ჭიდაობა

11:59 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ქართულ ჭიდაობაში ახალი სკანდალია. ამჯერად საქმე არა შიდა დაპირისპირებას, არამედ სპორტსმენის დოპინგზე ჩავარდნას ეხება. აკრძალული პრეპარატის კვალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსნის, ევროპის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ გენო პეტრიაშვილის სისხლში აღმოჩნდა და უკვე სანქციაც ცნობილია – 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.

ახალგაზრდებს შორის ყველა დიდი ტურნირის მომგებმა სპორტსმენმა საბედისწერო დოპინგ-ტესტი აგვისტოში, ზაგრებში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ჩააბარა და მის ორგანიზმში პრედუქტალის კვალი აღმოჩნდა.

პრედუქტალი ძლიერმოქმედ დოპინგთა ჯგუფში არ შედის და სპორტულ შედეგზე გავლენასაც ვერ ახდენს, მაგრამ უშუალოდ ჭიდაობის დღეს მისი მიღება მაინც აკრძალულია.

საქართველოს ნაკრები ხორვატიაში ექიმის გარეშე იყო ჩასული (რომელსაც რატომღაც ვიზა არ მისცეს) და გენო პეტრიაშვილის შეცდომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც ალბათ ესაა. თუკი ექიმი პრეპარატის მიღების ფაქტს სპეციალურ ანკეტაში დააფიქსირებდა, სავარაუდოდ დარღვევად აღარ ჩაითვლებოდა.

პეტრიაშვილი პრეპარატს ბოლო წლებში რეგულარულად იღებს, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ოსმა კრიმინალებმა გაიტაცეს და ოჯახს გამოსასყიდი თანხა მოსთხოვეს.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ფილას შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვნილი ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთებიც გაუგზავნა და სავარაუდოდ, დისციპლინარებმა საბოლოო სანქციის დაწესებისას ეს გაითვალისწინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტსმენს დამკვიდრებული წესის მიხედვით, 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიდნენ.

სანქცია ძალაში სექტემბრიდან შევიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113023