ბლოგი

11:22 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვედრება ლათინურად

ნუთუ ეს ის დიადი ქალაქია, რომლის კედლებსაც არაერთი ბარბაროსის შემოჭრისათვის გაუძლია? ნუთუ ეს ის ხალხია, რომლებიც გოთებს, ტევტონებსსა და ბარბაროსებს ყველგან ამარცხებდნენ სადაც კი წააწყდებოდნენ? ნუთუ ეს ის გუნდია, რომლის ლოგოზეც რომელუსისა და რემუსის გამზრდელი ძუ მგელია გამოსახული? მე მგონი ჩვენ მოგვატყუეს. ჩვენ არ გვჯერა ასეთი რეალობის!

ჰეი, როგორ ცინიკურად გესალმებიან დიადო ქალაქო ტევტონთა შთამომავლები “ბაიერნის“ ტომიდან. ახოვანნი, სწრაფნი, ძლიერნი, გაუტეხელნი, დაუნდობელნი და მტრის მარცხის მოყვარენი! ჰეი დიადო ქალაქო, შენ შეგცვლია ფერი და ნირი და შენს სულში შიშსა და ტკივილს დაუსადგურებია. გერმანელთა ახალი “შემოსევიდან“ ჯერ თვეც კი არ გასულა და მათ მიერ მოყენებული ახალ-ახალი იარები უფრო და უფრო ძალუმად გატყვია გულში. ეს ის ბრძოლა არაა, რომელსაც მიგაჩვია დრომ და ისტორიამ. ეს სხვა ბრძოლაა, სადაც 11 ტევტონთან შენი განთქმული და საუკეთესო ლეგიონი ვერას გახდა. უფრო მეტიც - მთელი ქალაქი სირცხვილის ცრემლით იცრემლება.

და განა რომის შვიდივე ბორცვი განიცდის გერმანელთა ახალ “შემოჭრას? განა ყველას ერთნაირად ჩაუცვამს ძაძები და თალხი? პირიქით - ლაციოელნი ბუკსა და ნაღარას სცემენ და სიხარულით პირი დაუფჩენიათ! ეს მათ ყველაზე მეტად გაუხარდათ. მარადიული ქალაქის შიგ გულისგულში “რომა“ დაეცა! თან ასე საზარლად დაეცა! დიდმა მარსმა უწყის ლაციოელთა რამდენი თაობა ოცნებობდა ამაზე!

იქ, სადაც ადრე ასეულები და ათასეულები ჩამწკრივებულიყვნენ და მძიმე ფარებს აბრახუნებდნენ ბრძოლაში წასვლის წინ. იქ, სადაც დიდი ტრიუმფები იმართებოდა და მრავალი გამარჯვება მოსავდა მხედართმთავრებს ძოწითა და ატლასით, დღეს ტევტონები ლუდის კასრებს დააგორებენ და რომელ ქუჩაზეც მოესურვებათ, იქ რწყულდებიან ლუდით, რომელიც რა დასამალია და მართლაც კარგისა აქვთ. გადის საათები, დღეები, კვირები და ზეიმი კვლავ გრძელდება.

მერე რა, რომ წარსულს ჩაბარდა დიადი ალირიხის, ანდა ოდოაკრის ხმალთა ლაპლაპი. ახლა გერმანელების გვარიანად სხვანი არიან და არც მათ აცვიათ ლურჯი ტუნიკები აბჯრის ქვემოდან. მათი “ხმლები“ კი დაშხოშიანად მოქნეული თავი და ფეხებია, რომლებმაც მრავალგზის შეარხიეს “რომას“ ბეჩავი მეკარის კარი და რომ მოენდომებინათ კიდევ მრავალგზის ჩაიდენდნენ იგივეს. თუმცა მეტი რაღა უნდა მოენდომებინათ? ერთ საღამოს შვიდჯერ აოხრება პატარა ამბავია?...

ჰოი ღმერთებო, სად იყავით მაშინ, როდესაც “რომას“ ფერადკანიანი ასმეთაური ჟერვინიუსი მთვრალი კოლხივით დაბორიალობდა და მალიმალ გთხოვდათ შველას? ან მაშინ სად იყავით, როდესაც გრეგორიელთა გალი მწვრთნელი მთელი ხმით ბღაოდა - ოღონდ ხელი მომემართოს და მეც ვირწმუნებ მარსისა და იუპიტერის ძალებსო?! განა ასე შეიძლება მიატოვოთ ბეჩავი შვილები? განა ცოტა მსხვერპლი შემოგწირეს დიადმა გენერლებმა ტოტიუსმა და დეროსიუსმა? ახლა მოსახდენი უკვე მომხდარია - რომი დაცემულია და “სტადიო ოლიმპიკო“ გლოვისა და ცრემლთათხევის ალაგადაა ქცეული.

მართალია ახლა ყველაფერი გვიანია - თხოვნაცა და აჯაც, მაგრამ უკვდავი ქალაქის მფარველო ციურნო ძალნი, ეგებ ახლა მაინც მოიღოთ მოწყალება, ჩაუსახლდეთ სულში “რომას“ ბეჩავთ და როდესაც გერმანიაში ჩავლენ, ეგებ მანდ მაინც არ აჭამოთ სირცხვილი. გამარჯვებას უკვე აღარავინ ჩივის. სირცხვილი ყველაზე დიდი უბედურებაა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122321