ავტოსპორტი

20:07 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოები მონტე კარლოს რალიზე იასპარეზებს

მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი რალიში, ფრანგი სებასტიან ლოები, მომავალი სეზონის პირველ ეტაპზე, მონტე კარლოს რალიზე იასპარეზებს. 40 წლის პილოტს ნავიგატორად ისევ ძველი პარტნიორი, დანიელ ელენა ეყოლება და ისინი „სიტროენის“ ავტომობილით იასპარეზებენ, რომელიც ამიერიდან, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე DS-ს სახელით წარსდგება.

სხვათა შორის, ლოებს და ელენას მონტე კარლოს რალი ბოლოს 2013 წელს აქვთ მოგებული. სულ კი ლოებმა ამ რბოლაში შვიდჯერ გაიმარჯვა. მათთან ერთად, პატარა სამეფოს რბოლაში DS-ს მანქანით ბრიტანელი კრის მიკი და მისი ნავიგატორი პოლ ნეგლიც იასპარეზებენ.

„წამითაც არ დავფიქრებულვარ, როცა მონტე კარლოს რბოლაში ასპარეზობა შემომთავაზეს. ჩემი აზრით, ამაში დანიელიც დამეთანხმება, მონტე კარლოს რალი ერთ-ერთი ფავორიტი რბოლაა ჩვენთვის. მშვენიერი გზები, საბურავების სწორად შერჩევის მნიშვნელობა და საზეიმო ვითარება, რომელიც ყოველ სპეცმონაკვეთზე სუფევს, განსაკუთრებულია. მოუთმენლად ველი მომენტს, როცა ამ ყველაფერს ისევ განვიცდი“, - ამბობს ლოები და დასძენს:

„და რა თქმა უნდა, ჩემთვის პატივია DS-ს მხარდაჭერა, მისთვის ამ ახალი საფეხურის დასაწყისში. DS 3 WRC-თან, რომელსაც „პატარა მრბოლი“ შევარქვი, ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. იმედი მაქვს, რომ 2015 წლის მონტე კარლო კიდევ ერთ კარგ მოსაგონარს შეგვმატებს. და რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის პირადი გამოწვევა იქნება, რადგან წელიწადზე მეტია, რალის რბოლაში მონაწილეობა არ მიმიღია“.

მონტე კარლოს რალისთვის მზადებას ლოები ამ კვირის უქმეებზე დაიწყებს, როცა საფრანგეთში, რალი დუ ვარზე იასპარეზებს. იქ მისი ნავიგატორის როლში მეუღლე, სევერინი იქნება. „ეს რბოლა მანქანასთან ურთიერთობის აღდგენის საშუალებას მომცემს“, - ამბობს ლოები, ვისაც რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე 78 რბოლა აქვს მოგებული.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109758