ფეხბურთი

19:25 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვარსკვლავები, რომელთაც “მადონინას” გემო ორივე გუნდის მაისურით გაუსინჯავთ

იტალიაში ფეხბურთი რომ ძალიან უყვართ, არახალია. განსაკუთრებული ინტერესით კი ტიფოზები რამდენიმე დაპირისპირებას ელიან. მათ შორისაა მილანური დერბი, დერბი “დელა მადონინა”. ისტორიაში “მილანისა” და “ინტერის” მაისური სხვადასხვა დროს ბევრ ცნობილ ფეხბურთელს მოურგია მეტ-ნაკლები წარმატებით. მათ შორის ისეთი ვარსკვლავებიც არიან, როგორებიცაა რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობერტო ბაჯო...

ბრაზილიელი რონალდო “ინტერში” 1997 წელს “ბარსელოდან” გადავიდა და მასიმო მორატის გუნდში 5 წელი დაჰყო. “კიჭამ” “ნერაძურის” რიგებში 68 თამაშში 48 გოლი გაიტანა. მოგვიანებით, რონალდომ “ინტერის” მოსისხლე მტერ “მილანშიც” მოასწრო ასპარეზობა, როცა 2007 წლის ზამთარში “როსონერიში” აღმოჩნდა, სადაც წელიწადნახევრის განმავლობაში 20 მატჩში 9-ჯერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ რონალდოს ტრავმიანობის ყველაზე ხშირი პერიოდი სწორედ მილანურ გუნდებში გატარებულ პერიოდს დაემთხვა.

ლეგენდარული რობერტო ბაჯო ის ფეხბურთელია, რომელიც თითქმის ყველა იტალიელს უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მას “მილანის” მაისურიც მოურგია და “ინტერისიც”. ბაჯო “შავ-წითლებში” 1995 წელს “იუვენტუსიდან” გადავიდა და კლუბში 2 წელი დაჰყო, 51 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო. ბაჯომ “ინტერშიც” 2 წელი იასპარეზა 1998-2000 წლებში (41 თამაში-12 გოლი)

იტალიელი მაესტრო, ანუ იგივე ანდრეა პირლო “ინტერმა” ვერ შეიშნო, სამაგიეროდ პირლოს ბრწინვალება “მილანში კარგად წარმოჩინდა. “შავ-ლურჯებში” პირლომ 22 შეხვედრაში გატანა ვერ შეძლო, “მილანში” კი 284 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, რომელიც “როსონერის” რიგებში ბევრად კარგად ათამაშდა, ვიდრე “ინტერში”, ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფია. “ზეემ” “ინტერში” 2000-2002 წლებში 64 თამაშში 8 გოლი შეაგდო, ხოლო მილანის მეორე კლუბის მაისურით 2002-2012 წლებში 47 გოლის გატანა 300 შეხვედრაში მოახერხა.

არგენტინელმა ერნან კრესპომ ჯერ “ინტერში”, შემდეგ “მილანში”, მერე კი ისევ “ინტერში იასპარეზა. კრესპომ “მილანის” შემადგენლობაში მხოლოდ ერთი (2004-2005) წლების სეზონი დაჰყო, თუმცა გულშემატკივართათვის თავის დამახსოვრება არ გასჭირვებია (28 თამაში, 11 გოლი), ხოლო “ინტერში” ჯამში გატარებული 4 წლის განმავლობაში 81 თამაშში 27-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავი ორივე გუნდის ქომაგებს საკმაოდ მოკლე პერიოდში შეაყვარა. იბრამ “ინტერს” 2006-2009 წლებში ულიდერა და 88 მატჩში 57 გოლი გაიტანა, ხოლო “როსონერიში” 2010-2012 წლებში 61 თამაში ჩაატარა და 42 გოლის გატანა მოახერხა.

ცნობილი იტალიელი ფორვარდი კრისტიან ვიერი გამოირჩეოდა კლუბების ხშირი ცვლით, თუმცა მან მოახერხა და “ინტერის” მაისურით სრული 6 სეზონი ჩაატარა (1999-2005) და 143 შეხვედრაში 103 გოლი გაიტანა. მექალთანე ბობომ “ინტერის” შავ-ლურჯი მაისური 2005 წლის ზაფხულში “მილანის” შავ-წითელ მაისურზე გაცვალა, თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება მცდარი აღმოჩნდა. მან “როსონერიში” მხოლოდ 6 თვე დაჰყო და 8 ჩატარებულ მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა.

მარიო ბალოტელი ბოლოა იმ ცნობილ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც ორივე მილანურ გუნდში მოასწრეს თამაში. ბალომ კარიერა “ინტერში” დაიწყო და 2007-2010 წლებში 59 შეხვედრაში 20 გოლი შეაგდო, ხოლო უკვე 2013-2014 წლებში (იგულისხმება 2012-2013 წლების სეზონის მეორე ნახევარიც) “მილანის” შემადგენლობაში 26 გოლი 43 შეხვედრაში გაიტანა.

დერბი “დელა მადონინა” კვირას, 23 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება. მიუხედავად ორივე მილანური გრანდში არსებული პრობლემებისა, გულშემატკივრებს ეს შეხვედრა გულგრილს სავარაუდოდ მაინც არ დატოვებს.

  • ჩატარებული თამაშების და გატანილი გოლების რაოდენობა დათვლილია იტალიის სერია A-ს შედეგების მიხედვით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.18625