კალათბურთი

20:07 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ კოხრეიძე: “ჩემპიონობის ჯერიც დადგა”

საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან სულ ორმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა “რუსთავმა” და ქვეყნის ვიცე ჩემპიონმა, თასისა და სუპერთასის მფლობელმა “ქუთაისი 2010”-მა გაიარეს შეკრება. ქვემოქართლელები ბათუმში, ხოლო იმერლები თურქეთის ქალაქ უნიეში იმყოფებოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გულშემატკივრებს სულაც არ გაკვირვებიათ, რომ ორივე მათგანმა ახალი სეზონი კარგად დაიწყო.

გთავაზობთ ინტერვიუს “ქუთაისი 2010”-ის მთავარ მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძესთან, რომლის მიერ მომზადებულმა გუნდმა 24-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის პირველ ტურში პერსპექტიული კალათბურთელებით დაკომპლექტებულ “ოლიმპს” მოუგო:

- თურქული შეკრებით დავიწყოთ, კმაყოფილი დარჩით?

- თურქეთის პატარა ლამაზ ქალაქ უნიეში, რომელიც სამსუნთან ახლოს მდებარეობს, 12 დღიანი შეკრება გავიარეთ. ძალიან კარგი პირობები გვქონდა. დილით მსუბუქად ვვარჯიშობდით, ძირითად საწვრთნელ პროცესს კი შუადღით და საღამოთი ვატარებდით. მეც და შეკრების ყველა მონაწილე კმაყოფილი დავრჩით. სამი საკონტროლო მატჩი გავმართეთ თურქეთის დაბალი ლიგის გუნდებთან და სამივე მოვიგეთ. ანგარიშები აღარც მახსოვს, რადგან ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი გუნდის შეთამაშებაა.

რა შემადგენლობით იყავით თურქეთში?

თურქეთში 11 კალათბურთელი გვყავდა წაყვანილი: ზაურ ფაშაევი, ლევან გრძელიძე, ვახტანგ ქადარია, ბუბა კვიმსაძე, გიორგი ცირეკიძე, დავით ბარბაქაძე, ავთანდილ ლომინაშვილი, გიორგი ბარბაქაძე, ანატოლი ბოისა, ბექა ბექაური და ახალგაზრდა კალათბურთელი რატი ნუცუბიძე. ჯერჯერობით, სავიზო პრობლემების გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს გუნდის სენეგალელი ლეგიონერი ცენტრალური თავდამსხმელი აბდულა ნდოე.

- როდის შეუერთდება გუნდს ნდოე?

- სავიზო პრობლემების მოგვარების შემდეგ.

- თქვენი გუნდი მეორე ლეგიონრის დამატებასაც აპირებდა ...

- მეორე ლეგიონერის დამატებაზე პირველ წრეში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ყველაფერი სუპერლიგის მონაწილე სხვა გუნდების სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული.

- დუდუ დადიანის 2014-15 წლების მემორიალი რატომ გამოტოვეთ?

- მართალია ფინანსურად არ გვიჭირს, მაგრამ არც თავს გადაგვდის. რადგან შეკრება თურქეთში გავიარეთ, ფინანსების დაზოგვის მიზნით დადიანის მემორიალში მონაწილეობისაგან თავი შევიკავეთ.

- რა ხდება ქუთაისის სპორტის სასახლეში, როგორ მიმდინარეობს ლამინირებული იატაკის ხის პარკეტით შეცვლის პროცესი?

- როგორც იქნა დაადგა საშველი იატაკის რემონდის დაწყებას. არ ვაჩქარებ, მირჩევნია გვიან გაკეთდეს და ხარისხიანად.

- ქუთაისი-2010-ს რა გეგმები აქვს 2014-15 წლების სეზონში?

- ჩვენი გუნდის პირველი დიდი წარმატება დუდუ დადიანის მემორიალის მოგება იყო. შემდეგ ავიღეთ საქართველოს თასი და სუპერთასი. ახლა ჩემპიონობის ჯერი დადგა და ვნახოთ, ვეცდებით გულშემატკოვრებს იმედი არ გავუცრუოთ.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რომელ გუნდს თვლით ძირითად კონკურენტად?

- ახალი სეზონის დაწყების წინ სუპერლიგის მონაწილე გუნდებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. რადგან ჯერჯერობით არ ვიცი ვინ რა ფორმაშია, წინასწარ ვერ გეტყვით რომელი იქნება ის გუნდი, რომელსაც ოქროს მედლების მოპოვების სერიოზული პრეტენზია ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111642