რაგბი

13:34 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერთობლივი ვარჯიში ფიჯისთან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, ამავე სახელწოდების კლუბის ბაზაზე რამდენიმედღიანი შეკრება გაიარა, სამშობლოში დაბრუნებამდე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ერთობლივი ვარჯიში გამართა.

მომავალი შეხვედრებისთვის ფიჯელები ტულუზას მახლობლად, ბლაგნასში ემზადებიან. კუნძულელებს 8 ნოემბერს საფრანგეთთან უწევთ თამაში, ჩვენი ლეგიონერთა უმეტესობა კი, სწორედ ფრანგულ კლუბებში თამაშობს. ამავე დღეს საქართველოს ნაკრები თბილისში ფიჯელთა მეზობელ ტონგას ეთამაშება და ამრიგად, ერთობლივი ვარჯიში ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იყო.

ვარჯიში ერთ საათს გაგრძელდა და შერკინებისა და უკანა ხაზებმა ცალ-ცალკე ივარჯიშეს. მაშინ, როდესაც ფორვარდები შერკინებასა და დერეფნებში ვარჯიშობდნენ, უკანა ხაზი შეტევასა და დაცვაში იწაფებოდა. ფიჯელთა მთავარი მწვრთნელი ჯონ მაკკე ვარჯიშით კმაყოფილი დარჩა, მისი სიტყვები კი, ფიჯის რაგბის კავშირის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა:

“ძალიან სასარგებლოა შეხვედრა გვქონდა, რადგან ზეწოლის ქვეშ ნაკლოვანებები უკეთ გამოჩნდა და ახლა მათ გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. საქართველოს ნაკრებს ძლიერი შერკინება ყავს, კარგად თამაშობს დერეფანსა და მოლში და მათთან ვარჯიში ჩვენი ფორვარდებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რათა უკეთ მოვემზადოთ საფრანგეთთან მატჩისთვის”.

ტულუზაში გამართული შეკრება სწორედ ამ ვარჯიშით დასრულდა. ფრანგულ კლუბში მოთამაშე ის ლეგიონერები, რომლებიც ეროვნული გუნდის კანდიდატები არიან, თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ და შაბათ-კვირას გასამართ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო მეორე ნაწილი საქართველოში ბრუნდება. “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გაფართოებულ შემადგენლობას ამ დღეებში დაასახელებს, მომავალი კვირიდან კი, გუნდი “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება და ტონგასთან მატჩისთვის მოემზადება.

საქართველოსა და ტონგას ნაკრებების შეხვედრა 8 ნოემბერს “მიხეილ მესხზე”, 17 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია. შეგახსენებთ, რომ ტონგა “ბორჯღალოსანთა” მეტოქე 2015 წლის მსოფლიო თასზეც იქნება.

0.103005