ფეხბურთი

18:16 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტყებუჩავასთვის ყველაფერი ლოგიკურად “დაჯდა”

ორივე გუნდმა ელიტ რაუნდის საგზური მეორე ტურში გაინაღდა და ახლა მხოლოდ ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა იყო გასარკვევი. პოლონელებმა ზედიზედ მესამე მატჩი ისე მოიგეს, რომ გოლი არ გაუშვიათ, ხოლო საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე მეორე ადგილიდან გავიდა. ქართველი 17-წლამდელების მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა, ვინაიდან ესტონეთთან შეხვედრაში გააძევეს. გუნდს კი, მისი თანაშემწე გიორგი ნემსაძე ხელმძღვანელობდა.

მატჩის დასაწყისში პოლონელებმა მარჯვნიდან კუთხური მოაწოდეს და საქართველოს ნაკრებში შექმნილი არეულობის მერე, შეტევაში ჩართულმა ერნესტ ძიეკიოლმა ახლო მანძილიდან “ჭვინტით” დაარტყა, მაგრამ ლევან ისიანმა ბურთი ხელებში შეიმაგრა. ცოტა ხანში, გიორგი არაბიძე ერთ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად შეუტია. მალევე, პრჟემისლავ მისტკოვსკიმ საჯარიმოს მისადგომებიდან “გაისროლა” და ისიანმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ტაიმის შუაწელში პოლონელთა ელვისებური კონტრშეტევის დროს, ჰუბერტ ადამჩიკმა პასი კამილ იოჟვიაკს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ტურნირის მასპინძელთა საჯარიმოში დომინიკ პრუსიჩეკი მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელმა ასევე ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ პოლონელებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს და ქართველებმა ბურთი ვერ “ამოიტანეს”, ხოლო კამილ იოჟვიაკის ახლოდან დარტყმის მერე, მასპინძლები გოლის გაშვებისგან ისიანმა იხსნა.

ამ ეპიზოდიდან 10 წუთში, ვატო არველაძემ “ჯარიმა” დაარტყა და ჟინელმა ბურთი მუშტებით მოიგერია, რასაც ნიკა ნინუას არაზუსტი “მაკრატელა” მოჰყვა.

მეორე ტაიმის დასრულებამდე დიდი დრო არ დარჩენილიყო, რომ არველაძემ საშუალო მანძილიდან დაარტყა და ჟინელმა ბურთი უპრობლემოდ დაიჭირა. მატჩის მიწურულს, პაველა კაჩმარჩიკის დარტყმის მერე, ბურთი კარს გადასცდა. ისიანმა ბურთი თამაშში ძალიან ცუდად შეიყვანა და პოლონელ ფორვარდს “ჩააბარა”, რომელმაც საჩუქრით ვერ ისარგებლა.

დამატებითი დროის ბოლო წუთზე არაბიძეს პოლონელთა საჯარიმოს თითქმის ხაზთან დანიშნული ჯარიმიდან თანაფარდობის აღდგენის შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

ელიტ რაუნდის კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში 3 დეკემბერს გაიმართება და მომავალ მეტოქეებს 19-წლამდელების მსგავსად, 17-წლამდელებიც შეიტყობენ.

გოჩა ტყებუჩავა: “მეგონა, დღეს უფრო ცუდად ვითამაშებდით და მეტოქე უფრო “მაგრად” ითამაშებდა. მე ვფიქრობ ბიჭებმა ნორმალურად ითამაშეს. შეგვეძლო არ წაგვეგო. პოლონეთის ნაკრები სხვა თამაშებში უფრო ძლიერად გამოიყურებოდა. მეკარე შევცვალეთ, ბულუხაძე მარჯვენა მცველად დავაყენეთ და ვერ ვიტყვი, რომ კარგად ითამაშა. მარჯვენა მცველის, საყრდენი ნახევარმცველისა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გვიჭირს. ერთადერთი ვინც აქტიურობდა არაბიძე იყო, რომელიც ზოგჯერ ზედმეტს აკეთებდა და გასახდელში ამის შესახებ ვესაუბრე. ლეჟავას და ნინუას დაღლილობა ეტყობოდათ. რაც შეეხება მთლიანად ტურნირს, მადლობა უფალს რომ გავედით. ჩვენთვის ეს უმთავრესი იყო. ყველაფერი ლოგიკურად “დაჯდა” - პოლონეთი პირველ ადგილზე გავიდა, ჩვენ – მეორეზე. მინსკიდან მოწვევა მივიღეთ და 17 იანვარს გავემგზავრებით ტურნირზე, რომელშიც რაც ამ ეტაპზე ვიცი უკრაინის, რუსეთის, იაპონიის და ბელგიის ნაკრებები მონაწილეობენ”.

საქართველო – პოლონეთი 0:1 (0:1)

31 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

საქართველო: ისიანი, ყურშავიშვილი (კ), ლოჩოშვილი, კობოური, ყურაშვილი (საღრიშვილი, 80+1), ნინუა, არველაძე, არაბიძე, ლეჟავა, ბულუხაძე (ბერძენაძე, 65), მუზაშვილი (ბუღრიძე, 54).

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: გიორგი ნემსაძე.

პოლონეთი: ჟინელი, ანჯიევსკი, ჰოლოვნია, ძიეკიოლი (კ), ვოჟდაკი, ბიელიკი, პრუსაჩიკი (ძიჩეკი, 69), იოჟვიაკი (კაჩმარჩიკი, 51), ადამჩიკი, ვოიტკოვსკი, მისტკოვსკი (ლისტკოვსკი, 65).

მთავარი მწვრთნელი: რობერტ ვოიციკი.

გოლი: 0:1 პრუსაჩეკი (19)

გაფრთხილებები: ყურშავიშვილი (51), მისტკოვსკი (51), ყურაშვილი (55), ძიჩეკი (71), ვოჟდაკი (80+4)

მთავარი მსაჯი: ცევან კრასტევი (ბულგარეთი).

1.

პოლონეთი U17

3

3

0

0

9:0

9

2.

საქართველო U17

3

2

0

1

5:2

6

3.

ესტონეთი U17

3

1

0

2

3:6

3

4.

ლიხტენშტეინი U17

3

0

0

3

0:9

0

0.269069