სხვა

23:37 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ თევზაძემ სპორტულ ფედერაციებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების (სპორტის, ადმინისტრაციული, იურიდიული, ანალიტიკური) წარმომადგენლებთან ერთად, სპორტული ფედერაციებისა და ასოციაციების, ასევე ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრების მიზანი გახლდათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორებიცაა – სპორტის პრიორიტეტული სახეობების განსაზღვრა, სპორტსმენებისა და მწვრთნელებისათვის, ასევე საექიმო პერსონალისათვის ყოველთვიური სტიპენდიების დასანიშნად შესაბამისი კრიტერიუმების დადგენა და ასევე სპორტის სფეროში ეროვნული (სახელმწიფო მიზნობრივი) პროგრამების შემუშავება.

შეხვედრები საგანგებოდ ამ საკითხებისათვის განსახილველად შექმნილი სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით, 24-28 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარდა. შეხვედრებში მონაწილეობა 27 სპორტული ფედერაციის, ასოციაციისა თუ კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

აღნიშნულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემის შემდეგ, სამინისტროს მხრიდან სპორტულ ფედერაციებს მათი შეხედულებების, ხედვების, წინადადებებისა თუ შენიშვნების წერილობითი სახით წარმოსადგენად ვადა 8 ნოემბრამდე მიეცათ. სამომავლოდ მუშაობა თემატური საკითხების მიხედვით კონკრეტულ თემებზე გაგრძელდება.

თამაზ თევზაძე: “საქართველოში სპორტის შემდგომი განვითარებისა და სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი ამოცანების რეალიზაციისათვის, მიზანშეწონილი იქნება სახელმწიფომ (ამ შემთხვევაში სამინისტრომ) განსაზღვროს სპორტის პოლიტიკის ის ძირითადი პრინციპები და პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს სპორტის განვითარების ისეთი სახელმწიფო პროგრამის შექმნას, რომელიც აღიარებს და დაიცავს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტული ორგანიზაციების ავტონომიურობასა და კომპეტენციას სპორტის ორგანიზაციულ და მართვის საკითხებში. გამომდინარე ამ უკანასკნელთა წესდებებიდან და დებულებებიდან.

სპორტში სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა საზოგადოებისათვის პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა, ორგანიზაციულ-სტრუქტურული და მმართველობის დემოკრატიული პირობების შექმნა და კანონმდებლობის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი წარმართვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკითხების გადაჭრისას სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტულმა ფედერაციებმა ურთიერთსოლიდარობის პრინციპების დაცვით იხელმძღვანელონ”.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11337