სხვა

22:29 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” ჩელენჯ კაპზე სათამაშოდ მიემგზავრება

საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი და თასის მფლობელი, სახელბურთო კლუბი “სამტრედია” 26 ნოემბერს ფინეთში მოემგზავრება, სადაც შაბათ-კვირას, რანგით მესამე ევროტურნირის, ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალის ორ მატჩს გამართავს ფინეთის ჩემპიონ “რიიჰიმიაენ კოქსთან”.

ევროტურნირებზე ქართულმა გუნდმა უკანასკნელად 2010-11 წლებში ითამაშა. მაშინ, EHF თასზე სახელბურთო კლუბი “თბილისი” გამოდიოდა, რომელიც ორჯერ დამარცხდა ისრაელის “ჰაპოელ რიშონთან”. ამ თამაშებში მონაწილეობდა “სამტრედიის” დღევანდელი შემადგენლობის სამი ხელბურთელი – გია წივწივაძე, ლექსო წითელიშვილი და ირაკლი თევზაძე.

“სამტრედიამ” ახალ სეზონში უკვე მოიპოვა საქართველოს თასი. მოთამაშეების უმეტესობა კლუბის აღზრდილია. ამ სეზონში გუნდს დაემატნენ მეკარე გიორგი სამყურაშვილი და გამთამაშებელი გია წივწივაძე, ხოლო სპეციალურად ამ ტურნირზე კლუბს დაეხმარებიან საქართველოს ნაკრების მარცხენა გარემარბი ილია გოგალაძე (სტუ) და ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა კუთხე, გიორგი დიხამინჯია (პეგასი).

კლუბმა თითქმის ორკვირიანი შეკრება გამართა გლდანში, ცერცვაძის აკადემიაში, სადაც საკონტროლო მატჩებიც გამართა საქართველოს ჭაბუკთა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებებთან. მთავარი მწვრთნელის, გოგი ხელისუფლის თქმით, გუნდი ნელ-ნელა უმატებდა და სადღეისოდ ნორმალურ სათამაშო ფორმაშია. “სამტრედია” ევროტურნირებზე პირველად თამაშობს.

“სამტრედია” ფინეთში, ჩელენჯ კაპზე - 29, 30 ნოემბერი

მეკარეები: ალექსანდრე ხონელიძე (1985), გიორგი სამყურაშვილი (1985)

პივოტები: ჯაბა ხაჟომია (1996), სპარტაკ ელგანდაშვილი (1992)

მარცხენა გარემარბები: ილია გოგალაძე (1986), ვეფხია ზურაბიანი (1996)

მარჯვენა გარემარბები: გოგიტა ნიკურაძე (1990), გიორგი დიხამინჯია (1997)

უკანა ხაზი: ირაკლი თევზაძე (1992), ლექსო წითელიშვილი (1992), გია წივწივაძე (1981), ირაკლი ღაღანიძე (1982), თეიმურაზ თავაძე (1994), გიორგი კუჭუხიძე (1996)

მთავარი მწვრთნელი: გოგი ხელისუფალი

მწვრთნელი: ავთანდილ ქავზინაძე

მენეჯერი: დავით დუნდუა

მეტოქე ქალაქ რიიჰიმიაკის გუნდი “რიიჰიმიაენ კოქსი” (მამლები) ფინეთის ექვსგზის ჩემპიონია (2007, 08, 09, 10, 13, 14). ექვს ხელბურთელს უთამაშია თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ფინეთის ნაკრებში (ანტი ვალო, რობინ სიომანი, ნიკო რონბერგი – 2013 წელს) და ესტონეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში (მარიუს ალექსეევი, მარიუს ლეპი, კრისტო ვოიკა, 2014 წელს). სამტრედიელთაგან ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვთ მეკარე სამყურაშვილს, წივწივაძეს, გოგალაძესა და ლექსო წითელიშვილს.

ორივე მატჩი გაიმართება ქალაქ კარიააში, დედაქალაქ ჰელსინკიდან ასიოდ კილომეტრში (სწორედ აქ ითამაშა 2014 წლის იანვარში საქართველოს ნაკრებმა). პირველი მატჩი საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება, მეორე – 16:00. მსაჯები არიან ალექსანდრს რუტკოვსკისი და ულდის ძერვე (ლატვია), დელეგატი – ტოივო იარვი (ესტონეთი).

ჩელენჯ კაპის პირველ ეტაპზე 15 წყვილი თამაშობს, ხოლო პორტუგალიის “ლიბერტი უმინიო” შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება. კიდევ 5 მერვედფინალისტი უკვე გამოვლინდა, რადგანაც 5 წყვილში ორივე მატჩი ერთი გუნდის მოედანზე, წინა შაბათ-კვირას გაიმართა. ანალოგიური ფორმატით ამ უქმეებზე ითამაშებს კიდევ 3 წყვილი, მათ შორის, სამტრედია-კოქსიც.

ჩელენჯ კაპი 2014-15. მეთექვსმეტედფინალი

ოდორჰეი (რუმ) - კემბრიჯი (ბრი) 35:14, 43:21

ბენფიკა (პორ) - ფილინგენ ბერგენი (ნორ) 33:32, 28:25

ვიზე (ბლგ) - რუისლიპ იგლზი (ბრი) 42:22, 39:15

დობრუჯა (ბულ) - რამათ ჰაშრონი (ისრ) 22:30, 28:32

დიფერდანჟი (ლუქ) - ანკარა ილ ოზელი (თურ) 33:17, 48:28

ანკარასფორი (თურ) - ზტრ ზაპოროჟიე (უკრ) 23:29 – 29.11

რადნიჩკი (სრბ) - პოსეიდონ ლუტრაკიუ (საბ) 34:21

მეტალოპლასტიკა (სრბ) - აზოტი-პულავი (პოლ) 20:26

პოლვა-სერვიტი (ესტ) – ტერაკვილა (იტა) 36:24 – 29.11

დუკლა (ჩეხ) - პელისტერი (მკდ) 34:24 – 29.11

სტორდი (ნორ) - პრიშტინა (კოს) 39:26 – 29.11

დუკასი (საბ) - კილკისი (საბ) 16:20 – 29.11

რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) - სამტრედია - 29-30.11

უორინგტონ ვულვზი (ბრი) - ჰოლონი (ისრ) – 29-30.11

დიუდელანჟი (ლუქ) - ბოკა (მნტ) – 29-30.11

www.geohandball.ge

0.110484