ბლოგი

11:14 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

როდემდე?!

ეს პატარა პროვინციული ქალაქი ყველა აქაურის სახლია. ყველანი ამ სახლის კედელში ჩამჯდარი ძველი, ნესტიანი აგურები არიან და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყავლიც გავიდა და ვეღარ დგანან ძველებურად მხნედ და ამაყად, მაინც ბევრ წელსა და ქარიშხალს გადააგორებენ. ისევე როგორც ამ სასაფლაოს ქვებს გადაუგორებიათ ათასი ქარიშხალი..

აი ახლა, როდესაც შენს საფლავთან ვდგავარ, ყველაზე კარგად მესმის რას ნიშნავს პატარა პროვინციული ქალაქის ერთადერთი საფეხბურთო კლუბის პატრიოტიზმი და იმასაც კარგად ვხვდები, რატომ არ გადახვედი სხვა უფრო წარმატებვულ და მრავლისშემძლე გუნდებში. შენ ეს ქალაქი გიყვარდა და ამ პატარა ქალაქის კიდევ უფრო პატარა კლუბი იყო შენი სახლიცა და კარიც, ოჯახიცა და ცხოვრებაც.

დღეს, როდესაც ქართული ფეხბურთი მძიმე დღეშია და კლუბების მწვრთნელებს კი არა, ნაკრების მესაჭეებსაც კი არა აქვთ დალხენილი ცხოვრება, ხშირად გაიგებთ, რომ დაბალი ხელფასები და არასასურველი პირობებია ჩვენი ფეხბურთის ვაების მიზეზი. მაგრამ შენ რაღა გქონდა? შენ განა იშოვე რამე? დღე და ღამე აქ, ამ ძველ, მინჯღრეულ საწვრთნელ ბაზაზე რომ ათენ-აღამებდი. მართლაც რომ, განა ფულია ყველაფერი...

ამასწინათ ერთ ძველ, საბჭოთა კავშირის დროს გამომავალ კიდევ ერთ გაზეთში ამოვიკითხე შენი სახელი. სულ პატარა სტატია იყო, სადაც ვინმე გ.პ. წერდა, რომ შენი გაწვრთნილი გუნდი დისციპლინით და რეჟიმის დაცვით გამოირჩეოდა. და ვისი დამსახურება იყო ეს? შენ თვითონ იყავი მაგალითი პატარა ბიჭებისა, რომლებიც კარგი პირობების გამო გამუდმებით დიდ და ცნობილ კლუბებში გარბოდნენ და ყოველი სეზონის დასაწყისში ფაქტობრივად ახალი გუნდის შეკრება გიწევდა.

შენ კარიერა არ ყოფილა ტიტულმრავლობით გამორჩეული და შეიძლება შენს მიერ გაწვრთნილი გუნდების გამარჯვების გრაფაში არც ისეთი შთამბეჭდავი ქულები ეწერა, მაგრამ მაინც ბევრ სასწაულს ახერხებდი მაშინ, როდესაც სხვები აუცილებლად ჩაიქნევდნენ ხელს, რადგან სხვა კლუბების გაფუფუნების ფონზე აბა რამდენი ხანი შეიძლება იყო ასე უსასოოდ და მარტოსულად? თან ეს ყველაფერი ხომ საბჭოეთის დროს ხდებოდა. იძახიან – მაშინ ჩვენს ფეხბურთში ბლომად ფული ტრიალებდაო. “ლევად” ვინ რას ატრიალებდა არ ვიცი, მაგრამ შენ ყველაზე კარგად მოგეხსენება, რომ ქართულ ფეხბურთში ოფიციალურად და კანონიერად დიდი ფული არასოდეს ჩადებულა. კარგია ეს თუ ცუდი? ვინ იცის...

პატიოსანი კაცის შესახებ ქართველებმა დიდი ზღაპრების, მოგონებების და მითების შეთხზვა ვიცით ხოლმე და ეს რასაკვირველია მავანთა გარდაცვალების შემდეგ ხდება. ცოცხალ და თავის საქმეში ცხვირჩარგულ პატიოსან კაცს ხშირად დასციანიან კიდეც, რადგან ასეთი ადამიანები როგორც წესი ამოვარდნილი არიან საზოგადოების “წესებიდან”, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიქმნა და ძველი, კორუფციულ-ნათესაური ურთიერთობები მედროვეებისა და არაფრის მაქნისების ჭეშმარიტი თავშესაფარი გახდა. ახლა, შენს პატარა ქალაქში ვისაც კი არ უნდა ვკითხო, ყველა შეგაქებს, ყველა იტყვის, რომ ამაყობენ შენნაირი პატიოსანი და ნიჭიერი კაცის თანაქალაქელობით, მაგრამ ეს ეს ხდება მხოლოდ ახლა, როდესაც მშვიდად წევხარ და შენს თავსზემოთ, კენწეროგამხმარი ნაძვები შრიალებენ.

რატომ დავწერე ეს ყველაფერი და რატომ მოვიჯარე ეს ფიქრები ახლა ამ უცნაურ დღეს? გუშინ ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ჩემი შვილი ფეხბურთის მწვრთნელი რომ გახდეს, შეიძლება სახლში არ შევუშვაო. ამას რასაკვირველია ნახევრად ხუმრობით ამბობდა, მაგრამ დღეს, როდესაც საქართველოში მწვრთნელის ხელობა ასეა დაკნინებული, ყველაზე მეტად მინდა, რომ ერთი კითხვა დამესვა იმ პატიოსანი კაცისათვის და ეს კითხვა ალბათ მთავარი კითხვაა რაც ყველამ უნდა დავსვათ: - როდემდე?

0.111232