ფეხბურთი

15:57 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

არჩევნების თარიღი უცნობია, პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი სამია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ აქედან იგრძნობა, რომ საინტერესო მოვლენები გველის. ამჟამინდელ პრეზიდენტს დომენტი სიჭინავას მოღვაწეობის ვადა 2015 წლის 22 იანვარს ეწურება, მაგრამ ფედერაციის წესდების თანახმად, რომელიც ფიფასთან და უეფასთანაა შესაბამისობაში, არჩევნების დანიშვნა 2015 წლის ბოლომდე შეუძლია.

დიდი ალბათობით, არჩევნები 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში გასამართი უეფას ევროპის სუპერთასის შემდეგ ჩატარდება. ზოგი სექტემბერს ასახელებს, ზოგი ნოემბერს, ფაქტია, რომ 31 დეკემბრამდე ვადაა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტობა ფედერაციის გენმდივანს რეზო არველაძეს, ორგანიზაცია “ჩვენი ფეხბურთის” ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავკაცს ვლადიმერ გუცაევს სურდათ. ორშაბათს, თავისი პოზიცია ღიად ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა ლევან კობიაშვილმაც დააფიქსირა. თუ მანამდე კულუარებში საუბრობდნენ “კობის” სავარაუდო გაპრეზიდენტების თაობაზე, ამჯერად თავად მან თქვა, რომ სფფ-ს თავკაცის თანამდებობისთვის იბრძოლებს.

ამჟამად, კობიაშვილი მენეჯერად მუშაობს ბერლინის “ჰერტაში”, სადაც შარშან კარიერა დაასრულა. ბერლინელთა საფეხბურთო აკადემიაში ის ბავშვთა ფეხბურთის ერთ-ერთი კურატორია. კობიაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ჩაუტარებია. მას გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში 350-ზე მეტი მატჩია უთამაშია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჰეთ-თრიქი შეუსრულებია. მსგავსი შედეგი ქართველებიდან მანამდე არც არავის ჰქონია და შორეულ პერსპექტივაშიც ნაკლებად სჩანს ვინმემ გაიმეოროს. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში კობიაშვილი სკანდალში არასოდეს გახვეულა და როგორც იტყვიან, “სუფთა კაცის” რეპუტაცია აქვს. დასამალი არავისთვისაა მისი მეგობრობა კახა კალაძესთან, რომლის გვერდით 2014 წლის თვითმართველობის არჩევნების დროს იდგა. თავის მხრივ, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერიც აღიარებს, რომ “კობის” მხარს უჭერს.

ასევე ცნობილია ყაველაშვილისა და სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის მეგობრობის ამბავი, რომელთაც თავის დროზე “ჩვენი ფეხბურთი” ერთად დააფუძნეს. თუ კობიაშვილმა თავისი სურვილი ღიად ორშაბათს დააფიქსირა, ყაველაშვილი წლებია ამბობს, რომ ფედერაციის სათავეში მოსვლა უნდა.

რეზო არველაძე 10 წელზე მეტია ფედერაციაში მუშაობს. ჯერ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი და ახლა გენერალური მდივანია. ერთი სიტყვით, შიდა სამზზარეულო კარგად იცის და ფედერაციის სუბიექტების მხარდაჭერის იმედიც აქვს.

მოკლედ, კანდიდატებია არცთუ ცოტაა და ბუნებრივია, ეს ვითარება სჯობს ბოლო 2 არჩევნებისას შექმნილ მდგომარეობას, როდესაც ერთადერთი კანდიდატი იყო და კენჭისყრის შედეგის გამოცნობაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. უმჯობესი იქნება, თუკი სხვებიც მოისურვებენ ფედერაციის პრეზიდენტობას. მთავარია, ადრინდელივით “ზემოდან” ჩარევა არ იყოს და ვისაც მხარს მეტი ამომრჩეველი დაუჭერს, გაიმარჯვოს.

