ფეხბურთი

12:36 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა პესოტო: ”რაც კი მინდორზე გამიკეთებია, “კალჩოპოლმა" ხაზი გადაუსვა”

2006 წლის 9 ივნისიდან მოყოლებული ერთი თვის განმავლობაში მთელი საფეხბურთო სამყაროს მთლიანი ყურადღება გერმანიის სტადიონებისკენ ჰქონდა გადატანილი, თუმცა, 27 ივნისს ისეთი რამ მოხდა, ლამის ყველას მუნდიალის მსვლელობა დაავიწყა და ტურინის ერთ-ერთ ჰოსპიტალს მიაჯაჭვა - ”იუვენტუსის” ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ჯანლუკა პესოტო კლუბის ოფისის სახურავზე ავიდა და ხელში ჩახუტებული ბიბლიით ქვევით გადახტა. პესოტოს ამ საქციელმა მილიონობით ადამიანი გაოგნებული დატოვა. ძალიან ძნელი ასახსნელი იყო, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი 36 წლის მდიდარმა და წარმატებულმა საფეხბურთო მოთამაშე-ჩინოვნიკმა. ყველა ერთხმად დეპრესიაზე ალაპარაკდა. ეს მოვლენა ხომ ვარსკვლავთათვისაც კი უცხო მოვლენა არაა. თავის დროზე დეპრესიას ”ბებერი ქალბატონის” წამყვანი ფეხბურთელები კრისტიან ვიერი და ჯანლუიჯი ბუფონიც ებრძოდნენ, თუმცა, პესოტოსგან განსხვავებით, მოწოლილი კაეშანის გაქარვება მაინც მოახერხეს და საქმეც დეპრესიისთვის დამახასიათებელ ტრაგიკულ განვითარებამდე არ მისულა. 8 წელზე მეტი გვაშორებს ტურინელი გულშემატკივრებისთვის იმ ავადმოსაგონარ დღეს. სადღეისოდ ტურინის “იუვენტუსის” ჭაბუკთა აკადემიის სპორტული დირექტორი ჯანლუკა პესოტო პოპულარული იტალიური გამოცემა ”სტამპას” კორესპონდენტს მისთვის მეტად საჭირბოროტო საკითხზე დაელაპარაკა.

პესოტოსა და ჟურნალისტის დიალოგამდე კი ორიოდე სიტყვით ჯანლუკაზე მოგითხრობთ. 44 წლის ”პესოტინო” ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. იგი ყოველთვის სრული პასუხისმგებლობით უდგება მასზე მინდობილ საქმეს, აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში და ბუცების ლურსმანზე დაკიდების შემდეგაც პესოტო ქარიზმატული ლიდერია, რომელსაც პარტნიორების აყოლიება და საერთო საქმის სასარგებლოდ დარაზმვა ხელეწიფება. პესოტო განათლებული პიროვნებაა და მოსაუბრის ”თავის ჭკუაზე” გადაყვანის ხელოვნებითაცაა დაჯილდოებული. ფეხბურთელობისას მან რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, 1995-ში კი ტურინის ”დელე ალპიზე” მივიდა და პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ტიტულოვან ”იუვენტუსთან” ერთად უამრავი ჯილდო დაიმსახურა - ჯანლუკა პესოტო იტალიის ოთხგზის ჩემპიონია, ამდენჯერვე ფლობდა ქვეყნის სუპერთასს, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი აქვს მოგებული. ”სკუადრა აძურას” რიგებში გამოსვლისას პესოტომ 2000 წელს ევროპის პირველობის ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

- სინიორ ჯანლუკა, მაინც რა მოხდა 2006 წლის 27 ივნისს?

- თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში პროფესიონალი ფეხბურთელი გახლდით. 2006 წლის სეზონის მიწურულს ”იუვეს” ძირითად შემადგენლობაში ადგილი თანდათან დავკარგე. ამასობაში აქტიური კარიერის დასრულების დროც მოვიდა. სამომავლო პერსპექტივამ ჩამაფიქრა, შინაგანად ავფორიაქდი, იქამდე ყოველთვის თავდაჯერებული ვიყავი, 2006-ის მაისიდან მოყოლებული კი საკუთარი თავისადმი რწმენაც დავკარგე და გარშემო მყოფ ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაც მიჭირდა. ”იუვენტუსმა” საკლუბო მენეჯერის პოსტის დაკავება შემომთავაზა. წინადადებას სიამოვნებით კი დავთანხმდი, მაგრამ მინდვრიდან ოფისის სავარძელში გადაჯდომა ფსიქოლოგიურად მაინც ურთულესი რამ აღმოჩნდა.

- შეუძლებელია თქვენზე იმ ზაფხულს იტალიურ ფეხბურთში მომხდარ სკანდალს, ”კალჩოპოლის” დამთრგუნველად არ ემოქმედა...

