ რესურს ხარჯავს სპორტის - ისრის ტყორცნის განვითარებაში. შესაბამსიად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანია აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია/ხელშეწყობას საქართველოშიც მოახდენს. კომპლექსში რამდენიმე დახურული სპორტული დარბაზიც განთავსდება და შესაძლებელია აქ ჭიდაობისა და ჭადრაკის წრეების გვერდით, ისრის ტყორცნის წრეც გაიხსნას.

უკვე სრულდება სპორტული მოედნები. კომპანიის მენეჯმენტი გეგმავს, რომ სპორტული ტურნირების ჩატარება სკოლებსა და უბნებს შორის დაიწყოს. გამარჯვებულები კალათბურთსა და ფეხბურთში კი, სიმბოლური პრიზებით დააჯილდოოს.

ჯანსაღი ცხოვრების წესი წარმოუდგენელი იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს გარეშე. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ დირსის უბნის გამწვანების კოეფიციენტი სამჯერ აღემატება ნორმით გათვალისწინებულს. ტერიტორია თავისუფალია მანქანის გამონაბოლქვისგანაც. ვინაიდან ყველა ბინას საკუთარი პარკინგის ადგილი აქვს და ისინი სახლებისგან შედარებით მოშორებით მდებარეობს. დირსის ეკოლოგიური მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება თბილისის სხვა უბნებისგან. უბანს მთელს პერიმეტრზე შავნაბადას მთები ესაზღვრება. ასე, რომ დილით ვარჯიშის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ბულვარზე ირბინონ, ველოსიპედით ისეირნონ და თან სუფთა ჰაერი დატკბნენ.

დირსის უბანი საზეიმო ვითარებაში ნოემბრის თვის ბოლოს გაიხსნება. პირველი მობინადრეები საცხოვრებლად საკუთარ ბინებში გადავლენ. კომპლექსის ორივე ეტაპი კი - ყველა აღნიშნული ობიექტით 2016 წელს დასრულდება.

®

0.174953