სამწუხაროდ, კვლავ ვერ ვუვლით გვერდს იმ ფაქტს, რომ ამა თუ იმ კანდიდატის “უკან” ხელისუფლება მოიაზრება. კარგი იქნება თუ საქმე “შიდასაოცნებო” გარჩევებამდე არ მივა. მითუმეტეს, ასეთ ვითარებაში კალაძის მხარდაჭერილ კანდიდატს უპირატესობა ნამდვილად აქვს. მთავარია, თითოეულმა წარმოადგინოს პროგრამა რის გაკეთებას აპირებს და აჩვენოს გუნდი, ვისთან ერთად გამარჯვების შემთხვევაში კრიზისიდან გამოსვლას შეეცდება. ასევე, თავი აარიდოს ქართულ “ბიძაშვილ-მამიდაშვილობას”, “არიქა შვილი დამისაქმე” და მხოლოდ მეგობრობით ვინმეს თანამდებობაზე დანიშვნას. კარგი იქნება თუ მომავალი პრეზიდენტი ფინანსურად ფეხზე მყარად იდგება და “თავის ჯიბეზე” არ იზრუნებს. საერთოდ, ფედერაცია და მისი საქმიანობა სახელმწიფოსგან რაც უფრო გაიმიჯნება, საუკეთესო ვარიანტია. ისეთი პრეცედენტი, რომ სახელმწიფოს ფეხბურთელთა ნაკრებების მწვრთნელების ხელფასი გადაეხადოს, საქართველოს გარდა სადმე თუ მომხდარა, ძნელად მოსაძებნია. ყველგან ფეხბურთის ფედერაციია პასუხისმგებელი ნაკრებებზე და ზოგადად რაც ფეხბურთს უკავშირდება. იმაზე ხომ ზედმეტია საუბარი, ფედერაცია კლუბებს აფინანსებდეს. სიჭინავას თქმით, ამ ფაქტმა უეფაც კი გააკვირვა.

იგივე სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული ფეხბურთის განვითარების პროგრამაც არსებული სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად ითვლება, თორემ ხსენებული უწყების საქმე ნამდვილად არაა, ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების დაფინანსებაზე იზრუნოს. სამინისტროს შეუძლია საკანონმდებლო დონეზე ინიციატივით შეუწყოს ხელი ფეხბურთის განვითარებას და მთავრობასთან იშუამდგომლოს.

სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის წინსვლისთვის კი, დიდი ბიძგი მუნიციპალიტეტების დონეზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება. თორემ, ხშირ შემთხვევაში საფეხბურთო კლუბისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები გაურკვეველი მიმართულებით იხარჯება, ხოლო გუნდს სათამაშო მინდორი და სავარჯიშოდ ელემენტარული პირობები არ აქვს.

თუ არველაძისა და ყაველაშვილის “გუნდები” მეტ-ნაკლებად ცნობილია, საინტერესოა ვის შემოიკრებს ირგვლივ კობიაშვილი და რამდენად პრინციპული იქნება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას. სუფთა რეპუტაცია კარგი სასტარტო პოზიციაა, მაგრამ არა გამარჯვების და მითუმეტეს, საქმის კარგად კეთების გარანტია. საინტერესოა, როდის ჩამოვა კობიაშვილი საქართველოში და რა პროგრამით წარსდგება ამომრჩევლების წინაშე.

ქართულ საფეხბურთო სპექტრს, რომელიც არჩევანის გაკეთების დროს ყოველთვის “სამთავრობო” კანდიდატის სასარგებლოდ იხრება, ახლა კარგად დაფიქრება მოუწევს მხარი ვის დაუჭიროს. უმეტესობა ხომ არჩევანს აკეთებს პრინციპით: “მე რას ვიხეირებ”.

მთავარია, გამარჯვებულმა არა ისინი, არამედ, ქართული ფეხბურთი ახეიროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115261