ავტოსპორტი

22:11 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია

ლუის ჰამილტონმა აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლის მოგებით, მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტული მოიპოვა! ბრიტანელმა სტარტზევე გაასწრო თავის ერთადერთ კონკურენტსა და თანაგუნდელ ნიკო როსბერგს, რომელსაც მოგვიანებით ტექნიკამ უმტყუნა. 29 წლის ჰამილტონი, ვინც პირველად ჩემპიონი 2008 წელს გახდა, 1971 წლის შემდეგ პირველი ბრიტანელია, ვინც მეორედ გახდა ფ1-ის ჩემპიონი. 1971-ში ეს ჯეკი სტიუარტმა გააკეთა, ვინც ორი წლის შემდეგ, მესამედაც გახდა ჩემპიონი.

„ლუის, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ბრიტანელი ქომაგები არ გააწბილე. შენ აბსოლუტური ლეგენდა ხარ“, - ფინიშის ხაზის გადაკვეთისთანავე, „მერსედესის“ ბოქსიდან რადიოთი მიმართა ჩემპიონს ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ. ჰამილტონმა ფინიშის შემდგომი შესანელებელი წრე ბრიტანეთის დროშით ხელში გაიარა, რომელზეც „ჰამერ ტაიმ“ ეწერა. ამის პასუხად, მეორე მხრიდან გაისმა: „მსოფლიო ჩემპიონი ვარ, ღმერთო ჩემო, არ მჯერა, ყველას მადლობა“.

„არაჩვეულებრივი წელი იყო. დაუჯერებლად კარგი. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტია. რაღაც არარეალური გრძნობა დამეუფლა. რა თქმა უნდა, 2008 წლის გამარჯვება განსაკუთრებული იყო, მაგრამ ის გრძნობა, რაც ახლა დამეუფლა, შეუდარებელია. ყველას დიდი მადლობა“, - გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე, ფ1-ის ყოფილ პილოტ მარტინ ბრანდლთან სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა ჰამილტონმა.

როსბერგმა ჩემპიონს გამარჯვება დაჯილდოების წინ, მოსაცდელ ოთახში მიულოცა. მას შუა რბოლაში მუხრუჭები დაუზიანდა და თანდათან ჩამორჩა. საბოლოოდ კი რბოლა მე-14 ადგილზე დაასრულა. ფინშამდ რამდნმე წრით ადრე, გუნდმა როსბერგს პიტლეინზე, გასაჩერებლად უხმო, მაგრამ გერმანელმა რბოლის და სეზონის ტრეკზე დასრულება ითხოვა. „ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. შენ ნამდვილი ჩემპიონივით იასპარეზე. მომავალ სეზონში აუცილებლად ვიბრძოლებთ ამისათვს“, - როსბერგს რადიოთი მოუბოდიშა „მერსედესის“ ტექნიკურმა დირექტორმა პადი ლოუმ.

რა თქმა უნდა, როსბერგს რბოლის შემდეგ ლაპარაკის სურვილიც არ ჰქონდა, თუმცა „სკაი სპორტს“ ინტერვიუ მაინც მისცა: „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლუისმა ეს ტიტული დაიმსახურა. მე რაც შემემთხვა, ამას არაფრის შეცვლა არ შეეძლო. და ამიტომ, მასზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. მან ჩემზე ოდნავ უკეთ იასპარეზა. კარგია, რომ კვალიფიკაციაში უკეთ ვასპარეზობდი. ეს კი კარგი ბაზაა. მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავი და სამწუხაროა, რომ სასურველს ვერ მივაღწიე“.

რბოლის დროს ერთი ინციდენტი მოხდა - პასტორ მალდონადოს ძრავი დაუზიანდა და გამონაბოლქვიდან ცეცხლის ფრქვევა დაიწყო. ბედად, ვენსუელელი პილოტი არ დაზიანებულა. ეგ კი არა, რატომღაც ამაზე „ლოტუსის“ მექანიკოსებმა გვარიანად იხალისეს...

აბუ დაბის დიდი პრიზი

აბუ დაბი, იას მარინა; დისტანცია 305.355 კმ (5.554 კმ, 55 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:39:02.619
  2. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) +00:02.500
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:28.800
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:37.200
  5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:00.300
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:02.100
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:11.000
  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 01:12.000
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 01:25.800
  10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:27.800
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 01:30.300
  12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 01:31.900
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1 წრე
  14. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1 წრე
  15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1 წრე
  16. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე
  17. უილ სტივენსი (ბრიტანთი, კატერჰემი) 1 წრე

გ. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 13 წრე

გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 29 წრე

გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 41 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო - 1:44.496, 50-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი - 384 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 317; 3. დანიელ რიკარდო - 238; 4. ვალტერი ბოტასი - 186; 5. სებასტიან ფეტელი - 167; 6. ფერნანდო ალონსო - 161; 7. ფელიპე მასა - 134; 8. ჯენსონ ბატონი - 126; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 96; 10. სერხიო პერესი - 59; 11. კევინ მაგნუსენი - 55; 12. კიმი რაიკონენი - 55; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 22; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 8; 16. პასტორ მალდონადო - 2; 17. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) - 2; 18. ადრიან სუტილი - 0; 19. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, კატერჰემი) - 0; 20. ესტებან გუტიერესი - 0; 21. მაქს ჩილტინი (ბრიტანეთი, მარუსია) - 0; 22. კამუი კობაიაში - 0; 23. უილ სტივენსი - 0

კონსტრუქტორთა თასი

  1. მერსედესი - 701 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 405; 3. უილიამს-მერსედესი - 320; 4. ფერარი - 216; 5. მაკლარენ-მერსედესი - 181; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 155; 7. ტორო როსო-რენო - 30; 8. ლოტუს-რენო - 10; 9. მარუსია-ფერარი - 2; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111818