ისტორია

9:50 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

23 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1982 - დაიბადა ასაფა პაუელი. იამაიკელი სპრინტერი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით გარბენში. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში. მსოფლიოს 2007 და 2009 წლების პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი 100 მეტრზე რბენაში. ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი 100 მეტრზე რბენაში, რომლებიც პაუელის თანამემამულე უსეინ ბოლტმა გააუმჯობესა. ასაფა პაუელმა 100 მეტრიანი დისტანცია 10 წამზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტჯერ, 78-ჯერ გაირბინა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892 - პიერ დე კუბერტენმა ოლიმპიური თამაშების აღორძინების იდეა წამოაყენა.

1904 - აშშ-ის ქალაქ სენტ-ლუისში თანამედროვეობის მე-3-ე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 13 ქვეყნის 689 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი აშშ-ის ნაკრებმა დაიკავა (78 ოქრო, 84 ვერცხლი, 82 ბრინჯაო). მე-2-ე ადგილზე გერმანელი ათლეტები აღმოჩნდნენ (4, 4, 4), მე-3-ე საფეხურზე კი კანადის წარგზავნილები გავიდნენ (4, 1, 1).

1943 - ბეისბოლისტთა კლუბ “ფილადელფიას” მეპატრონეს, უილიამ კოქსს ყოვეგვარი სპორტული მოღვაწეობა აეკრძალა. იგი იმის გამო დაისაჯა, რომ საკუარ გუნდზე ფსონი დადო.

1968 - “მილუოკი ბაქზმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი სატრანსფერო გარიგება განახორციელა. მან ბობ ლავი და ბობ ვეისი “ჩიკაგო ბულზს” ფლინ რობინსონში გაუცვალა.

1976 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების პირველ მატჩში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ “ოლიმპიაშტადიონზე” ბრაზილიურ “კრუზეიროს” 2:0 მოუგო. გოლები ჰორსტ კაპელმანმა და გერდ მიულერმა გაიტანეს.

1977 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების მერვედფინალის პირველ მატჩში, შვეიცარიის ციურიხის “გრასჰოპერსს” 1:0 სძლია. შეხვედრის ერთადერთი გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, კოსტავა, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, გ. მაჩაიძე, მ. მაჩაიძე, ქორიძე (ჩივაძე), გუცაევი, შენგელია, ჩელებაძე (წერეთელი). გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1988 - უეინ გრეცკიმ (“ედმონტონ ოილერზი”) ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მე-600-ე შაიბა გაიტანა.

1991 - ევანდერ ჰოლიფილდმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ბერტ კუპერი მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1991 - ესპანელმა მოცურავე მარტინ ლოპეს-სუბერომ 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:56.57).

1991 - “საკრამენტო კინგზმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ განცდილი 43 მარცხის შემდეგ, პირველი შეხვედრა მოიგო.

1997 - ჩეხმა ჩოგბურთელმა ქალმა იანა ნოვოტნამ “მასტერზის” წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში, ფრანგი მარი პირსი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2004 - “შარლოტ ბობქეთსი” 1971 წლიდან მოყოლებული ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი დებიუტანტი გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობის მატჩში ლიგის მოქმედი ჩემპიონის დამარცხება მოახერხა. შარლოტელმა “ფოცხვერებმა” “დეტროიტ პისტონზს” საკუთარ მოედანზე 91:89 სძლიეს.

2004 - შოტლანდიელმა სპეციალისტმა სერ ალექს ფერგიუსონმა 1000-ე მატჩი ჩაატარა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის რანგში. იმ დღეს მანკუნიანელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “ლიონს” 2:1 მოუგეს.

2006 - ფიფამ ირანის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებსა და ამ ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა. ამისი მიზეზი ირანის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ქვეყნის ხელისუფლების ჩარევა გახდა.

2007 - მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ IAAF-მა ამერიკელ სპრინტერ ქალს მარიონ ჯონსს 2000 წლის სექტემბრიდან მოყოლებული მოპოვებული ყველა ტიტული ჩამოართვა. ჯონსს 2001 წელს მსოფლიოს პირველობაზე მოპოვებული მედლები ჩამოართვეს. ამის მიზეზი მისი აკრძალული პრეპარატების, სტეროიდების გამოყენებაში მხილება გახდა. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მერიონ ჯონსს ჰონორარის სახით მიღებული 700 ათასი დოლარის დაბრუნებაც მოსთხოვა.

