ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში, ქობულეთში ადგილობრივ “შუქურასა” და “დილას” მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ გორელები მომდევნო საშინაო სამ მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებდნენ.
თუმცა, “დილამ” ფედერაციის აღმასკომს სთხოვა, რომ თამაშების “თენგიზ ბურჯანაძე” გამართვის ნება დაერთოთ და საბოლოოდ, ამის უფლება მიიღო, მაგრამ ცარიელი ტრიბუნების თვალწინ ითამაშებენ. “დილას” ლუკა რაზმაძე 10 მატჩი ვერ დაეხმარება, ხოლო გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე 6 შეხვედრას გამოტოვებს.
შიდაქართლელთა მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. “მეტალურგის” თავკაცმა ვარლამ კილასონიამ 3-თამაშიანი დისკვალიფიკაცია უნდა მოიხადოს.
მატჩის დაწყებიდან 15 წუთი გასულიყო, რომ რუსთაველებმა თავის ნახევარზე დაცვის მარცხენა ფლანგზე ბურთი დაკარგეს და გიორგი სეთურიძის პასის მერე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ირაკლი მოდებაძემ თავით სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
ტაიმის შუაწელში მარჯვნიდან გიორგი ჯოხაძე გორელთა კართან ჩააწოდა და გიორგი სომხიშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო დამატებაზე მყოფმა დაჩი ცნობილაძემ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.
“დილას” ანგარიშის გათანაბრება მალე შეეძლო, როდესაც მარცხნიდან ლაშა ჯაფარიძის პასის შემდეგ, თავის საჯარიმოში სტუმართა მცველმა უხეიროდ ითამაშა და რომან ახალკაცის მიერ დარტყმული ბურთი გრიგოლ ბედიაშვილმა ფეხით მოიგერია.
ცოტა ხანში, თავად ახალკაცმა რუსთაველთა საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე მოდებაძე გაიყვანა, რომელსაც კარში ბურთი ფეხებში ვარდნით კოტე ხიზანეიშვილმა არ გადააგზავნინა.
ტაიმის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ მარცნიდან ნიკა კვეკვესკირმა კუთხური მოაწოდა და ბურთის დაუფლებას მოდებაძე ცდილობდა, მაგრამ იქვე შეტევაში ჩართული ცენტრალური მცველი გივი ქარქუზაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
ტაიმისთვის დამატებულ წუთზე, ახალკაცმა ბურთი საჯარიმოში კარგად “შეაყოლა” გუგა ფალავანდიშვილს, რომლის მეურვე ხიზანეიშვილი წაიქცა და გორელთა ნახევარმცველმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის მე-10 წუთზე, მარჯვნიდან სეთურიძემ პასი მეტოქის კარის შორეულ კუთხესთან გააკეთა, სადაც მყოფმა მოდებაძემ თავით დაარტყა და ბედიაშვილმა ბურთი მაშინ მოიგერია, როდესაც კარის ხაზი გადაკვეთილი ჰქონდა.
გორელების დაწინაურებიდან ცოტა ხანი გასულიყო, რომ რუსთაველთა დაცვა “ჩავარდა” და ბედიაშვილთან პირისპირ გასული ახალკაცი სტუმართა მეკარემ წააქცია, ხოლო მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად შეასრულა – 3:1.
მეორე ტაიმის შუაწელში კვეკვესკირმა მარცხნიდან “ჯარიმა” შეასრულა და მოდებაძემ ახლო მანძილიდან თავით დუბლის შესრულების კარგი შანსი გაუშვა.
გიორგი ალავერდაშვილი მოედანზე რამდენიმე წუთის შესული იყო, რომ “დილას” საჯარიმოში მარცხნიდან შუაში კარგად შეიწია, გზად ერთ მცველს გვერდი აუარა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 2:3.
თამაშის ბოლო წუთებში ტერიტორიული უპირატესობა “მეტალურგს” ჰქონდა, მაგრამ ქულა ვერ გადაარჩინა.
პრესკონფერენციაზე მილოვან მატიასევიჩმა, რომელსაც მწვრთნელის ასისტენტად “მეტალურგშიც” უმუშავია, განაცხადა, რომ “დილამ” ძალიან რთული მატჩი ჩაატარა: “ჩვენ გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ძალიან რთული თამაში გამოვიდა. “რუსთავი” კარგად გამოიყურებოდა. პირველი 15 წუთი ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ ანგარიში გავათანაბრეთ. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და 2 გოლი გავიტანეთ. ბოლო 15 წუთი ფსიქოლოგიურად მოვეშვით, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ”.
ზაზა გურიელიძე: “ქართულ ფეხბურთში ბევრი პრობლემაა და “მეტალურგსაც” აქვს პრობლემები. საკმაოდ სერიოზული თამაში გამოვიდა. ლამაზი ფეხბურთი და ბრძოლა იყო. ვალერი კილასონიას დამსახურებაა, რომ “მეტალურგი” ასეთ სპექტაკლებს დგამს. ამისთვის, მთელმა საქართველომ ვალერი კილასონიას მადლობა უნდა უთხრას.”
დილა (გორი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:2 (1:1)
1 ნოემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
დილა: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ადამაძე, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, სეთურიძე, კვეკვესკირი (ერისთავი, 84), ახალკაცი (სადაღაშვილი, 65), მოდებაძე (კ).
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: მილოვან მატიასევიჩი.
მეტალურგი: ბედიაშვილი (კ), ნარიმანიძე, ქავთარაძე, ცნობილაძე, ხუჭუა, ჯოხაძე, ტორონჯაძე (სიხარულიძე, 70), კოტე ხიზანეიშვილი (ალავერდაშვილი, 67), კაკაშვილი (ვასაძე, 62), ვარლამ კილასონია, კიტეიშვილი.
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: ზაზა გურიელიძე.
გოლი: 0:1 ცნობილაძე (20), 1:1 ქარქუზაშვილი (39), 2:1 მოდებაძე (56), 3:1 კვეკვესკირი (64), ალავერდაშვილი (75)
გაფრთხილებები: ბედიაშვილი (63)
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა






