რაგბი

18:59 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი ჩემპიონის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი სამკვირიანი პაუზის შემდეგ შაბათს სამი შეხვედრით განახლდება. კვირას მხოლოდ ერთი თამაშია, “ბათუმისა” და ქუთაისის “აიას” შეხვედრა კი გადაიდო და მოგვიანებით გაიმართება.

საქმე ისაა, რომ ქუთაისელებს 9 მორაგბე ჰყავთ მივლინებული საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 1 ნოემბერს ლისაბონში მასპინძელ პორტუგალიასთან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. დებულების თანახმად, თუ რომელიმე გუნდიდან ეროვნულ ან ასაკობრივ ნაკრებში 3-ზე მეტი მორაგბეა გამოძახებული, მას აქვს უფლება მატჩის გადადება ითხოვოს და ქუთაისელებმაც საქართველოს რაგბის კავშირში ოფიციალური წერილი აფრინეს. ბუნებრივია, რომ მათ ასეთი შეთხელებული შემადგენლობით ბათუმში სტუმრობა არ ისურვეს და პასუხიც დამაკმაყოფილებელი მიიღეს.

ოთხი შეხვედრიდან სამი თბილისის “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე გაიმართება, მეოთხეს კი რუსთავი უმასპინძლებს და ჩემპიონატიც სწორედ აქ განახლდება. 1 ნოემბერს, 15 საათზე, “ხარები” თბილისის “ჯიქებს” მასპინძლობს და და რომ არა მოქმედი ჩემპიონისა და ლიდერის დაპირისპირება, ის უთუოდ იქნებოდა ტურის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. და მაინც, მე-7 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა სწორედ “ხარებისა” და “ჯიქების” დაპირისპირებაა.

ეს გუნდები მომავალ შეხვედრას მეორე-მეოთხე ადგილებზე ხვდებიან. რუსთაველებმა განვლილი ექვსი თამაშიდან 4 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ “ხარები” სწორედ მშობლიურ ქალაქში დამარცხდა და რაღა თქმა უნდა ახლა საკუთარი გულშემატკივრის განაწყებას მოერიდება. “ჯიქებმა” 3 თამაში მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2-ჯერ დამარცხდა, ამასთან, მეტოქეზე ერთით ნაკლები პრემიალური ქულა ჩაიწერა და მომავალ მეტოქეს 5 ქულით ჩამორჩება.

მართალია ჩემპიონატის განვლილმა ნაწილმა ერთგვარი პაუზებით ჩაიარა, მაგრამ ფაქტია, რომ “ჯიქებს” 31 აგვისტოს შემდეგ, ანუ აგერ უკვე 2 თვეა თამაში აღარ წაუგია. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც “ჯიქებმა”, ასევე “ხარებმა”, ფრედ თამაში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “ლელო სარასენსთან” დაასრულა და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს გუნდების თანაბარ სიძლიერეზე. ეს ორივე გუნდი ძლიერია შერკინებაში და უპირატესობას ძირითად ამკომპონენტის ხარჯზე აღწევს, რაც რუსთაველ მაყურებელს უშეღავათო ბრძოლას პირდება. გასულ სეზონს თუ გადავხედავთ, უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მებრძოლმა “ხარებმა” ექვსეულში მოხვედრის მოსურნე “ჯიქებს” რუსთავში 22:17 მოუგო და საკუთარი მოედნის უპირატესობა, შესაძლოა, ამჯერადაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

შაბათს, 15:30 საათზე “ავჭალაზე” იწყება ჩემპიონ “ლელო სარასენსისა” და ლიდერ ბოლნისის “ყოჩების” საინტერესო დაპირისპირება. “ყოჩები” ის გუნდია, რომელიც ამ სეზონს უმაღლეს დონეზე ატარებს და ექვსივე განვლილ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ეს გამარჯვებები მუდამ ბრძოლის შედეგად დგებოდა და ახლაც მძიმე თამაში იქნება. “ლელო სარასენსმა” მხოლოდ სამჯერ იზეიმა გამარჯვება, ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა, რის შემდეგაც ის მოცემული მომენტისთვის 16 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება.

გარდა იმისა, რომ “ლელოს” მოგებით “ყოჩებთან” ჩამორჩენის შემცირება შეეძლება, მას დამატებითი მოტივაციაც უნდა ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ ბოლნისური კლუბი ერთადერთია, რომლის დამარცხებაც ჩემპიონმა გასულ სეზონში ვერ მოახერხა. გასული ჩემპიონატის გახსნით მატჩში, “ლელო” 35 წუთის შემდეგ 13:3 იგებდა, მაგრამ მერე ბოლნისელებმა გარდატეხის შეტანა შეძლეს და საბოლოოდ 32:13 იმარჯვეს. განმეორებითი მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ორივე გუნდიდან თითო-თითო მორაგბე წითლით, ხოლო კიდევ თითო-თითო ყვითელი ბარათით გააძევა. “ლელომ” თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო და მალევე 27:10 დაწინაურდა, მაგრამ მერე მოეშვა, დასკვნით 8 წუთში 3 ლელო გაუშვა და 27:29 დამარცხდა. შეხვედრაში გათამაშდა და აღორძინებული “სარბიელის სინი” და ის ახლა “ყოჩების” მფლობელობაშია. ისურვებს თუ არა “ლელო” მისი ბრძოლით დაბრუნებას ხვალ გამოჩნდება.

მოგვიანებით, 18 საათზე, ამავე სტადიონზე აუტსაიდერი “თიბიეს უნივერსიტეტი” სატურნირო ცხრილის მეზობლად მყოფ თბილისის “არმაზს” ეთამაშება. მეზობლობა პირობითია, თორემ არმაზელებს კონკურენტებზე ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ გამართული და 5 მატჩში 10 ქულას მოუყარეს თავი, მოწინავე ექვსეულს, რაც მათი მიზანია, მოცემული მომენტისთვის მხოლოდ ქულა აშორებს და აუტსაიდერთან პრემიალურით მოგებას ეცდება. “თიბიესს” უმაღლეს ლიგაში ჯერ თამაში არ მოუგია, აქამდე მხოლოდ 3 პრემიალური ქულის აღება მოახერხა და კონკურენტებს უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

კვირას, 2 ნოემბერს, 15:30 საათზე კიდევ ერთი თამაში იწყება, რომელში მონაწილე გუნდებსაც სატურნირო ცხრილში ერთმანეთთან მხოლოდ ერთი ადგილი აშორებთ. “ლოკომოტივი” 14 ქულით მე-5 პოზიციაზეა, მაგრამ მათ ერთი თამაში აქვთ გამოტოვებული და პოტენციურად მესამე საფეხურზე შეუძლია აღზევება. მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, “არმია” იბრძვის და ჯერჯერობით 10 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

გასულ ტურში არმიელთა შერკინებამ ლიდერი “ყოჩების” ფორვარდები მაგრად დაჩაგრა და ეს გუნდი გამარჯვებასაც იმსახურებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს დაშვებულორ შეცდომას ორი ლელო და უქულოდ დარჩენა მოყვა. გამორჩეული ფორვარდები ყავს “ლოკომოტივსაც” და ბრძოლა აქაც უშეღავათო იქნება. რკინიგზელებს კარგად უნდა ახსოვდეთ გასული ჩემპიონატის მცირე ფინალი, რომელშიც მათ “არმიამ” 48:17აჯობა და გადამწყვეტი მატჩისკენ გზა გადაუღობა. შედგება თუ არა რევანში, ეს უკვე კვირას “ავჭალაზე” გამოჩნდება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

VII ტური

1 ნოემბერი

რუსთავი. ახალი. 15:00 საათი

ხარები (რუსთავი) - ჯიქები (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 15:30 საათი

ლელო სარასენსი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

თბილისი. “ავჭალა”. 18:00 საათი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

2 ნოემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 15:30 საათი

არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი) გადაიდო

13/10 @ 19.30

სხვ

მ-წ*ფ

$

ბოლნისი ყოჩები

25

+70

6-0

1

ხარები რუსთავი

20

+53

4-1*1

2

ლელო სარასენს

16

+14

3-1*2

0

ჯიქი

15

-10

3-2*1

1

ლოკომოტივი

14

+16

3-2

2

აია ქუთაისი

11

-19

2-4

3

არმია

10

-43

2-4

2

არმაზი

10

-4

2-3

2

ბათუმი

10

-19

2-4

2

თიბიეს უნივერს’

3

-58

0-6

3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113899