სხვა

14:25 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა სამბისტებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ, სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა – სოსო ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატის შემაჯამებელი პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართა.

მას მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად დაესწრო და სამბისტებს წარმატება მიულოცა.

საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრებმა, მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილის ხელმძღვანელობით, იაპონიის ქალაქ ნარიტაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლებს გენადი ჩირგაძე (52 კგ) და ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) დაეუფლნენ.

ჩირგაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელი აღასიფ სამადოვი დაამარცხა. ჩიდრაშვილმა კი ტიტული რუსეთის ნაკრების წევრ აიმერგენ ატკუნოვის ძლევით გაინაღდა და ევროპის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, 2014 წლის სეზონი ოქროს დუბლით დაასრულა.

მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონ ლევან ნახუცრიშვილს (68 კგ) მორიგ ტრიუმფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ფინალში მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჟთან წააგო.

ბესარიონ ბერულავამ (74 კგ), ნიკო კუციამ (80 კგ), დავით კარბელაშვილმა (90 კგ) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ქართველი სამბისტებისგან უმედლოდ მხოლოდ შმაგი ლაგაზაური (62 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) დარჩნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ქალთა ნაკრების ოთხი სპორტსმენით ჩაერთო და ერთმა მათგანმა - ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. შორენა შარაძის (60 კგ), თეა სუხიტაშვილისა (68 კგ) და ირინე ლეონიძის (+80 კგ) წონითი კატეგორიების საპრიზო სამეულები კი მათ გარეშე შეივსო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.111992