- თავიდან მეგონა, ეს ამბავი თანდათან ჩაწყნარდებოდა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი - ზაფხულის პირველი თვის დადგომასთან ერთად მოვლენები მილიონობით გულშემატკივარისთვის, ათეულობით მოთამაშისა და პირადად ჩემთვის ტრაგიკულად განვითარდა. ”კალჩოპოლმა” გამანადგურა. მან ყველაფერს გადაუსვა ხაზი, რაც კი წლების განმავლობაში საფეხბურთო მინდორზე გამიკეთებია. უმძიმესი დარტყმა მივიღე და ვერც კი ვხვდებოდი, რატომ გავიწირე ასე დაუნდობლად. თითქოს მთელი სამყარო ერთიანად თავზე დამემხო. თავი შეთქმულების მსხვერპლად წარმოვიდგინე. მეჩვენებოდა, რომ ისე მითვალთვალებდნენ, როგორც გარეწარსა და ბოროტმოქმედს. ნებისმიერი ადამიანი ეშმაკის მოციქულად ან ღვთისმშობლად მეჩვენებოდა. უძილობა დამჩემდა. მთელი ღამეები ლოგინში ვწრიალებდი, დილას კი დაღლილი, საშინელ ხასიათზე მყოფი ვდგებოდი ლოგინიდან. ერთხელაც სუპერმარკეტში მინერალური წყალი ვიყიდე. მომეჩვენა, თითქოს გაყიდველმა სპეციალურად ნარკოტიკით შეზავებული წყალი შემომაჩეჩა. ჩემს სახლთან დასაპატიმრებლად მოსული პოლიცია მელანდებოდა. გაცილებით უმჯობესი იქნებოდა, რომელიმე ახლობლისთვის გული გადამეშალა და საკუთარი განცდების თაობაზე მომეთხრო. სამწუხაროდ, ეს არ გავაკეთე, ვერც ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა შეამჩნიეს, უკიდურესად აფორიაქებული რომ ვიყავი. მხოლოდ ერთხელ შევხვდი ექიმ-ფსიქოლოგს, მაგრამ შემდეგ ”იუვეს” მენეჯერად დავიწყე მუშაობა და დასტაქართან დასალაპარაკებლად და ”გულის გადასაშლელად” დრო ვეღარ მოვიხელთე.

- თქვენს მსგავსად, მძიმე მდგომარეობაში ”იუვენტუსიც” იყო ჩავარდნილი...

- ჰამბურგში დაბანაკებულ ”სკუადრა აძურას” ჩავაკითხე. ჩვენს ნაკრებში ”იუვედან” ხუთი ფეხბურთელი იყო წაყვანილი მუნდიალზე. ვერც მათ და ვერც მარჩელო ლიპის საქმის არსი კარგად ვერ ავუხსენი. ბიჭებმაც და სინიორ მარჩელომაც მომდევნო მატჩისთვის მზადება მოიმიზეზეს და ჩემი სატკივარი გულთან ახლოს არ გაიკარეს. ოფისში დავბრუნდი, კარი ჩავკეტე და სინათლე გამოვრთე... გონზე მხოლოდ 9 დღის შემდეგ მოვედი...

- ამ 9 დღის განმავლობაში კომაში იყავით და ყველანი თქვენს გამოჯანმრთელებაზე ვლოცულობდით. 30 ივნისს მეოთხედფინალში ”სკუადრა აძურა” უკრაინას ეთამაშებოდა. მატჩის დაწყების წინ ჰამბურგის სტადიონის მინდორზე ჯანლუკა ძამბროტა და ფაბიო კანავარო გავიდნენ. მათ ხელში იტალიის დროშა ეკავათ, რომელსაც ეწერა: ”გვიყვარხარ, პესოტინო”...

- როდესაც ამ ამბავს მიყვებოდნენ, თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით მდიოდა. სახურავიდან ”თავისუფალი ვარდნით დაშვების” შემდეგ ”იუვეს” ერთ-ერთი ლეგენდის რობერტო ბეტეგას მანქანაზე დავცემულვარ და როგორც ექიმმა დონადიომ მითხრა, ლამის ყველა ძვალი დამტვრეული მქონდა და თავიდან ”ავუწყივარ”. როდესაც გონზე მოვედი და საკვები მივიღე, ფსიქიატრმა მითხრა, რაც შემემთხვა. თავიდან ვერც კი ვიჯერებდი, სახურავიდან სხვების ”დაუხმარებლად რომ ვისკუპე”. მომხდარი იმდენად მძიმედ განვიცადე, სამი დღე საჭმლის დანახვაც არ მსურდა. მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოვედი, შემდეგ კი ბიჭებმა მომინახულეს და გერმანიიდან ჩამოტანილი მსოფლიო თასი ჰოსპიტლის პალატაში შემომიტანეს. ძნელი მისახვედრი არაა, რა გრძნობა დამეუფლა იმ მომენტში...

0.276986