ისტორია

9:54 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

22 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1967 – დაიბადა ბორის ბეკერი. გერმანელი ჩოგბურთელი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე. 1985, 1986 და 1989 წლებში გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. 1991 და 1996 წლებში გაიმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაზე, ხოლო 1989 წელს გახდა აშშ-ის ღია ჩემპიონატის ტრიუმფატორი. მოგებული აქვს სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ტურნირი. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 25 მილიონ 80 956 დოლარი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1917 - კანადაში ჰოკეის ხუთმა კლუბმა (“მონრეალ კანადიენსი”, “მონრეალ მარუნზი”, “ტორონტო არენასი”, “ოტავა სენატორზი”, “კვებეკ ბულდოგზი”) ჰოკეის ეროვნული ლიგა დააარსა. ამის შედეგად გაუქმდა ჰოკეის ეროვნული ასოციაცია.

1936 - ინგლისის ჩემპიონატის მატჩში “დარლინგტონმა” და “ჰარტლპულმა” 5:5 ითამაშეს. ამ მატჩში გოლები ცხრა ფეხბურთელმა გაიტანა.

1950 - 7 021-მა მაყურებელმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩი იხილა. “უეინ პისტონზმა” “მინეაპოლის ლეიკერსი” 19:18 დაამარცხა.

1953 - თბილისის “დინამომ” რუმინეთში საერთაშორისო ტურნეს მსვლელობისას, ბუქარესტში კკა-სთან 0:1 წააგო. “დინამო”: მარღანია, იურჩენკო, რუსაძე, ნ. გაგნიძე, მახარაძე, ანთაძე, ზაზროევი, კ. გაგნიძე, კალოევი, ღოღობერიძე, ჭკუასელი. გუნდს ბორის პაიჭაძე წვრთნიდა.

1956 - ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, სტარტი აიღო თანამედროვეობის მეთექვსმეტე ოლიმპიურმა თამაშებმა. მასში მონაწილეობა 67 ქვეყნის 3 178 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირის ნაკრები გავიდა (37 ოქრო, 29 ვერცხლი, 32 ბრინჯაო). მეორეზე აშშ-ის წარგზავნილები აღმოჩნდნენ (32, 25, 17), მესამე საფეხური კი ავსტრალიელმა ათლეტებმა დაიკავეს (13, 8, 14). ქართველთაგან ოლიმპიური ჩემპიონები გივი კარტოზია (კლაისკური ჭიდაობა) და მირიან ცალქალამანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ.

1956 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ბოსტონ სელტიკსის” მოთამაშე ბილ შერმანმა ზედიზედ 55-ე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.

1962 - ინგლისის ნაკრებმა ლონდონის “უემბლიზე” უელსის ეროვნული გუნდი 4:0 დაამარცხა. ინგლისელთა მთავარ მწვრთნელად მუშაობისას ეს იყო ბოლო შეხვედრა უოლტერ უინტერბოტომისათვის.

1965 - კასიუს კლეიმ (მუჰამედ ალი) სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ფლოიდ პატერსონი თორმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1968 - ბობი რობსონი ლონდონური “ფულემის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

1972 - “პიტსბურგ პინგვინზმა” ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩის 2 წუთსა და 7 წამში, 5 შაიბის გატანა მოახერხა, რითიც შედეგიანობის სისწრაფის რეკორდი დაამყარა.

1974 - “სტოკ სიტიმ” “ლესტერ სიტის” პიტერ შილტონის სანაცვლოდ 325 ათასი გირვანქა გადაუხადა. იმ მომენტისათვის ეს იყო გოლკიპერის ყველაზე დიდი სატრანსფერო თანხა.

1986 - მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ტრევორ ბერბიკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1986 - უეინ გრეცკი (“ედმონტონ ოილერზი”) ჰოკეის ეროვნული ლიგის მეცამეტე მოთამაშე გახდა, რომელმაც მე-500-ე შაიბის გატანა შეძლო.

1992 - გერმანელმა მოცურავე სანდრა ფოლკერმა 50 მეტრ გულაღმა ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (28.57).

2007 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტივ მაკლარენი გადააყენა.

2013 - „მარსელის“ 58 წლის დამრიგებელმა, ელი ბოპმა საფრანგეთის ლიგა ერთში გუნდს მეხუთასედ უთავკაცა. გუნდმა მთავარ მწვრთნელს საიუბილეო მატჩი 3 ქულის აღებით, ხოლო ანდრე პიერ ჟინიაკმა ძალიან ლამაზი გოლით მიულოცა. აიაჩო-მარსელი 1:3 (1:2)

2013 - ნორვეგიელმა მოჭადრაკემ მაგნუს კარლსენმა ინდოელ ვიშვანათან ანანდთან დაპირისპირების მე-10 პარტია 65-ე სვლაზე ყაიმით დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ჯამში, მეტოქეებს 12 პარტია უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა, ვინაიდან სკანდინავიელი დიდოსტატი 6.5:3.5 დაწინაურდა, გამარჯვებულიც ვადაზე ადრე გამოვლინდა. ამგვარად, კარლსენი მე-2 ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მას 30 ნოემბერს 23 წელი უსრულდება, შესაბამისად, მაგნუსმა ტიტული 22 წლის და 357 დღის ასაკში მოიპოვა. ამ მხრივ ლიდერი გარი კასპაროვია, რომელიც ჩემპიონი 1985 წელს 22 წლის და 21 დღის ასაკში, ანატოლი კარპოვთან პაექრობისას გახდა, მე-3 კი მიხაილ ტალი გახლავთ. მან მიზანს 1960 წელს უწია, როდესაც 1960 წელს მიხაილ ბოტვინიკის 23 წლისამ აჯობა.

