სხვა

2:50 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორბურთიანი მარცხი ტალინში

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო-2018-ის პირველ შესარჩევ მატჩში 26:28 დამარცხდა ტალინში, ესტონეთის ეროვნულ გუნდთან და 2 ნოემბერს იმავე მეტოქეს თბილისის სპორტის სასახლეში მიიღებს.

წაგების მიუხედავად, გუნდი მეორე ეტაპზე, პლეიოფში გასვლის კარგ შანსებს ინარჩუნებს. ამისათვის აუცილებელია ესტონეთის თბილისში 3 ბურთით დამარცხება და შემდეგ საკმარისი იქნება ორი მოგება ლუქსემბურგთან, ნებისმიერი ანგარიშით.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო. ძირითადად რევაზ ჭანტურიას ბრწყინვალე თამაშის წყალობით (6-დან 6 გოლი პირველ ტაიმში) მე-17 წუთისთვის 10:7 ვიგებდით და გვქონდა სხვაობის ოთხამდე აყვანის შანსიც. 23-ე წუთზე, როცა ანგარიში 11:9 იყო, ჭანტურიამ შვიდმეტრიანი შეაგდო (12:9), ესტონელი ლეესი კი ორწუთიანში წავიდა, მაგრამ თამაში სწორედ აქ “გაგვექცა”. ეს ორი წუთი ესტონეთმა 2:0 მოიგო, 2 ბურთიც დაამატა და 13:12 დაწინაურდა, ტაიმი კი 16:15 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში შოთა თევზაძემ ზედიზედ სამი დარტყმა მოიგერია, მათ შორის შვიდმეტრიანი და ერთი-ერთზე გასვლა, ანგარიშიც ორჯერ გათანაბრდა (16:16, 17:17), მაგრამ ეს იყო და ეს. მთელი დანარჩენი დრო ესტონეთი წინ იყო 2-3 გოლით. რამდენჯერმე მოგვეცა სხვაობის ერთ ბურთამდე დაყვანის შანსი, მაგრამ არცერთი ასეთი შეტევა გოლით არ დასრულებულა. ესტონეთი სირენამდე 3 წუთით ადრე 28:24 დაწინაურდა და ბოლოს ჭანტურიამ და გოგალაძემ სხვაობა ორამდე შეამცირეს – 26:28.

რის ხარჯზე მოგვიგო ესტონეთმა? გუნდური სტატისტიკის მიხედვით, თამაში თითქმის თანაბარი იყო (ესტონელებს შვიდით მეტი დარტყმა ჰქონდათ კარის მიმართულებით), მეკარე თევზაძემაც გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე – მისმა ესტონელმა კოლეგამ.

პასუხი იმალება ინდივიდუალურ სტატისტიკაში. საქართველოს ნაკრებმა სულ 9 ხელბურთელით ითამაშა, ხოლო ესტონელთაგან 9 კაცი მარტო გოლის ავტორი იყო. ჩვენი მძლავრი უკანა ხაზიდან თამაში მარტო ვლადიმერ რუსიას წაუვიდა (10 გოლი), ხოლო ჭანტურიამ 8 გოლი შეაგდო. სამაგიეროდ, უჩვეულოდ პასიური იყო წინა შესარჩევ ციკლში ნაკრების მთავარი ბომბარდირი რატი მსხვილიძე, რომელსაც მეტოქე აქტიურად კი ეთამაშებოდა, მაგრამ პერსონალურადაც არ აუყვანია.

31 ოქტომბერს, დილით ორივე გუნდი თბილისში იქნება და 2 ნოემბერს, სპორტის სასახლეში, მეორე მატჩს გამართავს.

29 ოქტომბერი. ტალინი. კალევი სპორდიჰალი, 550 მაყურებელი

ევრო 2018. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი. 2 ჯგუფი

ესტონეთი – საქართველო 28:26

ესტონეთი: ალექსეევი, ლოოკენე – მ. პინონენი 10 დარტყმა/5 გოლი, იარვე 11/5, როოსნა 5/4, იოჰანსონი 6/4 (2 წუთი), მიაგი 12/4, ლეესი 3/3 (2 წთ), ცელმინსი 1/1, ლეპი 2/1, ვოიკა 4/1, სლასტინოვსკი 1/0, მუუგა 2/0, პიარტი (2 წთ), სილასტე, ს. პინონენი.

მწვრთნელი: რეინ სუვი.

შეტევების ეფექტურობა 31%, დარტყმების ეფექტურობა 48%, შვიდმეტრიანები 2/1, გაძევება - 6 წთ.

საქართველო: თევზაძე (17 მოგერიება) – რუსია 18/10 (2 წთ), ჭანტურია 8/8, ჩიქოვანი 10/4 (4 წთ), გოგალაძე 2/2, დათუკაშვილი 4/1 (4 წთ), მსხვილიძე 5/1 (2 წთ), გვაზავა 1/0, გამზარდია 2/0 (ტორონჯაძე - გრიშიკაშვილი, ბეჟანიშვილი, ორჯონიკიძე).

მწვრთნელი: ირაკლი კეკელიძე.

შეტევების ეფექტურობა 31%, დარტყმების ეფექტურობა 52%, შვიდმეტრიანები 2/2, გაძევება - 12 წთ.

მსაჯები: ვაგიფ ალიევი, ალეკპერ აღაქიშიევი (აზერბაიჯანი).

დელეგატი: ტადას იანსონასი (ლიტვა).

2 ნოემბერი, 18:00. საქართველო – ესტონეთი

29 ან 30 აპრილი, 2015. საქართველო – ლუქსემბურგი

3 მაისი, 2015. ლუქსემბურგი – საქართველო

10 ივნისი, 2015. ლუქსემბურგი – ესტონეთი

13 ან 14 ივნისი, 2015. ესტონეთი – ლუქსემბურგი

www.geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110802