2007 - ესტონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ტარომო რუუტლი დაინიშნა. ამ პოსტზე მან ვიგო იენსენი შეცვალა.

2008 - ჩოგბურთში დევისის თასის ფინალში რაფაელ ნადალის გარეშე მოასპარეზე ესპანეთმა არგენტინის დამარცხება შეძლო და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მესამედ დაეუფლა საპატიო პრიზს. მატჩი არგენტინის ქალაქ მარ დელ პლატაში ჩატარდა.

2008 - რაგბის საერთაშორისო კავშირმა ირბ-მ წლის საუკეთესო მოთამაშედ უელსელი შეინ უილიამსი დაასახელა.

2011 - APOEL პირველი კვიპროსული საფეხბურთო კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი ოფში გავიდა.

2013 - საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების სერია გამარჯვებით დაასრულა. “ბორჯღალოსნებმადღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამოას ნაკრებს უმასპინძლეს და მძიმე ბრძოლაში 16:15 დაამარცხეს. პირველი ტაიმში სტუმარებმა იძალეს: სამოელთა ორ ლელოსა და ერთ ზუსტ გარდასახვას, ქართველებმა მერაბ კვირიკაშვილის ორი საჯარიმოთი უპასუხეს – 6:12 ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

2013 - სანქტ პეტერბურგში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს მამაკაცთა შორის სპორტულ სამბოში ხალიჩაზე სამი ქართველი სპორტსმენი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში მან ბელარუსი ივან ანისკევიჩი დაამარცხა. 100 კილოგრამში ლაშა გურულს ჩემპიონის ტიტულამდე ფინალში რუსი ვიაჩესლავ მიხაილინის ძლევაღა დააკლდა და ვერცხლს დაეუფლა. კახა მამულაშვილი (74 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1878 - ჰოლკომ უორდი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1904 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი.

1894 - ტურუ პერსონი. შვედი მძლეოსანი. 100 მეტრზე გარბენში 1912 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1911 - ალფრედო ფონი. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი. მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონი. 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 23 მატჩი. მოგვიანებით წვრთნიდა “სამპდორიას”, “ინტერს”, “ბოლონიას”, “რომას”. ალფრედო ფონი 1985 წელს გარდაიცვალა.

1931 - ევგენი გრიშინი. რუსი მოციგურავე. გამოდიოდა 500, 1000 და 1500 მეტრ დისტანციებზე. 1956 და 1960 წლების ზამთრის ოლიმპიადების ჩემპიონი.

1933 - ჰეიეს ჯენკინსი. ამერიკელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1934 - ლუის ალან ჰოვარდი. ავსტრალიელი ჩოგბურთელი. 1953 და 1956 წლებში მოგებული აქვს უიმბლდონის ტურნირი.

1940 - გრეტა პეტერსონი. შვედი ველოსიპედისტი. 1968 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1951 - ბერნდ და იორგ ლანდვოიგტები. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნიჩბოსანი ტყუპი ძმები. 1976 წელს წყვილთა თანრიგში მოიპოვეს ოლიმპიადის ჩემპიონის ტიტული.

1956 - შეინ გოულდი. ავსტრალიელი მოცურავე. 1972 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს სამი მედალი.

1965 - როდიონ გატაულინი. უზბეკი მძლეოსანი. სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1974 - მალიკ როუზი. “სან ანტონიო სპერზის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (201 სმ, 115 კგ).

1979 - ნიჰათ კავეჩი. თურქეთის ნაკრების, “ბეშიქთაშის”, “რეალ სოსიედადის”, “ვილიარეალის” ფორვარდი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 2003 წლის კონფედერაციათა თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. თურქეთის ნაკრებში ჩაატარა 62 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. 2003 და 2008 წლებში “რეალ სოსიედადისა” და “ვილიარეალის” რიგებში მოიპოვა ესპანური პრიმერა დივიზიონის ვერცხლის მედლები.

1982 - ასაფა პაუელი. იამაიკელი სპრინტერი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით გარბენში. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში. მსოფლიოს 2007 და 2009 წლების პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი 100 მეტრზე რბენაში. ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი 100 მეტრზე რბენაში, რომლებიც პაუელის თანამემამულე უსეინ ბოლტმა გააუმჯობესა. ასაფა პაუელმა 100 მეტრიანი დისტანცია 10 წამზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტჯერ, 78-ჯერ გაირბინა.

0.119053