2013 - 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრი ლევან ნახუცრიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ლევან ნახუცრიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარელი მარტინ ივანოვი დაამარცხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1899 - უესლი პორტი. ამერიკელი მფრინავი. 1931 წელს მან პირველად შემოუფრინა დედამიწას. უესლი პორტი ტრაგიკულად დაიღუპა 1935 წლის 31 ივლისს ალიასკაზე, როდესაც უილ როჯერსთან ერთად მორიგ ავიაგაფრენას ახოციელებდა.

1901 - ჟოზე ლეანდრო ანდრადე. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონი. დაასახელეს მუნდიალის სიმბოლურ ნაკრებში. 1924 და 1928 წლებში გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1923, 1924 და 1926 წლებში გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. საკლუბო კარიერისას გამოდიოდა ორ მონტევიდეურ გრანდში, “პენიაროლსა” და “ნასიონალში”, ასპარეზობა კი “არგენტინოს ხუნიორსში” დაასრულა. ანდრადე ურუგვაის ოთხგზის ჩემპიონია. 1994 წელს “ფრანს ფუტბოლმა” მსოფლიოს ჩემპიონატების საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში შეიყვანა. ანდრადე 1957 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. მოგვიანებით მისი ძეგლი მონტევიდეოს “სენტენარიოს” სტადიონზე დაადგეს.

1913 - ნიკოლაი ლატიშევი. საბჭოთა საფეხბურთო არბიტრი. იმსაჯა ჩილეს 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ბრაზილიისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებს შორის (სამხრეთამერიკელებმა 3:1 მოიგეს). საკავშირო პირველობების ასპარეზობებში იმსაჯა 205-ჯერ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

1925 - იოზეფ ბოჟიკი. ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელი. 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 100 მატჩი.

1928 - ჯუნო სტოვერ-ირვინი. ამერიკელი წყალში მხტომელი. 1956 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1928 - პეტ სმიტი. ინგლისელი ცხენოსანი. 1956 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

1935 - ლუდმილა ბელოუსოვა. საბჭოთა ციგურებით ფიგურული მოსრიალე. გამოდიოდა წყვილში ოლეგ პროტოპოპოვთან ერთად. 1964 და 1968 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის პირველობების მრავალგზის გამარჯვებული.

1943 - ბილი-ჯინ კინგი. ქალთა ჩოგბურთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. სხვადასხვა თანრიგში 20-ჯერ აქვს მოგებული უიმბლდონის ტურნირი (1968, 1972, 1973, 1975 წლებში ერთეულთა თანრიგში). 1971 და 1974 წლებში გახდა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი. ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა 1969 წელს, ხოლო 1972-ში კი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალური ორთაბრძოლა მოიგო. სხვადასხვა წლებში ამავე ტურნირების ფინალებშიც არაერთხელ იასპარეზა. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს მილიონ 966 487 დოლარი.

194 - ივან კურნუაიე. კანადელი ჰოკეისტი. 1972 წელს კანადის ნაკრების რიგებში მონაწილეობა მიიღო პირველ სუპერსერიაში საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ.

1955 - ჯეიმს ედვარდსი. “ჩიკაგო ბულზის” მეფარე. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. მონაწილეობა აქვს მიღებული NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1955 - სიუ ნოვარა-რებერი. ამერიკელი ველოსიპედისტი. სპრინტში 1975 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1967 - ბორის ბეკერი. გერმანელი ჩოგბურთელი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე. 1985, 1986 და 1989 წლებში გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. 1991 და 1996 წლებში გაიმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაზე, ხოლო 1989 წელს გახდა აშშ-ის ღია ჩემპიონატის ტრიუმფატორი. მოგებული აქვს სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ტურნირი. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 25 მილიონ 80 956 დოლარი.

1968 - ირინა პრივალოვა. რუსი მძლეოსანი. 1993 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 100, 200 და 400 მეტრზე რბენაში მოიპოვა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. 100 მეტრზე რბენაში ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

1969 - კატრინ კრაბე. ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი მძლეოსანი (სპრინტერი). 1991 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1973 - ბრენდონ პაულსენი. ამერიკელი მოჭიდავე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1976 - ტორსტენ ფრინგსი. გერმანიის საფეხბურთო ნაკრების, ბრემენის “ვერდერის”, დორტმუნდის “ბორუსიას”, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი. გერმანიის 2005 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 2006 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 79 მატჩი, გაიტანა 10 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1999 - ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებისა და “ფლამენგოს” ყოფილი მწვრთნელი ფლავიუ კოშტა.

0.1077